ოქროს ათეულები - კვირის პალიტრა

ოქროს ათეულები

დედამიწაზე, "საერთაშორისო ოქროს საბჭოს" მონაცემებით, დღემდე სულ 140.000 ტონა ოქროა მოპოვებული, აქედან ქვეყნების ოქროს მარაგზე მხოლოდ 19% მოდის. ოქროს მარაგი "ოქროსა და ვალუტის რეზერვის" შემადგენელი ნაწილია და ოქროს წილი რეზერვში პროცენტით აღინიშნება. საცავებში ოქროს მარაგი სტანდარტული ზოდების სახით ინახება: ზოდის წონა 400 უნცია ანუ 11,336 კგ-ია.

ქვეყნების ოქროს მარაგის რეიტინგი "ოქროს საბჭოს" ყოველწლიურ ოფიციალურ მონაცემებს ეყრდნობა. ბოლო რეიტინგი 2012 წლის თებერვლის მონაცემების საფუძველზე შედგა.

რაც შეეხება ოქროს მოპოვებას 2011 წელს, მსოფლიოში სულ 2 789 ტ ოქრო მოიპოვეს (2010-ში - 2 638). ოქროს მომპოვებელი ქვეყნების რეიტინგი, ბუნებრივია, მკვეთრად განსხვავდება ოქროს მარაგების ტოპათეულისგან. ბლუმბერგის 2011 წლის მონაცემებით ოქროს მომპოვებელი ქვეყნების  პირველი ათეული ასეთია:

1. ჩინეთი: 380 ტ - ჩინეთი ასევე ლიდერია აზიაში  საიუველირო წარმოებაში გამოყენებული ოქროს რაოდენობით.

2. ავსტრალია: 272 ტ - ამ ქვეყანაში ოქროს მასშტაბური მოპოვება ჯერ კიდევ 1890 წლიდან დაიწყო.

3. აშშ: 243 ტ +- პირველი "ოქროს ძარღვი" ვირჯინიაში  1782 წელს აღმოაჩინეს, ოქროს მოპოვების მკვეთრი ზრდა კი ქვეყანამ 1980 წლიდან დაიწყო.

4. სამხრ. აფრიკა: 221 ტ - მრავალი წელი ოქროს მოპოვების ლიდერი იყო. პროგნოზებით, ათეულში დიდხანს იქნება.

5. რუსეთი: 205 ტ - ექსპერტთა შეფასებით, ოქროს ყველაზე დიდი მარაგები სწორედ ამ ქვეყანაშია.

6. პერუ:  156 ტ - პერუს თითქმის მთელი ოქრო პრაქტიკულად ერთ საბადოში (Rio Huaypetue) მოიპოვება.

7. განა: 102 ტ - 90-იან წლებAში ოქროს წარმოების ერთ-ერთი ლიდერი იყო, ამჟამად წარმოება მკვეთრად შემცირდა.

8. კანადა: 101 ტ - "ოქროს ციებ-ცხელების" ეპოქამ კარგა ხანია ჩაიარა. საბადოები გაღარიბდა, რის გამოც ქვეყანაში ოქროს მოპოვება ეცემა.

9. ინდონეზია: 97 ტ - რეგიონის უდიდესი ქვეყანა ოქროს მოპოვების ლიდერებში მხოლოდ ბოლო წლებში გაერია.

10. მექსიკა: 82 ტ - ოქროს მოპოვების ზრდა კანადურ ოქროსმომპოვებელ კომპანიას უკავშირდება, რომელსაც ჩვენთვის საინტერესო სახელი: "არგონავტების ოქრო"! (Argonaut Gold Inc.) ჰქვია.

1. აშშ: 8.133,5 ტ (წილი რეზერვში 74,5%). მრავალი წელია უპირობო ლიდერია. საინტერესო ისაა, რომ ევროზონასა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს ჯამურად ოქროს უფრო დიდი მარაგი აქვთ, მაგრამ სავალუტო ფონდის ოქროს მარაგი (2 814 ტ) აშშ-ის კონგრესის მიერ კონტროლდება! კონგრესის შესაბამისი რეზოლუციის გარეშე სავალუტო ფონდი ოქროს ვერ გაყიდის.

2. გერმანია: 3.396,3 ტ (71,4%). ევროპის წამყვანი ქვეყანა სტაბილურად ინარჩუნებს რეიტინგში მეორე ადგილს.

3. იტალია: 2.451,8 ტ (71,0%). რეზერვში ოქროს წილს სტაბილურად ზრდის, რომელმაც წელს კიდევ 2,4%-ით მოიმატა.

4. საფრანგეთი: 2.435,4 ტ (71,1%). ოქროს მარაგმა წელს 249 ტონით დაიკლო, მაგრამ რეზერვიდან ვალუტაც დაიხარჯა და ოქროს წილი პირიქით, 3,9%-ით გაიზარდა.

5. ჩინეთი: 1.054,1 ტ (1,6%). ბოლო წლებში ჩინეთი ლიდერია ოქროს მოპოვებაშიც, მაგრამ მთავრობა ოქროს მარაგის გაზრდას არ ცდილობს, რადგან ეს ბევრს არაფერს შეცვლის - ქვეყნის კოლოსალურ საერთო რეზერვში ოქროს უმნიშვნელო წილი უჭირავს. ჩინეთის ოქროსა და ვალუტის რეზერვის მოცულობა მსოფლიოში პირველია - 2011 წლის იანვრის მონაცემებით 3 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა და თანაც ჰონკონგის, მაკაოსა და ტაივანის გარეშე!

6. შვეიცარია: 1.040,1 ტ (16,3%). ექსპერტთა შეფასებით, ყველაზე სანდოდ მიჩნეულ შვეიცარიის ბანკებში სახელმწიფო მარაგთან შედარებით გაცილებით მეტი კერძო ოქროა თავმოყრილი.

7. ირანი: 907 ტ (15,9%). ათეულში პირველად მოხვდა: მთავრობამ ახლახან შეიძინა ოქროს მარაგის გასაზრდელად 3 მლრდ დოლარის ღირებულების ლითონი.

8. რუსეთი: 883,3 ტ (9,1%). ოქროს მომპოვებელი ქვეყნების ათეულშიც შედის, თუმცა წელს რეიტინგში ერთი საფეხურით უკან დაიწია.

9. იაპონია: 765,2 ტ (1,9%). სტიქიური კატასტროფების შედეგად გაზრდილი ხარჯების გამო, იაპონიას ოქროს ნაწილის გაყიდვამ მოუწია, თუმცა ათეულში ადგილი შეინარჩუნა.

10. ჰოლანდია: 612,5 ტ (59,8%). მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების ათეულშიც შედის, მის წილად ევროპის მშპ-ს 5% მოდის და ოქროს მარაგის რეიტინგებში სტაბილურად ხვდება.

ოქროს რეიტინგში ქვეყნების გარდა ფიგურირებს მსოფლიოს ყველაზე მსხვილი საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაცია - საერთაშორისო სავალუტო ფონდი (სსფ) და ევროპის ცენტრალური ბანკი.

სსფ-ს ოქროს მარაგი დიდი ხნის მანძილზე ხელუხლებელი იყო, 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ ფონდი იძულებული გახდა ღარიბი ქვეყნების ვალების გასასტუმრებლად საცავები გაეხსნა - ერთ წელიწადში მთელი მარაგის მერვედი გაყიდა. ამჟამად სსფ-ს ოქროს მარაგია 2 814 ტონა. ამით იგი მსოფლიოში მესამეა. რაც შეეხება ევროპის ცენტრალურ ბანკს, მისი ოქროს მარაგი, 502,1 ტ, სიდიდით მეცამეტეა.