მსოფლიოს უმსხვილესი ბანკები... - კვირის პალიტრა

მსოფლიოს უმსხვილესი ბანკები...

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებსა და ავტორიტეტულ გამოცემებზე დაყრდნობით, ისეთი ცნების ზუსტად დადგენა, როგორიც არის მაგალითად "უდიდესი ბანკი", პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან მსოფლიოში არ არსებობს ისეთი საფინანსო დაწესებულება, რომელიც პირველი იქნებოდა საფინანსო საქმიანობის ყველა სფეროში. ამიტომ საბანკო რეიტინგები, როგორც წესი, ერთი რომელიმე პარამეტრის მიხედვით დგინდება. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარამეტრია საბაზრო კაპიტალიზაცია, რომელიც დაწესებულების ყველა აქციის საერთო ღირებულების მიხედვით გამოითვლება. აქედან გამომდინარე, მსოფლიოში უდიდესი ბანკების 2011 წლის ტოპათეული ("ფორბსის", "ბლუმბერგის", "ბანკირის" მონაცემებზე დაყრდნობით) ასე გამოიყურება:

1. ჩინეთის საწარმოო და კომერციული ბანკი (Industrial and Commercial Bank of China) - 27 წლის არსებობის მანძილზე ამ ფინანსურმა კომპანიამ შეძლო ჩინეთის სახელმწიფო ბანკების "დიდ ოთხეულში" ადგილის სტაბილურად დაკავება. 2011 წელს მისმა კაპიტალიზაციამ 233,69 მლრდ დოლარი შეადგინა.

2. ჩინეთის სამშენებლო ბანკი (China Construction Bank) - ეს ბანკი 50 წლისაა. ბანკის კაპიტალიზაცია - 225,89 მლრდ დოლარი.

მოწინავე ადგილებზე ამ ორი ჩინური ბანკის არსებობა თვალნათელი მაგალითია, თუ რა ტემპით იზრდება ჩინეთის ეკონომიკა...

3. "ეიჩ-ეს-ბი-სი" (HSBC Holdings plc) - ეს ბრიტანული ბანკი 1865 წელს დაარსდა ჰონკონგში და მისი მთავარი ამოცანა ინგლისსა და ჩინეთს შორის მჭიდრო საბაზრო-საფინანსო ურთიერთობების დამყარება იყო. მას შემდეგ, რაც "ეიჩ-ეს-ბი-სი"-მ ბრიტანეთში ბანკი "მიდლანდი" "ჩაყლაპა", შტაბბინა ლონდონში გადაიტანეს. 2008 წელს "ეიჩ-ეს-ბი-სი" აღიარეს მსოფლიოს ყველაზე დიდ ფინანსურ ჯგუფად, 2011 წელს კი ევროპაში პირველად და მსოფლიოში მეორედ. მისი ბრენდიც მსოფლიოს  უძვირესი ბრენდების ტოპათეულში მერვეა, ხოლო კაპიტალიზაცია მესამე - 184,98 მლრდ დოლარი.

4. უელს ფარგო (Wells Fargo) -  ეს ამერიკული საფინანსო ჯგუფი 1998 წელს შეიქმნა ორი კომპანიის (Wells Fargo & Co da Norwest) შერწყმით. რადგან პირველის ბრენდი უკვე 150 წელია არსებობს, სახელიც მისი მიენიჭა. მათი კლიენტების რაოდენობა 23 მლნ-ს აჭარბებს. კაპიტალიზაცია - 164,84 მლრდ დოლარი.

5. ჯიპი-მორგან ჩეიზი (JPMorgan Chase) - ეს არა მარტო საფინანსო კომპანია, არამედ მსოფლიოს უძველესი და უდიდესი საფინანსო დაწესებულებაა, რომელსაც გავლენა აქვს მსოფლიო ფინანსურ პროცესებზე. საბაზრო კაპიტალიზაცია - 163,31 მლრდ დოლარი.

6. ჩინეთის ბანკი (Bank of China) - ეს სახელმწიფო ბანკი ჩინეთის ყველაზე ძველი ბანკია. კაპიტალიზაცია -  142,54 მლრდ დოლარი.

7. სიტიგრუპი (Citigroup) - ეს ბანკიც 1998 წელს შეიქმნა ორი საფინანსო ორგანიზაციის (Citicorp da Travelers Group) შერწყმით. სხვათა შორის, სადღეისოდ სწორედ ეს ორგანიზაცია წარმოადგენს აშშ-ის ფასიანი ქაღალდების ე.წ. პირველად დილერს. კაპიტალიზაცია - 140,4 მლრდ დოლარი.

8. ჩინეთის სასოფლო-სამეურნეო ბანკი (Agricultural Bank of China) - ძალიან დიდი ბანკი 23 000 ფილიალით ჩინეთში, ასევე ემსახურება სინგაპურსა და ჰონკონგს და რეკორდსმენია კლიენტების რაოდენობით - 230 მილიონი ინდივიდუალური და 2,5 მლნ კორპორატიული კლიენტი! კაპიტალიზაცია 135,26 მლრდ დოლარი.

9. ამერიკის ბანკი (Bank of America) - მას შემდეგ, რაც ამერიკის ბანკმა 2008 წლის მსოფლიო კრიზისის შედეგად "მერილ ლინჩი" "ჩაყლაპა", აშშ-ის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკია, კაპიტალიზაცია - 133,38 მლრდ დოლარი.

10. იტაუ უნიბანკო (Itau Unibanco) - ეს ბრაზილიური ბანკიც ორი კომპანიის შერწყმის (Itau da Unibanc) შემდეგ გახდა მოწინავე. ამ პერსპექტიული საფინანსო ჯგუფის კაპიტალიზაცია 94,45 მლრდ დოლარია.

ამ ბანკებმა ადვილად გადაიტანეს 2008 წლის მსოფლიო საფინანსო კრიზისი და მათზე  დიდწილად არის დამოკიდებული ეკონომიკური სიტუაცია არა მარტო თავიანთ სახელმწიფოებში, არამედ მთელ მსოფლიოშიც - ნებისმიერის კრახი აუცილებლად გამოიწვევს საერთაშორისო საფინანსო ბაზრის  სერიოზულ პრობლემებს.