საშიში "ოპერაცია" - კვირის პალიტრა

საშიში "ოპერაცია"

ოჰაიოს შტატის ქალაქ ტოლედოს ცნობილი უნივერსიტეტის (დაარსებულია 1872 წელს, დღეისთვის სწავლობს 23000 სტუდენტი) საათიანი კოშკის სახურავზე შევარდნებმა დაიბუდეს. მტაცებლების ეს წყვილი ადრევე იყო დარგოლილი, ამჯერად კი შტატის ბუნებრივი რესურსების სამმართველოს თანამშრომლები შევარდნების ოჯახს მათი ნაშიერის დასარგოლად ეწვივნენ. მართვეს ხელში აყვანის შემდეგ დედა შევარდენი მთელ ჯგუფს თვალის დახამხამებაში დააცხრა თავს. ოპერაცია კი უმსხვერპლოდ მხოლოდ იმიტომ დასრულდა, რომ ორნითოლოგები ჩაფხუტებითა და სპეციალური ფარებით იყვნენ აღჭურვილნი - მათ მსოფლიოში ყველაზე სწრაფი არსების (შევარდენი ჰაერში მსხვერპლზე პიკირებისას 350 კმ/სთ სისწრაფეს ავითარებს!) რამდენიმე ათეული ელვისებური შეტევის მოგერიება მოუხდათ - ჭანგების გააფთრებული კაკუნი ჩაფხუტებსა და ხის ფარებზე მთელ არემარეზე ისმოდა...