მსოფლიოს უძვირესი ბრენდების ტოპათეული - კვირის პალიტრა

მსოფლიოს უძვირესი ბრენდების ტოპათეული

მსოფლიოს ავტორიტეტულ მედიასაშუალებებში უკვე გამოქვეყნდა "ყველაზე ძვირი ბრენდების" ტოპათეული, რომელიც 2012 წლის მარტის მონაცემების მიხედვითაა შედგენილი.

ბრენდი (BRAND) ინგლისურად პირდაპირი მნიშვნელობით სავაჭრო ნიშანს, მარკას, იარლიყს ნიშნავს, რაც საბოლოოდ მარკეტინგის ტერმინად იქცა და მოიცავს ინფორმაციის მთელ კომპლექსს კომპანიების პროდუქციისა და(ან) მომსახურების შესახებ.

ბრენდის ნიშანი მომხმარებლისთვის მწარმოებლის ან საკუთრივ პროდუქციის ადვილად საცნობი და იურიდიულად დაცული სიმბოლური გამოსახულებაა, რომელსაც დამოუკიდებელი ღირებულებაც გააჩნია. მსოფლიო ბრენდების 2012 წლის რეიტინგი კი ასე გამოიყურება:

1. ვალმარტი (Wal-Mart) - ყველაზე დიდი საცალო ქსელი, რომელსაც მსოფლიოს 30 ქვეყანაში 10.000-ზე მეტი მაღაზია აქვს და რომლის წლიურმა ბრუნვამ 2011 წელს 400 მლრდ დოლარს გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ ეს კომპანია ზედიზედ ორი წელია მსოფლიოს ყველაზე მდიდარი კომპანიების ხუთეულშიც შედის. რეიტინგის მონაცემებით ბრენდის ღირებულება 41,4 მლრდ დოლარია.

2. გუგლი (Google)  - დღეისთვის მსოფლიოში ყველაზე პოპულარული და ყველაზე მსხვილი საძიებო სისტემა კორპორაცია "გუგლ ინკორპორეიშენს" ეკუთვნის. სისტემა თვეში დაახლოებით 42 მილიარდ შეკითხვას ამუშავებს და ინფორმაციას 190 ენაზე მოიპოვებს. ბრენდის ღირებულება 36,2 მლრდ დოლარია.

3. კოკა-კოლა (Coca-Cola) - 1886 წელს გრიგს კენდლერის მიერ დაარსებული კომპანია (თჰე ჩოცა-ჩოლა ჩომპანყ) 2006 წლიდან 2011 წლამდე აშშ-ის ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდი იყო. დღეისთვის მისი პროდუქცია მსოფლიოს 200 ქვეყანაში იყიდება. ბრენდის ღირებულება 34,8 მლრდ დოლარია.

4. "აი-ბი-ემი" (IBM) - პროგრამული უზრუნველყოფისა და შესაბამისი აპარატურის ყველაზე დიდი მწარმოებელი მსოფლიოში. ბრენდის ღირებულება 33,8 მლრდ დოლარია.

5. მაიკროსოფტი (Microsoft) - ამ ბრენდით პროდუქცია მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანას მიეწოდება. კორპორაციის  თანამშრომლების რაოდენობა 90 000 ადამიანზე მეტია, ბრენდის ღირებულებაა 33,6 მლრდ.

6. ჯენერალ ელექტრიკი (General Electric) - ეს ამერიკული კორპორაცია ლოკომოტივების, ატომური რეაქტორების, გაზის ტურბინების, სამედიცინო აპარატურის, საავიაციო ძრავებისა და სხვ. მსოფლიოში უდიდესი მწარმოებელია, რომლის წლიური ბრუნვა შარშან 150 მლრდ დოლარი იყო. ბრენდის ღირებულება 32 მლრდ დოლარია.

7. ვოდაფონი (Vodafone) - ფიჭური კავშირის ბრიტანული ოპერატორი 1983 წელსაა დაარსებული. კომპანიის (Vodafone Group) შარშანდელი წლიური ბრუნვა 35 მლრდ გირვანქა სტერლინგია,  ბრენდის ღირებულება 29 მლრდ დოლარია.

8. "ეიჩ-ეს-ბი-სი" (HSBC) - ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საბანკო ჯგუფია. "ფორბსის" 2011 წლის რეიტინგების მიხედვით, ჰოლდინგი (HSBC oldings plc) კაპიტალიზაციის მაჩვენებლებით ევროპაში პირველი და მსოფლიოში მეორე ფინანსური კონგლომერატია. ბრენდის ღირებულება 28,5 მლრდ დოლარია.

9. ჰეულეტ-პაკარდი (Hewlett PacKard) - 1939 წელს დაარსებული ერთ-ერთი უდიდესი ე.წ. აიტი-კომპანიაა, მსოფლიოს ბაზრის ლიდერი ციფრულ ტექნოლოგიებში, განსაკუთრებით პრინტერებისა და მსხვილი ორგტექნიკის წარმოების თვალსაზრისით. ბრენდის ღირებულება 27,4 მლრდ დოლარია.

10. ტოიოტა (Toyota) - კიიტირო ტოიოდას მიერ 1937 წელს დაარსებული იაპონური ავტომწარმოებელი გიგანტი ავტომობილებსა და ავტობუსებს უშვებს მარკით: "ტოიტა" (Toyota), "ლექსუსი" (Lexus), "დაიაცუ" (Daihatsu), "ჰაინო" (Hino), "სციონი" (Scion). ბრენდის ღირებულება 27,3 მლრდ დოლარია.