მაშველი არხი - კვირის პალიტრა

მაშველი არხი

ავსტრალიის პლაჟზე ზოლიანი ვეშაპების ერთ-ერთი სახეობის, კუზიანი ვეშაპის ნაშიერი გამოირიყა - ამ გიგანტური ძუძუმწოვრის "ლიფსიტა" 2 ტონაზე მეტს იწონის.პლაჟზე მაშინვე შეიკრიბა მოხალისეთა ჯგუფი "პატარას" გადასარჩენად და ოკეანეში დასაბრუნებლად. რამდენიმე ადამიანმა თქვა, - ოკეანეში დედა ვეშაპი და სხვა ნაშიერიც შევამჩნიეთ, რომლებიც სანაპიროსთან ტრიალებენ, აშკარაა, რომ თავისიანს დაეძებენო (ბიოლოგების ბოლო ვარაუდით, ვეშაპების გამორიყვის მთავარი მიზეზი გარემოს ძლიერი ელექტრომაგნიტური დაბინძურებაა, რის გამოც გიგანტები ორიენტაციას კარგავენ). კანის გამოშრობის თავიდან ასაცილებლად მოხალისეებმა პატარა ვეშაპს სველი ნაჭრები შემოახვიეს და მის გარშემო სასწრაფოდ ორმოც გათხარეს წყლით ასავსებად. სულ მალე კი პლაჟზე მაშველებიც გამოჩნდნენ და ექსკავატორით ოკეანემდე სახელდახელო არხი გაჭრეს, შემდეგ საერთო ძალისხმევით განწირული თანდათან ოკეანის ნაპირამდე მიიყვანეს. როგორც კი მშობლიურ გარემოში იგრძნო თავი, პატარა მაშინვე გამოცოცხლდა და კუდის რამდენიმე მოქნევით დაუბრუნდა ოკეანეს, სადაც თავისიანები ელოდნენ.