"გადართავ - აშენდა, გადმორთავ - დეიქცა" - კვირის პალიტრა

"გადართავ - აშენდა, გადმორთავ - დეიქცა"

თვალისჩინი ნაციონალური "აპრავით"

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ცენტრიდან ექიმი-ოფთალმოლოგები რაიონებისკენ დაიძრნენ, მოსახლეობას თვალთახედვას უმოწმებენ და სათვალეებსაც ჩუქნიან. ამის შესახებ ინფორმაცია ერთ-ერთმა მოქალაქემ ანონიმურად მოგვაწოდა: "ნაციონალებმა დეიწყეს სათვალეების დარიგება, აღმშენებლობას კარგად უნდა უყუროთო, მერე მევიდნენ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები და დამიდგეს ანტენა, - არჩევანი უკეთ გააკეთეთო!" - გვითხრა მან. ჩვენი საუბარი კი ასე დაიწყო:

სონია დეიდა (იმერეთის ერთ-ერთი სოფლიდან):

- საგონებელში ვარ ჩავარდნილი, შვილო, აღარ ვიცი, რა ვქნა...

- რამ შეგაწუხათ?

- რაღა რამ შემაწუხა, რა წყალს მივცე თავი, არ ვიცი... დავბერდი, მხედველობა დამიქვეითდა, მევიდნენ ნაციონალები, მითხრეს, ექიმების ჯგუფი ჩამოგვყავს, გაგსინჯავენ, სათვალესაც გაჩუქებენ და ქვეყნის აღმშენებლობის პროცესსაც უკეთ დეინახავო. ქე გამიხარდა, ვიფიქრე, ერთი სათვალე თუ მომიგვარებს ამდენ პრობლემას და ქვეყანაც სამოთხედ მომეჩვენება, ამას რა ჯობია-მეთქი. ისე, სიმართლე გითხრა, არ მეგონა, ჩვენი მოსახლეობის თვალთახედვა ამისთანა მნიშვნელოვანი თუ იქნებოდა  მთავრობისთვის. კბილების ჩასმის პროგრამა კი გამიგონია, მარა სათვალეების დარიგება რაცხა ახალი ამბავია! კბილი გადასარევია, სიცილის ხასიათზე თუ ხარ, ქე გეიცინებ, გამოაჩენ ბროლივით კბილებს და წინასაარჩევნოდ მთლად "მთავრობის რეკლამა" იქნები, მარა სიცილისა და ჯღანვის ხასიათზე ხომ უნდა იყო?! ჰოდა, ჯერ გეიკეთებ სათვალეს, ორთავ თვალით რომ დეინახო ქვეყნის აღმშენებლობა და მერე გახარებული და ბედნიერი გადმოყრი ბროლის კბილებს... ასეა ეს!

ახლახან "იმედს" ვუყურე, სადაც თქვეს, - დილიდან ქალაქის მერის საზრუნავი 74 წლის პენსიონერი იყო. ქალბატონ გულნარას კატარაქტა აწუხებდა და გიგი უგულავამ გულთან მიიტანა მისი გასაჭირიო. ჰოდა, ავდექი და ნიკა გილაურის სახელზე წერილი ვაფრინე: ბატონო ნიკა, მეც ქე მაქვს კატარაქტა და მარტო გიგი უგულავამ ხომ არ უნდა იზრუნოს პენსიონერებზე-მეთქი. მაგრამ ნუ იტყვით, უგულავას ნაცვლად იგულავა დამიწერია, გილაურის ნაცვლად - გულაური.…არ მჭირდებოდა ახლა მე სათვალე?! ჰოდა, მაჩუქეს კიდეც და 2 დღე ბედნიერი შევყურებდი ქვეყნის აღმშენებლობას, ხან "იმედზე" და ხან "რუსთავი 2"-ზე, მაგრამ ვინ დაგაცადა?!

- რატომ, რა მოხდა?

- მევიდნენ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები - ანტენა უნდა გაჩუქოთ, სხვადასხვა არხს რომ უყუროთ და არჩევანი გაგიადვილდეთო. თავდაპირველად, შევიკავე თავი, მაგრამ მეუღლე გადამეკიდა, საჩუქარზე უარის თქმა უზრდელობააო. ჰოდა, გადავრთავ ერთ არხზე, აშენდა ქვეყანა! გადმოვრთავ მეორეზე - დეიქცა! გადავრთავ - აშენდა, გადმოვრთავ - დეიქცა და ლამისაა ტვინში სისხლი ჩამექცეს. ვერ გევიგე, სადაა ოცნება და სად - რეალობა! ეს მინდოდა ამ მოხუც ქალს?! ჰოდა, ან წაიღეთ ეს თქვენი სათვალე, ან მომაშორეთ ანტენა! გასკდა თავი!...