10 ყველაზე გრძელი მდინარე და მაღალი ჩანჩქერი - კვირის პალიტრა

10 ყველაზე გრძელი მდინარე და მაღალი ჩანჩქერი

კარგა ხანს კამათობდნენ იმის დასადგენად, მსოფლიოს უგრძესი მდინარე ისევ ნილოსია თუ ამაზონი.

ბრაზილიელი და პერუელი მკვლევრების მონაცემებით, ამაზონის სიგრძე, მის სათავესთან აღმოჩენილი ახალი შენაკადის გათვალისწინებით, 6 992 კმ-ია...

საბოლოოდ გადაწყდა, რომ მდინარის სიგრძის დასადგენად მხედველობაში მიიღება მხოლოდ  მდინარის უწყვეტი კალაპოტი და არა დროებითი შენაკადები, კალაპოტის დაჭაობებული მონაკვეთები, არასტაბილური ტბები და ა.შ.  საბოლოოდ, ნილოსმა  პირველობა შეინარჩუნა.

1. ნილოსი (6 695 კმ) "რეკორდსმენია" არა მხოლოდ სიგრძით, არამედ იმ ქვეყნების რაოდენობითაც, რომელთაც კვეთს. ასეთი კი აფრიკის 10 ქვეყანაა: სუდანი, სამხრეთი სუდანი, ბურუნდი, რუანდა, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ტანზანია, კენია, ეთიოპია, უგანდა და ეგვიპტე.

2. ამაზონი პერუს ანდებში იწყება და ბრაზილიაში ატლანტის ოკეანეში ჩაედინება. მისი სიგრძე ცვალებადია - 6 260-დან 6 600 კმ-მდე. ამჟამად მის სიგრძედ მიჩნეულია 6 516 კმ.

3. იანძი აზიის კონტინენტზე უგრძესი მდინარეა, მისი სიგრძე 6 380 კმ-ია.

4. მისისიპი ჩრდილოეთ ამერიკის მდინარეთა ყველაზე დიდი სისტემის მთავარი მდინარეა. სიგრძე მთავარ შენაკად მისურისთან ერთად 6 275 კმ-ია.

5. ენისეი ციმბირში ქმნის მდინარეთა ყველაზე დიდ სისტემას, რომელიც ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეში ჩაედინება. მისი სიგრძე მთავარ შენაკად ანგარასთან ერთად 5 539 კმ-ია.

6. ხუანხე ჩინეთის სიგრძით მეორე მდინარეა: 5 464 კმ.

7. ობი დასავლეთ ციმბირის მთავარი მდინარეა ძალიან დიდი აუზით (2 990 000 კვ კმ). მთავარ შენაკად ირტიშთან ერთად მისი სიგრძე 5 410 კმ-ია.

8. პარანა, იგივე ლა პლატა ბრაზილიას, პარაგვაისა და არგენტინას კვეთს. ამ წყალუხვი მდინარის სიგრძე 4 880 კმ-ია. სწორედ პარანაზე მდებარეობდა წყლის ნაკადის მოცულობით პლანეტის უდიდესი ჩანჩქერი "გუაირა", რომელიც 1982 წელს დამბის მშენებლობამ შეიწირა.

9. კონგოს სიგრძე სულ 4 700 კმ-ია, სამაგიეროდ, ეს აფრიკული მდინარე მსოფლიოში ყველაზე ღრმა მდინარედ ითვლება.

10. მდინარე ამური შორეულ აღმოსავლეთში დიდ მანძილზე რუსეთ-ჩინეთის საზღვარს ქმნის. მისი სიგრძე კი, მთავარ შენაკად არგუნთან ერთად, 4 444 კმ-ია.

ვენესუელაში მდებარე პლანეტის ყველაზე მაღალი ჩანჩქერის, "ანხელის" სიმაღლე 979 მ-ია, წყლის უწყვეტი ვარდნის მანძილი კი 807 მ. შედეგად წყალი ნისლად იქცევა და რამდენიმე კმ-ზე იფანტება. ჩანჩქერს სახელი ეწოდა აღმომჩენის - ამერიკელი მფრინავის, ჯეიმს ეინჯელის პატივსაცემად, რომელმაც აქ საბადოების დასაზვერად გადაიფრინა: მისი გვარი (Aნგელ) ესპანურად სწორედ ასე ჟღერს...

პლანეტის ყველაზე მაღალი წყალვარდნილები, ცხადია, მაღლა, მთებში მდებარეობს და წყალუხვობით დიდად არ გამოირჩევა. ამიტომაც ყოველთვის დიდი სხვაობაა "ყველაზე მაღალი" და "ყველაზე დიდი" ჩანჩქერების (როგორიცაა ვიქტორია, ნიაგარა და ა.შ) რეიტინგებს შორის. მართალია, "ყველაზე მაღალი" ჩანჩქერების სიაც ყოველწლიურად იცვლება ახალ-ახალი წყალვარდნილების აღმოჩენის გამო, მაგრამ უფრო გაურკვეველი მდგომარეობაა "ყველაზე დიდი" ჩანჩქერების კატეგორიაში, სადაც შეფასების ძირითად კრიტერიუმებზე ჯერაც ვერ  თანხმდებიან. ხოლო ისეთ კატეგორიებზე, როგორიცაა, ყველაზე "საოცარი", "წყალუხვი" და ა.შ., საერთო პოზიციაზე ლაპარაკიც ზედმეტია. სწორედ ამიტომ ვთავაზობთ მკითხველს  დღეს არსებული მსოფლიოს ყველაზე მაღალი ჩანჩქერების ტოპათეულს (სიმაღლე მ-ში):

10 ყველაზე მაღალი ჩანჩქერი:

1. ანხელი (ვენესუელა) - 979

2. ტუგელა (სამხ.აფრიკა) -+ 948

3. სამი და (პერუ) - 914

4. ოლოუპენა (პერუ) - 900

5. უიმბილა (პერუ) - 895.4

6. ვინუფოსენი (ნორვეგია) - 860

7. ბალიფოსენი (ნორვეგია) - 850

8. პუუკაოკუ (აშშ) - 840

9. ჯეიმს ბრიუსი (კანადა) - 840

10. ბრაუნი (ახ.ზელანდია) - 836

ცალკე უნდა აღინიშნოს იუნესკოს მიერ "კაცობრიობის ბუნებრივ მონაპოვართა" სიაში შეტანილი გრანდიოზული ჩანჩქერი "იგუასუ" მდინარე პარანაზე, არგენტინა-ბრაზილიის საზღვართან. 3,5 კმ სიგანის უზარმაზარი წყლის მასა, რომელსაც უამრავი პატარა კუნძული და კლდის შვერილი 275 ნაკადად ყოფს, 80 მ სიმაღლიდან ვარდება და ფანტასტიკურ სანახაობას ქმნის.