ასტროს "თავგადასავალი - კვირის პალიტრა

ასტროს "თავგადასავალი

ავსტრალიელი ნიკოლ გრეჰემი და მისი გოგონა ავტომობილით მელბურნის სამხრეთით, ყურეს სანაპიროზე გაემართნენ საკუთარი ცხენის - ასტროს გასასეირნებლად.18 წლის ცხენი ავტომობილს უბელოდ მიჰყვებოდა. სანაპიროზე სეირნობისას ასტროს უცაბედად ფეხი "მცოცავი ტალახის" საფლობთან დაუცდა და შიგ კისრამდე ჩავარდა. ნიკოლისა და მისი გოგონას კარგა ხნის მცდელობის მიუხედავად, ნახევარტონიან ცხენს ჭაობი სულ უფრო ღრმად ითრევდა. ბოლოს, გოგონა ავტომობილისკენ გაიქცა და ვეტერინარების გამოძახება მოახერხა. მაშველების მოსვლამდე კი ნიკოლი ცდილობდა შეშინებული და დაღლილი ცხენის დამშვიდებას, თუმცა არც თვითონ იყო  ნაკლებად  დასამშვიდებელი...

ვეტერინართა მაშველ ჯგუფს სახანძროც თან მოჰყვა. მათ შლანგებითა და ჯალამბრით სცადეს განწირულის ამოყვანა, თუმცა ამაოდ. ადგილობრივმა ფერმერმა პატარა ტრაქტორიც კი მოიყვანა, მაგრამ ასტროს ძვრაც ვერ უყვეს. პარალელურად ვეტერინარები საბრალო ცხენს დასამშვიდებელ ნემსებს უკეთებდნენ. ამასობაში, მოახლოვდა ზღვის მოქცევის დრო, რაც ასტროს უეჭველ დაღუპვას უქადდა. გამოიძახეს შვეულმფრენიც. სამსაათიანი ბრძოლის შემდეგ, მოქცევამდე რამდენიმე წუთით ადრე, მაშველების, ტრაქტორისა და შვეულმფრენის ერთობლივი ძალისხმევით გახდა შესაძლებელი ცხენის გადარჩენა!“""ყველაზე საშინელი მაინც იმის ყურება იყო, როცა ჩემს ცხენს არაქათი ისე გამოეცალა, გადარჩენისთვის ბრძოლაც აღარ შეეძლო", - თქვა ბედნიერმა ნიკოლმა.