გენიოსების დაავადება - კვირის პალიტრა

გენიოსების დაავადება

სულიერად დაავადებულებს საზოგადოება ყოველთვის ალმაცერად უყურებდა, ცდილობდა, მათ იგნორირებას. დღეს კი ვარაუდობენ, რომ XXI საუკუნეში ყველა დაავადება განკურნებადი გახდება, გარდა სულიერისა. ისე კი, კაცობრიობის სულიერ საგანძურში დიდი წილი სწორედ ფსიქიკურად არამდგრად ადამიანებს შეაქვთ. რა ხდება მათ სულში, ვისაც კაცობრიობის შეცვლა შეუძლია და შეცვალეს კიდეც?

იუკიო მისიმა

მან უდიდესი კვალი დაამჩნია იაპონურ ლიტერატურას. მსოფლიო აღიარება მოუტანა ნაწარმოებებმა: "შუა საუკუნეების მანიაკი მკვლელის დღიური", "მარკიზ დე სადი", "ჩემი მეგობარი ჰიტლერი". დიდების მწვერვალზე მყოფმა 45 წლის მწერალმა თავი მოიკლა, -  იაპონელი ჯარისკაცებისადმი მისმა მოწოდებამ სახელმწიფო გადატრიალებისაკენ კრახი განიცადა. მისიმა ხელის მოცარვას ვერ შეეგუა და ჰარაკირის რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ შუბი მეგობარს გადასცა, რომელმაც ეს პროცესი დაასრულა. მალე გაირკვა, რომ თვითმკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე მისიმამ თავის რედაქტორს ახალდასრულებული რომანი "ანგელოზის დაცემა" გადასცა...

ფრიდრიხ ნიცშე

ამ გენიოს ფილოსოფოსს დიაგნოზით - "მოზაიკური" შიზოფრენია, ბიოგრაფები მოურიდებლად უწოდებენ შეშლილს. ამბობენ, სიფილისის გამო განდიდების მანია დაემართაო. ნაცნობებს ხშირად უგზავნიდა ამგვარ ბარათებს: "ორ თვეში მე გავხდები პირველი ადამიანი დედამიწაზე". მოითხოვდა, მისი ბინის კედლებიდან ჩამოეხსნათ სურათები და სახლი ტაძრად ეღიარებინათ. ბევრს უნახავს, როგორ ეხვეოდა ცხენს აღტყინებული ფილოსოფოსი ქალაქის მთავარ მოედანზე. ნიცშეს სამედიცინო ბარათში კი აღწერილია, როგორ უყვიროდა საავადმყოფოს დარაჯს, რომელიც ბისმარკი ეგონა, მერე კი საწოლის გვერდით, იატაკზე იძინებდა, ხოლო გამოღვიძებული თხასავით ხტოდა და იჯღანებოდა. ფსიქიკური აშლილობით განსაკუთრებით იტანჯებოდა ბოლო ოცი წელი და ამ პერიოდში დაწერა ყველაზე მნიშვნელოვანი თხზულებები, მათ შორის "ასე ამბობდა ზარატუსტრა". სიცოცხლის ბოლოს კი ნიცშეს მხოლოდ უმარტივესი წინადადებების შედგენა შეეძლო. მაგალითად: "მე მკვდარი ვარ იმიტომ, რომ სულელი ვარ", ან "მე სულელი ვარ, იმიტომ რომ მკვდარი ვარ"...

ერნესტ მილერ ჰემინგუეი

როცა დიდი მწერალი მიხვდა, რომ კალამი აღარ ემორჩილებოდა, ფსიქიატრიულ კლინიკას სამკურნალოდ მიაკითხა და ელექტროშოკის სეანსები გმირულად გადაიტანა. იქიდან გამოსულმა კი დაწერა: "ექიმებს არ ესმით მწერლებისა... რა აზრი ჰქონდა ჩემი ტვინის ნგრევას და მეხსიერების წაშლას, როდესაც მეხსიერება ჩემი კაპიტალი იყო. რა აზრი ჰქონდა ჩემს დაგდებას ცხოვრების გვერდით? ეს იყო ბრწყინვალე მკურნალობა, მაგრამ მათ დაკარგეს პაციენტი".

კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ კი კაცობრიობამაც დაკარგა მწერალი, - როდესაც ჰემინგუეი საბოლოოდ დარწმუნდა, რომ წერა აღარ შეეძლო, თავის მოკვლა სცადა, მაგრამ ახლობლებმა შეუშალეს ხელი. მოგვიანებით ის მაინც დაჰყვა ცოლის თხოვნას, მკურნალობა გაეგრძელებინა, მაგრამ, როგორც ჩანს, ბედი უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, - კლინიკიდან გამოსვლისთანავე ორლულიანი თოფი კარგად გაფერა, ტყვია ჩადო და...

მარკიზ დე სადი

ალბათ არ არსებობს მწერალი, რომელმაც ნაწარმოებებით სადომაზოხიზმის იმგვარი დოზით შემოტანა შეძლო ყოფიერებაში, როგორც ეს საფრანგეთში დაბადებულმა ამ არისტოკრატმა გააკეთა. ვინ იცის, მწერალი იქნებ სადომაზოხისტად პირველ და ნამდვილ სიყვარულში დამარცხებამაც (ჯერ კიდევ ახალგაზრდა მშობლებმა აიძულეს, სიყვარულით დაქორწინებაზე ეთქვა უარი და ცოლად სამეფო კართან დაახლოებული ოჯახის წარმომადგენელი შეერთო) აქცია. გარყვნილებისა და მეძავის მოკვლის ბრალდებით მას სიკვდილით დასჯაც კი მიუსაჯეს. ბედის ირონიით, ამისგან ისევ ერთგულმა ცოლმა იხსნა, თუმცა ეს დიდი შეღავათი ვერ გამოდგა - სადიმ 30 წელიწადი მაინც ციხეებში გაატარა, როგორც რომანების, ასევე გაუკუღმართებული ცხოვრებისათვის. მისი აღწერილი ძალადობებისგან რამდენიმე მათგანის წაკითხვაც კი კმარა იმის მისახვედრად, რომ სადი გიჟი იყო. სიცოცხლის ბოლო წლებში სულიერად დაავადებულთა კლინიკაში მოხვდა. სიტყვა სადიზმი სწორედ მის "პატივსაცემად" გაჩნდა.

ნიკოლაი გოგოლი

მწერალი, რომელიც რუსი ხალხის ფსიქიკის შეცვლას უკეთესობისკენ თავგამოდებით ცდილობდა, თავად შიზოფრენიით იტანჯებოდა და ხედვითი თუ სმენითი ჰალუცინაციები აწუხებდა. ამას მოსდევდა თავის თავში ჩაკეტილობა, შემდეგ კი აღგზნების პერიოდები. დიდი მწერალი დარწმუნებული იყო, რომ მის სხეულში ორგანოები რამდენადმე გადაადგილებული იყო, ხოლო კუჭი - გადაბრუნებული. სიცოცხლის ბოლო წლებში გაუძლიერდა კლაუსტროფობია (დახურული სივრცის შიში), რასაც სიკვდილის მძაფრი შიშიც დაერთო. როდესაც მისი მეგობარი ეკატერინა მიხაილოვნა მუცლის ტიფით გარდაიცვალა, მწერალი შინ ჩაიკეტა, ჭამა შეწყვიტა და ამტკიცებდა, რომ მასაც მომაკვდინებელი სენი სჭირდა, თუმცა, ექიმებმა კუჭის აშლილობის გარდა, ვერაფერი დაუდგინეს. მალე თავისი ხელნაწერებიც დაწვა და გამოაცხადა, როცა მოვკვდები, ვიდრე ჩემი გვამი არ გაიხრწნება, არ დამასაფლავოთო. ცხადია, ეს თხოვნა არავინ შეუსრულა, თუმცაღა 1931 წელს, როცა გოგოლის საფლავი მის გადასასვენებლად გათხარეს, მწერლის თავის ქალა გვერდზე გადაბრუნებული აღმოჩნდა...