პლანეტის ათი ყველაზე შეძლებული ადამიანი - კვირის პალიტრა

პლანეტის ათი ყველაზე შეძლებული ადამიანი

ამერიკულმა ჟურნალმა "ფორბსმა", რომელიც კერძო ქონების შეფასებაში ავტორიტეტულ გამოცემად ითვლება, პლანეტის ყველაზე შეძლებული ადამიანების რეიტინგი გამოაქვეყნა.

პირველ ადგილზე წელს შარშანდელი "გამარჯვებული", მექსიკელი მილიარდერი კარლოს სლიმია, რომელსაც აქტივები აქვს მსოფლიოს ვერცხლის მომპოვებელ და ტელესაკომუნიკაციო კომპანიებში. თუმცა, სლიმის ქონება შარშანდელთან შედარებით 5 მლრდ-ით შემცირდა და ამჟამად 69 მლრდ დოლარია.

მეორე ადგილი კომპანია "მაიკროსოფტის" დამფუძნებელს ხვდა. ამერიკელი ბილ გეიტსის ქონება წელს "ფორბსმა" 61 მლრდ დოლარად შეაფასა, რაც შარშანდელზე 5 მლრდ-ით მეტია.

მესამე ადგილი "ფორბსის" ექსპერტებმა  მსოფლიოში ცნობილ ამერიკელ ინვესტორ უორენ ბაფეტს მიაკუთვნეს 44 მლრდ დოლარით - ეს მის შარშანდელ ქონებაზე 6 მლრდ-ით ნაკლებია.

მეოთხე ადგილზე ფრანგი ბერნარ არნო აღმოჩნდა 41 მლრდ-იანი ქონებით. ის მოდის სამყაროში ერთ-ერთი პრესტიჟული ბრენდის, LVMH-ის (Louis Vuitton-Moet-Hennessy) ხელმძღვანელია.

მეხუთეზეა ესპანელი მილიარდერი ამანსიო ორტეგა 37,5 მლრდ-ით. ის ტანსაცმლის გაყიდვის უდიდესი კომპანიის მეპატრონეა და პროდუქციას "ზარას" ბრენდით ყიდის.

მეექვსეა კომპანია "ორაკლის" მფლობელი, ამერიკელი მილიარდერი ლარი ელისონი 36 მლრდ-ით. იგი თავგადაკლული იახტსმენია, 2010 წელს ამერიკის თასი მოიგო.

მეშვიდეზეა ბრაზილიელი მაგნატი ეიკე ბატისტა, რომლის ქონება 30 მლრდ დოლარია. მისი ქონების ორი მესამედი ნავთობის ბიზნესშია,  ერთი მესამედი კი ოქროს ბიზნესში.

მერვე ადგილზე 26 მლრდ-ით შვედი სტეფან პერსონია, რომლის კომპანიას (H&M) 2500 მაღაზია აქვს 43 ქვეყანაში.

მეცხრე, 25,5 მლრდ-იანი კაპიტალით, ჰონკონგელი ინვესტორი ლი კა-შინია, რომელიც მდიდრების ათეულში 2007 წლის შემდეგ ისევ დაბრუნდა. საინტერესოა, რომ ყოველი მეშვიდე ბინა ჰონკონგში მისი კომპანიების აშენებულია.

ათეულს ასრულებს გერმანელი კარლ ალბრეხტი 25,4 მლრდ-ით. მილიარდერი ე. წ. დისკაუნტერების ქსელის, Aldi Sud-ის მფლობელია, რომელშიც 4500 მაღაზია შედის, მათ შორის - 1200 აშშ-ში.

მექსიკა - კარლოს სლიმი - 69 მლრდ

აშშ - ბილ გეიტსი - 61 მლრდ

აშშ - უორენ ბაფეტი - 44 მლრდ

საფრანგეთი - ბერნარ არნო - 41 მლრდ

ესპანეთი - ამანსიო ორტეგა - 37,5 მლრდ

აშშ - ლარი ელისონი - 36 მლრდ

ბრაზილია - ეიკე ბატისტა - 30 მლრდ

შვედეთი - სტეფან პერსონი - 26 მლრდ

ჰონკონგი - ლი კა-შინი - 25,5 მლრდ

გერმანია - კარლ ალბრეხტი - 25,4 მლრდ