ჩემი ვანო ძია და ქოჩორა - კვირის პალიტრა

ჩემი ვანო ძია და ქოჩორა

ეს ამბავი ნაღდი, ალალი და გულიანი კახელი კაცისა, ჩემმა კოლეგამ მიამბო.

- ვანო ძია ჩვენს მეზობლად ცხოვრობდა, მამას ძალიან უყვარდა. მე რომ დავბადებულვარ, მამას მისთვის უთქვამს, - ისეთი კაი კაცი ხარ, შენი სახელი უნდა დავარქვა შვილსაო. პატარაობიდანვე დამიძმაკაცდა. დიდი ბაღ-ვენახი ჰქონდა. სულ მუხლჩაუხრელად შრომობდა. მერე შვილმა სახლის წინ პატარა მაღაზია აუშენა, - დაისვენე, მამი, აქ იყავ და ივაჭრე. ეზო-კარს მე მივხედავო.

სკოლიდან დაბრუნებული მაღაზიაში შევუვლიდი, ისიც მეტყოდა - მოდი,  პური უნდა გაჭამო, მერე წადი და იმეცადინეო. იცოდა, რომ პურისჭამა დიდხანს გაგვიგრძელდებოდა და ჩემთან ყოფნით ხალისობდა. მეც მეტი რა მინდოდა? გვიანობამდე  მის მაღაზიაში ვიჯექი.

ვანო ძიას სახედარი რომ დაუბერდა და მოუკვდა, იმდენი იარა, ახმეტაში ჩოჩორს მიაგნო  და კაი დიდ ფულად იყიდა. სულ მეუბნებოდა, - კარგად დაიმახსოვრე, ამაზე ჭკვიანი, ერთგული და ამტანი ცხოველი არ არსებობსო,  დიდი რომ გახდები, მანქანასთან ერთად ერთი ვირი მაინც უნდა იყოლიო სოფელშიო. მოკლედ, ორივე თან ვყვებოდით ჩვენს ვირუკელას, რომელსაც ქოჩორა დავარქვით, თუმცა ყველა ვანოების ვირს ეძახდა.

ცხოვრება რომ გაჭირდა და ფული სანატრელი გახდა სოფლად, ბევრმა ნისიად დაიწყო პროდუქტის წაღება. ზოგი ისე გათამამდა, რომ მაღაზიაში აღარც მიდიოდა და დიდ ვანოს უთვლიდნენ, - შენს პატარა სეხნიას გამოატანეო... თავიდან მართლაც  მიმქონდა პროდუქტი, მერე დედაჩემმა გააპროტესტა, - ბიჭს ნუ მიცდენ, სამეცადინო აქვს, მალე სკოლა უნდა დაამთავროსო და ვანო ძიამაც ქოჩორა დაასაქმა. დიდ ხურჯინში ჩაუწყობდა ცალ-ცალკე შეხვეულ პროდუქტს, ზედ სახელს დააწერდა, რათა  თანასოფლელებს არ არეოდათ და გაუშვებდა. თავდაპირველად ვანო ძიას ბავშვივით უხაროდა ქოჩორა ასე ერთგულად რომ მუშაობდა, მაგრამ მერე, როცა ნისიების მოტანა გაჭირდა, გაბრაზდა, - ჩემი ქოჩორა მუქთად როდემდე უნდა ვატაროო და მაღაზიასთან, კაკლის ხის ქვეშ დააბა. მერე მეზობლებმა რომ არა და არ დაადგეს თავი ფულის მოტანას, ნისიების რვეული შემოიღო. საგულდაგულოდ წერდა, ვინ რა დროს რა წაიღო.

უნივერსიტეტში რომ ჩავაბარე, ძია ვანოს თან გაუხარდა, თან ეწყინა, - ახლა რაღა მეშველება, ვინ დამეხმარება მაღაზიაშიო აგე, ქოჩორა ხომ გყავს-მეთქი, - სიცილით ვეუბნებოდი.

...როგორც იქნა, ბოლო მოვუღე გამოცდებს და სოფლისკენ გავემართე.  მაღაზიას რომ მივუახლოვდი, ელდა მეცა - ვანო ძია გამწარებული ურტყამდა ჩვენს ნაფერებ ქოჩორას და თან გულიანად აგინებდა: - შე სამგლე, შენა, გაწყინა პატივისცემამ და ქებამ? რამ გაგამწარა ასე, რომელი დამშეული შენა მყავდი, ააა? გონს რომ მოვედი, ხელებში ვეცი, - რას შვრები, შვილივით გაზრდილ ვირს როგორ სცემ-მეთქი. შემომხედა, მერე ამოიოხრა, იქვე ჩამოჯდა და თავისი გამწარების ამბავიც მიამბო:

- დედაკაცმა დამიძახა პურის საჭმელად. ეს სამგლე კი მაღაზიაში შევიდა და მაინცდამაინც იმ ნისიების რვეულს ეცა, გეგონება, დამშეული მყავდეს. ახლა რაღა ვქნა? ისედაც არ მოჰქონდათ ფული და აწი ვის რამდენი მოვთხოვო, რა ვიცი, აბა?!

მალე ყველამ გაიგო, რომ ვირმა ნისიების რვეული შეუჭამა ვანოს, მაგრამ არ გამართლდა მისი შიში.  ერთ კვირაში თითქმის ყველამ დააბრუნა ვალი. ვანომ კი ისე ინერვიულა ქოჩორას ცემა, გარეთ გამოხედვა აღარ უნდოდა, - როგო ჩავხედო ქოჩორას თვალებში, რა ცეცხლი წამეკიდა, როგორ ვცემე შვილივით გაზრდილი ვირიო.

სხვათა შორის, დიდი ვანო და ქოჩორა მე შევარიგე... ვირი ვანო ძიას რომ ხედავდა გაჯიუტებული ნაბიჯს აღარ დგამდა, ბოლოს, დაყვავებით ძლივს მივიყვანე ვანოსთან, რომელიც დარცხვენილი ხმადაბლა ეუბნებოდა: - მაპატიე, ჩემო ქოჩორა, სხვა დროს როდის ამიწევია შენზე ხელი, ცხელ გულზე დამემართა ეს ავი საქმეო...

იმ დღიდან ვანო ძიას ხმამაღალი სიტყვაც კი აღარ უთქვამს ქოჩორასთვის, ზაფხულობით ჩრდილში ჰყავდა კაკლის ხის ქვეშ, ზამთარში კი, მაღაზიის უკან, ფარდულში დააყენებდა და გვერდიდან არ იცილებდა, სანამ საქმეს არ მოილევდა...