ორი "გიჟი" ჯო - კვირის პალიტრა

ორი "გიჟი" ჯო

ალბათ, უსამართლობა იქნებოდა, ასტრონავტი და პილოტი ჯოზეფ კიტინჯერი კაცობრიობას სამყაროში ყველაზე გაბედულ ადამიანად არ შეერაცხა. ის ხომ პირველი იყო, ვინც ფაქტობრივად, კოსმოსიდან გადმოხტა დედამიწაზე. სანამ რუსები კვეხნას დაიწყებდნენ კოსმოსური რაკეტით იური გაგარინის კოსმოსში გაფრენის გამო, ამერიკის სამხედრო-საჰაერო ძალების პოლკოვნიკი“"გიჟი” ჯო", იგივე ჯოზეფ კიტინჯერი, 1960 წლის 16 აგვისტოს ჰელიუმით სავსე გიგანტური საჰაერო ბუშტით, „"ექსცელსიორ 3 "-ით, აიჭრა სტრატოსფეროსკენ. მას უმნიშვნელოვანესი მისია უნდა შეესრულებინა - გამოეცადა საპარაშუტო სისტემა, რომელიც დიდი სიმაღლიდან ვარდნის შემთხვევაში გამოიყენებოდა.

ყველაფერი ასე დაიწყო: 1928 წლის 27 ივლისს დაბადებულ ჯოზეფ ვილიამ კიტინჯერს მოტორიანი კატარღების სწრაფად ტარება უყვარდა, მაგრამ ბედმა ცისკენ ატყორცნა. მან 1960 წლის 16 აგვისტოს სამი რეკორდი დაამყარა: უმაღლესი წერტილიდან გადმოხტომა, უსწრაფესი გადმოხტომა და ყველაზე გრძელი ნახტომი. ის პირველი ადამიანია, რომელმაც გაზის ბუშტით მარტომ გადაკვეთა ატლანტის ოკეანე. მონაწილეობდა ვიეტნამის ომში და 11 თვე ტყვეობაშიც გაატარა...

1954 წელს ნიუ-მექსიკოში, საჰაერო ძალების რაკეტების დამამზადებელ ცენტრში დაიწყო მუშაობა. ფრენის პიონერი, პოლკოვნიკი ჯონ პოლ სტაპი გაოცებული იყო რეაქტიული თვითმფრინავის კიტინჯერისეული მართვის ხელოვნებით, ამიტომაც რეკომენდაცია გაუწია, მონაწილეობა მიეღო კოსმოსთან დაკავშირებულ საავიაციო კვლევებში. სტაპს სურდა ბუშტების გამოცდა ძალიან დიდ სიმაღლეზე. კაპიტანი კიტინჯერი საჰაერო სივრცის სამედიცინო კვლევების ლაბორატორიაში გადაიყვანეს, სადაც პროექტ "ექსცელსიორის" (მაღლა და უფრო მაღლა) ფარგლებში პარაშუტით განახორციელა სამი უკიდურესად სახიფათო ნახტომი გახსნილი გონდოლებიდან, რომლებიც ჰაერში გაუშვეს ჰელიუმის დიდი ბუშტებით.

რეკორდის დამყარებამდე, 1957 წელს, ვარჯიშისას კიტინჯერი 29,490 მეტრ სიმაღლზე ავიდა (მაგრამ არ გადმომხტარა); ამისთვის მან მედალი მიიღო. 1959 წლის 16 ნოემბერს, დაახლოებით 23 300 მეტრიდან გადმოხტომას კინაღამ შეეწირა. აღჭურვილობის მწყობრიდან გამოსვლის გამო კიტინჯერმა გონება დაკარგა და სიკვდილისაგან პარაშუტის ავტომატურმა გამხსნელმა იხსნა. ის ჰაერში ძალიან სწრაფად ბრუნავდა - წუთში დაახლოებით 120 ბრუნს აკეთებდა. 1959 წლის 11 დეკემბერს კიდევ ერთხელ გადმოხტა დაახლოებით 22 800 მეტრიდან.

1960 წლის 16 აგვისტოს, როდესაც "ექსცელსიორ 3" ღრუბლებსაც ასცდა და დედამიწას 31 333 მეტრით დაშორდა. ვარდნა ძალიან შორი მანძილიდან დაიწყო, ანუ უკანასკნელი ზღვრიდან იმ ზონამდე, სადაც ვეღარაფერი დაიცავდა მზის ულტრაიისფერი გამოსხივებისგან და სამუდამოდ დაიკარგებოდა კოსმოსში... მან გაიარა სტრატოსფერო, ტროპოპაუზა და შემოიჭრა ტროპოსფეროში, განავითარა მაქსიმალური სიჩქარე - 988 კმ/სთ-ში და გაუძლო -700ჩ ტემპერატურას. თავისუფალი ვარდნა თითქმის 15 წუთს გრძელდებოდა. პარაშუტი გახსნა დედამიწიდან 5 500 მეტრის სიმაღლეზე. ჰაერის ზეწოლის შედეგად დაზიანდა მისი მარჯვენა ხელთათმანი, რის გამოც ხელი გაუსივდა და ჩვეულებრივზე ორჯერ დიდი გახდა. ჯო კიტინჯერი ნიუ-მექსიკოს უდაბნოში დაეშვა. მისი ნახტომი მსოფლიოში დღემდე განუმეორებლად რჩება. ამ ლეგენდარული და რეკორდული ნახტომის წყალობით გაიარა გამოცდა იმ კოსტიუმებისა და პარაშუტების ადრეულმა ნიმუშებმა, რომელთა დახმარებით მოგვიანებით უამრავი სხვა მნიშვნელოვანი ოპერაცია ჩატარდა.

კიტინჯერის ნახტომები განხორციელდა "მოქანავე-სკამის" პოზიციაში. მას ეკეთა 27-კილოიანი“ზურგჩანთა და მისი დამცავი კოსტიუმი დამზადებული იყო ისე, რომ ჰაერით გაბერვის შემდეგ მიეღო მჯდომარის ფორმა, ამიტომ გადახრილი იყო უკან და არა, როგორც ჩვეულებრივი სკაიდაივერები, ანუ”სახით ქვემოთ. ნახტომების ამ სერიების შემდეგ კიტინჯერმა მიიღო მეორე ჯილდო სახელოვანი გაფრენისათვის.

1960 წლის 16 აგვისტოდან 52 წელი გავიდა, მაგრამ კიტინჯერი კვლავ რჩება ყველაზე გაბედულ სკაიდაივერად დედამიწის ზურგზე.

მიმდინარე წლის ივლისის მიწურულს რეკორდსმენ სკაიდაივერებს შორის კიდევ ერთი "გიჟი ჯო" გამოჩნდა - კოლუმბიელი კასკადიორი, 29 წლის ჯონათან ფლორესი მხოლოდ საფრენი კოსტიუმის იმედზე 11 კმ სიმაღლიდან გადმოხტა და 11-კილომეტრიანი მანძილი 9 წუთსა და 6 წამში დაფარა უპარაშუტოდ. ეს ყველაზე ხანგრძლივი ფრენა იყო მსოფლიოში. ამასთან, მან ყველაზე დიდი სიჩქარის - 160 კმ/სთ განვითარება შეძლო. სპორტსმენმა ატმოსფეროს ის ფენა გაიარა, რომლის ტემპერატურაც - 450ჩ-ია. პარაშუტი მან მიწაზე დაშვებამდე ცოტა ხნით ადრე გახსნა...

გიორგი კომახიძე, ექსტრემალური სახეობების კლუბ "კ2"-ის დირექტორი: - ორივე ჯო საოცარი ადამიანია. ისინი ცდებს ატარებენ საკუთარ თავზე. ვარდნისას მათი ორგანიზმი განიცდის საოცარ ცვლილებებს. წარმოუდგენელია, ასეთ დროს ყველაფერი წინასწარ გათვალო, ამიტომაც პრაქტიკულად ყველაფერი გამართლებაზეა დამოკიდებული.  ტრაგიკული დასასრულის შემთხვევაში ვერ იტყვი, შეცდომა დაუშვეს და იმიტომ მოხდა ასეო; რომ გადმოხტნენ, ეს უკვე შეცდომაა, რომელიც კარგად ან ცუდად მთავრდება. რამდენიმე წლის წინ, შამანში, ექსტრემალების ფესტივალზე გავიცანი ჩემი ტოლი ბიჭი, რომელიც  ევერესტიდან პირველი დაეშვა თხილამურებით. ხალხი მისმა დანახვამ გააოგნა, მან კი თქვა, რომ ჯერ არ გაუკეთებია ყველაფერი.

ასეა, ასეთებისთვის მიღწეული შედეგი უკვე აღარაფერია. სამწუხაროდ, ის ბიჭი მეორე წელს, ევერესტის სხვა მიმართულებიდან დაშვების დროს დაიღუპა - ისე გაფრინდა, რომ ვერსად იპოვეს. ასევე იყო თოკით ხტომის ფუძემდებელი დენ ოსმანიც. ის უკეთესი შედეგის მიღების მცდელობას შეეწირა. ასეთები მრავლად არიან მსოფლიოში. ამას წინათ ჰოლანდიაში მსოფლიო ჩემპიონატი იმართებოდა პარაპლანით ფრენაში. ამინდი გაფუჭდა და რამდენიმე მფრინავი გაიტაცა, რომლებიც დაიღუპნენ; ერთი გოგო სასწაულებრივად გადარჩა - 9 000 მეტრამდე აიტანა პარაპლანმა, 6 000 მ-ზე გონება დაკარგა; 9 000 მ-ზე პარაპლანი გაიყინა და ვარდნა დაიწყო; ის გოგო 2 საათის განმავლობაში იყო დაკიდებული 9 000 მ-ზე; ვერავინ ხსნის, როგორ სუნთქავდა. ხელები მოყინული ჰქონდა, მაგრამ სასწაული მოახდინა - პარაპლანი დასვა და მაშველს რაციით კოორდინატები გადასცა. ორი კვირის შემდეგ იმავე პარაპლანით დაფრინავდა. ამ ამბის შესახებ "დისქავერიზე" დოკუმენტური ფილმი მოამზადეს. ასეთი“"გიჟები" ყველა დროში არიან და მათ გარეშე სამყარო ბევრს დაკარგავდა. ჯო კიტინჯერი ახლა 84 წლისაა და მაინც არ ისვენებს - კონსულტაციას უწევს სკაიდაივერებს, რომლებიც მისი რეკორდის მოხსნას ცდილობენ.