"ბრიყვი" მონადირე და მსხვერპლი - კვირის პალიტრა

"ბრიყვი" მონადირე და მსხვერპლი

ავსტრალიის ცხოველთა ეროვნულ პარკ "პიკაპენის" ზედამხედველმა აუზში   მოცურავე "გორგალი" შეამჩნია. კაცი კარგა ხანს აკვირდებოდა უცნაურ გორგალს, მაგრამ ვერაფრით გაარკვია, რა უნდა ყოფილიყო და თანამშრომლებს დახმარება სთხოვა.

ცოტა ხანში გაირკვა, რომ "გორგალი"  ერთმანეთს გადაჭდობილი ორი "აბორიგენი" - შევარდენი და გველი იყო, რომლებსაც ზედამხედველმა  რომ იტყვიან  სულზე მიუსწრო...

საერთოდ, შევარდენი ჰაერში ნადირობს და მსხვერპლზე პიკირების დროს 340 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს - დაჯახებისას კი ჭანგებით განწირულ მსხვერპლს ფლეთს.

ამჯერად კი სამყაროს ყველაზე სწრაფმა არსებამ აუზთან "საღ-სალამათი" გველის მირთმევა განიზრახა, ჭანგები მოსდო და... კინაღამ თავი წააგო - გველმა პირი ცალ ბარკალში ჩაავლო, კუდით კი ყელზე შემოეხვია. ეს ორთაბრძოლა  უეჭველად შევარდნის დახრჩობით დამთავრდებოდა, მოულოდნელად პარკის თანამშრომელს რომ არ მიესწრო. შედეგად, ბრიყვმა შევარდენმა წყალიც ბლომად ყლაპა და მოსასულიერებლად თავდაყირა დაფერთხვაც დასჭირდა.

საბოლოოდ, უიღბლო "მონადირეც" და "მსხვერპლიც" მშვიდობიანად დააშორეს ერთმანეთს...