სხვადასხვა ქვეყნისა და ხალხის სააღდგომო ტრადიციები - კვირის პალიტრა

სხვადასხვა ქვეყნისა და ხალხის სააღდგომო ტრადიციები

ინგლისში უმრავლესობისთვის აღდგომა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შობა. სკოლები ორი კვირით იკეტება. 500-წლიანი ტრადიციის თანახმად, აღდგომის წინ, დიდ ოთხშაბათს (კენტ წლებში ვესტმინსტერის სააბატოში, ლუწ წლებში კი ქვეყნის სხვა რომელიმე ტაძარში), სამეფო ოჯახი მოწყალებად ოქროს მონეტებს არიგებს - მონეტა გადაეცემა იმდენ კაცს, რამდენი წლისაცაა დედოფალი.აღდგომას ბავშვებს კანფეტებსა და სათამაშოებს ჩუქნიან. ისევე როგორც გერმანიაში, აქაც პოპულარულია სააღდგომო ბოცვერი: ბავშვები მათ მიერ მოხატული კვერცხების სანაცვლოდ ბოცვრის მოტანილ საჩუქრებს ეძებენ. საკვირაო სადილზე კი მთელი ოჯახი იკრიბება. სუფრაზეა ჯვრიანი ფუნთუშები, შემწვარი ბატკანი, ცომისგან დამზადებული ათასნაირი კურდღელი, შოკოლადის კვერცხები, უცნაური ბუტერბროდები.

პოლონეთში აღდგომას ორი დღე აღნიშნავენ. სუფრაზე ოჯახის ყველა თაობა იყრის თავს. ტრაპეზი ლოცვით იწყება. სუფრაზე აუცილებელია პასქა, კვერცხები, პირშუშხა, ხორცი და ძეხვი. მეორე დღეს, "სველ ორშაბათს", პოლონელები ერთმანეთს წუწავენ. სწამთ, რომ წყალს წარმატება და ჯანმრთელობა მოაქვს, ამიტომ სააღდგომოდ პირს წყაროზე იბანენ. ქუჩებში კი მამაკაცები წნელით შემხვედრ გოგონებს წკეპლავენ - ითვლება, რომ ასე გოგონა უფრო ლამაზდება და იღბლიანი ხდება. დიდ ოთხშაბათს კი აცხობენ ტრადიციულ ნამცხვარს - "მაზურეკს", შაქრის კვერცხებით, კრემის ყვავილებით და შოკოლადის ტოტებით.

გერმანიაში წითელი პარასკევი და დიდი შაბათი უქმეა. შაბათ-საღამოს კი მთელ გერმანიაში ანთებენ დიდ სააღდგომო ჭიაკოკონებს, რომელსაც უამრავი ადამიანი ესწრება. ჭიაკოკონები ზამთრის დასრულებისა და ყოველივე ცუდის დაწვის ნიშანია. კვირას, დილით, მთელი ოჯახი სუფრას უზის, ბავშვები მშობლების მიერ დამალულ ნუგბარით სავსე კალათებს ეძებენ, რომელიც თითქოსდა ბაჭიებმა დამალეს. საღამოს კი ნათესავებსა და მეგობრებს სტუმრობენ.

იტალიაში კვირას რომის მთავარ მოედანზე ათასობით ადამიანი იკრიბება  რომის პაპის მილოცვის მოსასმენად. მთავარი სააღდგომო კერძია შემწვარი არტიშოკით, ბულგარული წიწაკით, ზეთისხილითა და პომიდვრით შეკაზმული ცხვრის ხორცი, ასევე ყველ-კვერცხიანი ქადა, სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს ლიმონის არომატიანი და ნუშმოყრილი ნამცხვარი "კოლომბა".

საფრანგეთში აღდგომა ოჯახური დღესასწაულია და ტრადიციული სუფრა ლოცვის თანხლებით მიდის. ფრანგები აუცილებლად მიდიან ეკლესიაში წირვაზე. მშობლები სააღდგომოდ შინ საგულდაგულოდ მალავენ შოკოლადის კვერცხებს, რომლებიც ბავშვებმა უნდა იპოვონ. სადილზე მთავარი კერძი შემწვარი წიწილაა. სახლები წითელი ლენტებითა და ფერადი გირლანდებით ირთვება. აღდგომის მთავარი სიმბოლოა ზანზალაკი, რომლის წკრიალი მთელი დღე ისმის, რაც სიცოცხლისა და მხიარულების გაგრძელების ნიშანია.

ავსტრალიაში აღდგომას წითელი პარასკევიდან ბრწყინვალე ორშაბათის ჩათვლით უქმობენ. როგორც მთელ მსოფლიოში, აქაც პოპულარულია შოკოლადისგან და შაქრისგან დამზადებული სააღდგომო კვერცხები, თუმცა სააღდგომო ბოცვრის ნაცვლად (ბოცვერი ავსტრალიაში მავნებლად ითვლება) საკუთარი სიმბოლო ჰყავთ - ადგილობრივი პატარა ცხოველი ბილბი. სააღდგომო მენიუ კი ასეთია: შემწვარი ცხვრის ხორცი, საქონლის ხორცი და შემწვარი წიწილა ბოსტნეულით.

ამერიკაში კვირას ეკლესიებში მთელი ოჯახებით ესწრებიან წირვას. ტრადიციულ სააღდგომო სუფრაზეა ლორი, ანანასის, კარტოფილის, ხილისა და ბოსტნეულის სალათი. ბავშვები საჩუქრებს იღებენ "სააღდგომო კურდღლისგან", რომელიც დილაადრიან ავსებს კალათებს სააღდგომო კვერცხებითა და შოკოლადებით. ძალიან პოპულარულია ბალახიან ფერდობზე კვერცხის დაგორება - ბავშვები ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უფრო შორს გააგორებს თავის კვერცხს. კვერცხის გორების დიდი შეჯიბრება ტრადიციულად ვაშინგტონში, თეთრი სახლის მახლობელ ფერდობზე ტარდება, ბავშვები კვერცხებს პრეზიდენტის სასახლისკენ მიაგორებენ.

ისლანდიაში სააღდგომო კვერცხებს ხელით, სპეციალური ფუნჯებით ხატავენ და შემდეგ სათამაშო წიწილას თავზე ამაგრებენ - ეს ახალი, ნათელი ცხოვრების სიმბოლოა. ნაცნობებს უგზავნიან საფოსტო ბარათებს კეთილი სურვილებითა და ბრძნული აზრებით. მთავარი სააღდგომო კერძი ბრინჯითა და ჩაშუშული ბოსტნეულით მომზადებული ბატკანია.