"ახირებული ჯერემი" - კვირის პალიტრა

"ახირებული ჯერემი"

180 წლის წინ პროფესორმა ლონდონის საავადმყოფოს დიდძალი ქონება იმ პირობით უანდერძა, რომ მისი მუმია მმართველობის ყველა კრებას დაესწრებოდა

ბრიტანეთში მოგზაურობისას ტურისტები აუცილებლად მიდიან უცნაური მუმიის სანახავად, რომელიც ლონდონის უნივერსიტეტის კოლეჯში, კაბინეტ-სარკოფაგში ბინადრობს და ისევე გამოიყურება, როგორც ცოცხალი პროფესორი ჯერემი ბენთამი. ბრიტანელები მას "ახირებულ ჯერემისაც" უწოდებენ. გასაკვირიც არაფერია, ის ხომ ერთადერთი ბრიტანელია, რომელმაც გადაწყვიტა, არ დამარხულიყო. 180 წლის წინ პროფესორმა ლონდონის საავადმყოფოს დიდძალი ქონება იმ პირობით უანდერძა, რომ მისი მუმია მმართველობის ყველა კრებას დაესწრებოდა. ჯერემის ჩონჩხს კოსტიუმი აცვია, თავი კი ცვილის აქვს. არასწორი მუმიფიცირების გამო თავი დაზიანდა, ამიტომ ცვილის თავი დაადგეს და შუშის თვალებიც ჩაუსვეს. მას კოლეჯის საბჭოს სხდომებზე საზეიმოდ მიაგორებენ, ოქმებში კი აღნიშნულია, რომ ჯერემი ბენთამი სხდომას ესწრებოდა, მაგრამ კენჭისყრაში არ მონაწილეობდა.

ფილოსოფოსი და იურისტი ჯერემი ბენთამი 1748 წლის 15 თებერვალს დაიბადა ცნობილი ადვოკატის ოჯახში. მამას მიაჩნდა, რომ შვილს საუკეთესო განათლება და ლორდის წოდება უნდა მიეღო. სამი წლის ვუნდერკინდმა მამის იმედს ფრთა შეასხა, - ლათინური ენის შესწავლა დაიწყო და ინგლისის ისტორიის მრავალტომეულსაც შეეჭიდა. 12 წლისა ოქსფორდის კოლეჯში სწავლობდა. რას წარმოიდგენდა მამამისი, რომ მისი უნიჭიერესი შვილი ცხოვრების მიზნად დაისახავდა არა ახალი კანონების შექმნას, არამედ არსებული საკანონმდებლო ბაზის რადიკალურად შეცვლას. მამა ვერც იმას იფიქრებდა, რომ სათაყვანებელი ვაჟი დაუმარხავი დარჩებოდა და საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში იქნებოდა ლეგენდებისა და ანეკდოტების წყარო. ჯერემი ბენთამი ისტორიაში იმითაც დარჩა, რომ თავის სექსუალურ მიდრეკილებებს არ მალავდა და ჰომოსექსუალიზმის თავგამოდებული დამცველი ბრძანდებოდა.

გონიერებისა და ახლებური აზროვნების გამო მას მთელ მსოფლიოში პატივს სცემდნენ. ჯერემის თეორიები დღემდე განხილვისა და მსჯელობის საგანია. 1960 წელს კი მისი კორესპონდენციებისა და კვლევების 70-ტომეული გამოიცა.

არავინ იცის, რატომ არ ისურვა დამარხვა პროფესორმა ჯერემი ბენთამმა, იქნებ თავისი მუმიის მეშვეობით მომავალი თაობებისთვის უნდოდა შეეხსენებინა, რომ ადამიანი არ არის მხოლოდ ხრწნადი სხეული, ის თავისუფალი, გონიერი არსებაა, რომელსაც გამართული საკანონმდებლო სისტემით სამყაროს გადარჩენა შეუძლია.

ცოცხალი მკვდარი?!

1852 წელს დაბადებულმა ბურიატთა ლამა დაში-დორჟო ითიგელოვმა გარდაცვალებამდე ითხოვა, რომ ისევე დაეკრძალათ, რა პოზაშიც აღესრულებოდა. 1927 წელს ლამა მედიტაციის დროს ლოტოსის პოზაში გარდაიცვალა. მისი ცხედარი დღემდე არ გახრწნილა. 2002 წელს ითიგელოვის ცხედარი ბერებმა და პათანატომებმა საგულდაგულოდ შეამოწმეს და გამაოგნებელი დასკვნა გააკეთეს:“ის იმავე მდგომარეობაშია, როგორშიც 36 საათის წინ გარდაცვლილი ადამიანის ცხედარია. ლამას სხეულს შერჩენილი აქვს შიდა ბიოლოგიური ქსოვილები, დრეკადი სახსრები და კანი. ზოგი ბუდისტის აზრით, ითიგელოვი ცოცხალია, უბრალოდ ნირვანაშია.

მუმიის წყევლა

უძველესი მუმიები მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმშია დაცული. პერუელები მუმიების მუზეუმს "საშიშ ზონას" უწოდებენ და მიაჩნიათ, რომ იქ დაცულ ექსპონატებს მაგიური ძალა აქვთ. გადმოცემით, ლეგენდარული "ტიტანიკის" ჩაძირვაც "მუმიის წყევლის" შედეგია. მუმიამ, რომელიც "ტიტანიკით" გამოსაკვლევად მიჰქონდათ, უბედურება მოუტანა როგორც მის პირველაღმომჩენებს (ექსპედიციის ყველა წევრი დაიღუპა), ისე ცნობილ ინგლისელ მეცნიერსა და მოგზაურს ლორდი კარნევილს.

ეგვიპტელთა ღვთაება ამონ-რას ტაძარში, წინასწარმეტყველი ქალის მუმიის სარკოფაგზე ეწერა: ვინც შეაწუხებდა მის განსასვენებელს, სიკვდილი არ ასცდებოდა. არქეოლოგებმა არ დაიჯერეს და დაიწყო გამოკვლევა. ექსპედიციის წევრთაგან მხოლოდ ლორდი კარნევილი გადარჩა. XIX საუკუნის 60-იან წლებში მუმიის სარკოფაგი კოლექციონერმა მიურეიმ იყიდა. რამდენიმე დღეში, ნადირობისას, თოფი აუფეთქდა და ხელის ამპუტაცია დასჭირდა. 1912 წელს კი ლორდმა კარნევილმა არქეოლოგიურ გამოფენაში მონაწილეობა გადაწყვიტა და ამერიკაში "ტიტანიკით" გაემგზავრა. მუმია არა ტრიუმში, როგორც ლორდმა ითხოვა, არამედ კაპიტნის ჯიხურთან დადგეს. როგორც ამბობენ, კაპიტანი სმიტი მის მაგიურ ავგაროზებს შეეხო და მალე ტრაგედია მოხდა - "ტიტანიკი" ჩაიძირა. დაიღუპა 1500 კაცი, ხოლო სარკოფაგი ზღვის ფსკერზე განისვენებს.