"ცოლის ფასი" - კვირის პალიტრა

"ცოლის ფასი"

ამ უჯიათი ლურჯი ფრინველისა ახალ გვინეაში პაპუასებსაც კი ეშინიათ. ეს მორბენალი "ჩიტი" საკუთარი ტერიტორიის ან შთამომავლობის დაცვისას მეტად ფიცხია და, ადგილობრივების მტკიცებით, ნიანგზე საშიშიც.მისი მძლავრი ფეხების თითები გრძელი, ხანჯალივით ბრჭყალებით არის აღჭურვილი. თანაც ეს 2 მ სიმაღლისა და 50 კგ წონის "სპრინტერი" 50 კმ/სთ სიჩქარით დარბის. სხვათა შორის, კაზუარის კვერცხი მწვანეა, ხოლო მის თავზე არსებული მეტად მკვრივი წანაზარდის დანიშნულება ბიოლოგებმა ჯერ ვერ ამოხსნეს. პაპუასები მის ბუმბულს სამკაულად იყენებენ, რომელიც მეტად ძვირად ფასობს. ასევე განსაკუთრებულ დელიკატესად ითვლება მისი ხორციც. ზრდასრული კაზუარის მონადირება მთელი ტომისთვის დღესასწაულად იქცევა ხოლმე. სწორედ ამიტომ მოზარდი კაზუარის დაჭერა და გაზრდა მომგებიანი კაპიტალდაბანდებაა - კუნძულის სიღრმეში მცხოვრები ტომები მასში ულაპარაკოდ ცვლიან 8 ღორს ან... ცოლს! სულ ცოტა, 1.000 დოლარს იხდის მსოფლიოს ნებისმიერი ზოოპარკიც.