"არასტუმართმოყვარეობა", ანუ დათუნია ჩრდილოეთში - კვირის პალიტრა

"არასტუმართმოყვარეობა", ანუ დათუნია ჩრდილოეთში

იამალზე, პოლარული მეტეოსადგურის დასახლებაში, მშიერი თეთრი დათვი ნაგვის სუნმა მიიზიდა. სანაგვე კონტეინერებში რომ ვერაფერი იპოვა, მტაცებელი საჭმლის საშოვნელად ადგილობრივების სახლებისკენ გაემართა, თუმცა ძაღლებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ისინი "ადამიანის საუკეთესო მეგობრები" არიან - ძალიან დიდი საშიშროების მიუხედავად, სამმა ძაღლმა იგი მიზანთან არ მიუშვა!

თეთრმა დათვმა, რომელიც ხმელეთზე მობინადრე მტაცებლებიდან ყველაზე დიდია (მისი წონა ტონას აღწევს) და თათის ერთი დარტყმით ნებისმიერი ძაღლის მოკვლა თავისუფლად შეუძლია, გააფთრებულ ძაღლებთან შებმას უკან დახევა ამჯობინა - არ შეშინებია, უბრალოდ, ნაპირზე წამოწვა გაგულისებული და დასახლებისკენ წასვლა აღარ უცდია. თეთრი დათვის თავდასხმის დროს ადგილობრივები საშიში გოლიათისგან თოფებით იცავენ ხოლმე თავს, თუმცა ამჯერად ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა. "მართალია, დათვს აღარ შევუწუხებივართ, მაგრამ ძალიან ნაწყენი შემოგვყურებდა", - განაცხადა ერთ-ერთმა მეტეოროლოგმა.