არაპაიმას "ჯავშანჟილეტი" - კვირის პალიტრა

არაპაიმას "ჯავშანჟილეტი"

ერთადერთი არსება, რომელსაც პირანიას კბილებიც კი ვერაფერს აკლებს, ამაზონის აუზის ბინადარი უცნაური თევზი არაპაიმაა.ამ თევზს, რომლის სიგრძე 2,5 მ-ს, ხოლო წონა 200 კგ-ს აღწევს, არქაული აგებულების გამო, მეცნიერები "ცოცხალ ნამარხსაც" უწოდებენ - არაპაიმას საჰაერო ბუშტში ფილტვის მსგავსი ქსოვილი აქვს და უწყლოდ სუნთქვა შეუძლია. მთავარი კი ისაა, რომ მისი 10 სმ ზომის ქერცლი ნამდვილი ჯავშანია. კალიფორნიის უნივერსიტეტში ჩატარებული ცდით გაირკვა, რომ მის ქერცლზე პირანიას სამართებელზე უფრო ბასრი კბილები მარილივით იფშვნება! მიკროსკოპულად ქერცლი ორი შრისგან შედგება, - გარე შრე უმტკიცესია, შიდა - ელასტიკური და გარეთას დამსხვრევისგან იცავს. მეცნიერები ანალოგიური მეთოდით უკვე ჯავშანჟილეტების დამზადებასაც გეგმავენ.