ბაგირზე მოსიარულემ ნიაგარის ჩანჩქერი გადალახა - კვირის პალიტრა

ბაგირზე მოსიარულემ ნიაგარის ჩანჩქერი გადალახა

ნიკ ვალენდამ ნიაგარის ჩანჩქერის თავზე 60 მეტრ სიმაღლეზე გაჭიმულ 550-მეტრიან ბაგირზე გაიარა. 33 წლის კანადელმა ეს მანძილი 25 წუთში გადალახა, ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა და 100 წლის წინანდელი რეკორდი მოხსნა.

ექსტრემალმა ორგანიზატორების დაჟინებული მოთხოვნით ტრადიციას უღალატა და ამჯერად ბაგირზე გავლისას დაზღვევა გამოიყენა. მას ცაში ვერტმფრენები და წყალში აკვალანგისტები იცავდნენ. ამ სანახაობას 110 ათასი მაყურებელი სუნთქვაშეკრული მისჩერებოდა. ბაგირის ბოლოს ექსტრემალს ცოლი, სამი მცირეწლოვანი შვილი და ბიძა ელოდნენ. ნიკს აპლოდისმენტებითა და შეძახილებით შეხვდნენ. მესაზღვრეების კითხვაზე, რა მიზანს ემსახურებოდა მისი ასეთი ახირება, ვალენდამ უპასუხა: "მინდა მსოფლიო აღვაფრთოვანო და შთავაგონო, რომ შეუძლებელი არაფერია".

პირველი ადამიანი, ვინც ნიაგარის ჩანჩქერს ბაგირით გადაუარა, ფრანგი ჟან ფრანსუა გრაველე იყო. მან 1859-1910 წლებში 300-მეტრიანი გზა ცხრაჯერ გადალახა. თან სხვადასხვა ტრიუკს აკეთებდა ისე, რომ ორჯერ არც ერთი არ გაუმეორებია.