კატანა - სამურაის სული - კვირის პალიტრა

კატანა - სამურაის სული

იაპონური ხმლებისადმი ინტერესი პირველად მაშინ გაჩნდა, როცა მეორე მსოფლიო ომის დროს, ამერიკელმა ჯარისკაცებმა სამშობლოში მათი ეგზოტიკურ სუვენირებად ჩატანა დაიწყეს.

უჩვეულო ფორმამ და შიშის მომგვრელმა სიბასრემ იაპონური მახვილი საინტერესო გახადა ისტორიკოსების, ხელოვნებათმცოდნეებისა და კინორეჟისორებისთვისაც. იაპონური ხმლების პოპულარიზაციაში ამ უკანასკნელთ დიდი წვლილი მიუძღვით, რაკი სამურაების შესახებ გადაღებულმა ფილმებმა კატანა, ტატი, ვაკიძასი და კიდევ არაერთი სხვა სახეობის იაპონური ცივი იარაღი მთელ მსოფლიოს გააცნო.

იაპონური ხმალი (იაპ. ნიჰონტო) ტრადიციული იაპონური ტექნოლოგიით მრავალფენიანი ფოლადისგან მზადდება. ხმლების დამზადების ტექნოლოგია ამომავალი მზის ქვეყანაში VIII საუკუნეში განვითარდა და სრულყოფილებას XIII საუკუნეში მიაღწია. ამ პერიოდისათვის იაპონელ ოსტატთა მიერ შექმნილი მახვილები უბრალოდ საბრძოლო იარაღი კი არა, ხელოვნების ნამდვილი ნიმუშებიც გახლდათ. თითქმის ათასი წლის განმავლობაში ხმლის ფორმა, პრაქტიკულად არ შეცვლილა. გარდა იმისა, რომ ხმალი ერთ-ერთია იაპონელი იმპერატორის სამ უძველეს რეგალიას შორის, იაპონელი საზოგადოებისთვის ის რიტუალურ და მაგიურ დატვირთვასაც ატარებს.

იაპონური მახვილის სიბასრეზე ლეგენდები დადის. კატანას ან ტატის ელვის უსწრაფესად შეუძლია თმის ღერის ან უთხელესი ქაღალდის ფურცლის გაკვეთა. ნამდვილი იაპონური ხმალი მხოლოდ ბასრი კი არა, უაღრესად მტკიცეც არის. თუმცა, ალბათ ბევრმა არ იცის, თუ როგორ ამოწმებდნენ ახალგამოჭედილი ხმლის თვისებებს: ახალი ხმლით თავს სიკვდილმისჯილებს კვეთდნენ. რაც მეტი თავი "დაიყრებოდა" კატანას ერთი მოქნევით, მით უკეთესი იყო ოსტატის ნახელავი...

იაპონური ხმლის უამრავი ნაირსახეობა არსებობს. გაგაცნობთ რამდენიმე მათგანს.

ტატი - გრძელი ხმალი (პირის სიგრძე  61 სმ-დან), რომელსაც სხვებთან შედარებით მოხრილი პირი აქვს, ძირითადად, ცხენოსანთა ბრძოლისას გამოიყენებოდა.

კატანა - გრძელ (პირის სიგრძე 61-73 სმ) ტატისთან შედარებით ნაკლებად მოხრილი და ფართოპირიანი ხმალია. ვიზუალურად, ტატისაგან ძნელი გასარჩევია, სამაგიეროდ, ტარების მანერით განსხვავდება. ლეგენდის თანახმად, კატანაში სამურაის სულია.

ვაკიძასი - მოკლე ხმალი (პირის სიგრძე 30-60 სმ). XVI საუკუნიდან კატანასთან ერთად, სამურაის შეიარაღების სტანდარტულ ნაკრებში შედიოდა. გამოიყენებოდა როგორც მცირე შენობებში საბრძოლველად, ისე ფარიკაობის სხვადასხვა სახეობაში.

კოტო - სიტყვასიტყვით "ძველი ხმალი", რომელიც 1596 წლამდე მზადდებოდა. მიიჩნევა, რომ ამ იარაღის შემდეგ ტრადიციული ტექნოლოგიების დიდი ნაწილი დაიკარგა. 1596 წლის შემდეგ დამზადებულ ხმლებს კი სინტო, ანუ "ახალი ხმალი" ეწოდება.