"ასტრონომიული" აფერა - კვირის პალიტრა

"ასტრონომიული" აფერა

მარსმა შეუმჩნევლად ჩაგვიარა

დედამიწის მოსახლეობას კიდევ ერთხელ გაუცრუვდა იმედი, რომ ღამით ცაზე ერთბაშად ორ კაშკაშა მნათობს - მთვარესა და მეტისმეტად მოახლოებულ მარსს დაინახავდა. ინტერნეტქსელებით გავრცელებული ამ "ასტრონომიული" აფერის იდუმალი ავტორები იუწყებოდნენ, რომ გაბადრული მარსი ცაზე 27 აგვისტოს, ღამის პირველ საათამდე გამოჩნდებოდა. დედამიწასა და მარსს  შორის მანძილი 55 მილიონი კილომეტრია. ამჯერად წითელი პლანეტა დედამიწას მხოლოდ 6 000 კილომეტრით მოუახლოვდა, არადა, ცაზე მთვარის ოდენა რომ გამოჩნდეს, 20 მილიონი კილომეტრით მაინც უნდა მოგვიახლოვდეს. ასტრონომების აზრით, ეს თეორიულადაც კი შეუძლებელია.

მარინა გიგოლაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მთავარი მკვლევარი, მეცნ. დოქტორი, პროფესორი: -  პლანეტები მზის გარშემო ელიფსურ ორბიტებზე მოძრაობს და ერთმანეთს მეტად ან ნაკლებად უახლოვდება. განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, იგივე ხდებოდა 2003 წლის 25 ივლისსაც, რასაც ასევე წინ უძღოდა ჭორები, რომ მარსი დედამიწიდან მთვარის ზომისა გამოჩნდებოდა. ასეთი მითქმა-მოთქმა იყო 2005, 2007 და 2009 წლებში მარსის მოახლოების დროსაც. ვინ შეიძლება იყოს დაინტერესებული ასეთი ასტრონომიული ჭორებით? ალბათ, ისინი, ვისაც ადამიანების აფორიაქება მოსწონს. ეს მოვლენა შეუიარაღებელი თვალისთვის კვლავ შეუმჩნევლად ჩაივლის. ამ დღეებში მარსი ოდნავ უფრო კაშკაშა გამოჩნდება. ადამიანებს ამის გამო არავითარი საშიშროება არ ელით. ეს მოვლენა მხოლოდ ასტრონომებისთვისაა საინტერესო. ზუსტად ამ მანძილზე მარსი დედამიწას 2287 წელსაც მოუახლოვდება.

მარსი რომ ცაზე მთვარის ოდენა გამოჩნდეს, კოსმოსში რაღაც ძალიან სერიოზული უნდა მოხდეს. მაგალითად, მზის სისტემაში ყველაზე დიდი პლანეტის - იუპიტერის გრავიტაციული მიზიდულობის ძალა განსაკუთრებულად უნდა შეიცვალოს. იუპიტერი მზის სისტემის ყველაზე დიდი პლანეტაა; მისი მიზიდულობის ძალა ოდნავ ცვლის იუპიტერთან შედარებით მცირე ზომის პლანეტების ორბიტებს. მარსი დედამიწასა და იუპიტერს შორის მოძრაობს, ამიტომ იუპიტერი მარსის ორბიტის პარამეტრების მცირე ცვლილებას განუწყვეტლივ იწვევს. მარსის ორბიტა გრანდიოზული კატასტროფით, ასტეროიდის შეჯახებითაც შესაძლოა შეიცვალოს, თუმცა ამის შანსიც უმცირესია. ასეც რომ მოხდეს და ცაზე მთვარის ზომის მარსი მოგვევლინოს, ეს დედამიწაზე კატასტროფას ვერ გამოიწვევს, შესაძლოა, მხოლოდ, მთვარის მსგავსად, გრავიტაციული ზემოქმედების შედეგად, გავლენა მოახდინოს ოკეანის წყლების მიქცევა-მოქცევასა და ვულკანების ამოფრქვევაზე.

ინტენსიური ამოფრქვევები მზეზე გრძელდება

უკვე წელიწად-ნახევარია ჩვენი მზე გააქტიურდა, ხდება ინტენსიური ამოფრქვევები. ამჯერად ეს პროცესები მზის აქტივობის მაქსიმალურ ფაზაში შესვლასთანაა დაკავშირებული, რის შედეგადაც მიმდინარე წლის ბოლოს და 2013 წლის დასაწყისში ცეცხლოვან ციურ სხეულზე ამოფრქვევების პიკი იქნება. დედამიწაზე ამის შედეგად გამოწვეული მაგნიტური ქარიშხლები გააქტიურდება და ზემოქმედებას მოახდენს გულ-სისხლძარღვთა დაავადების მქონე ადამიანთა ჯანმრთლობაზე.

ასევე იხილეთ: ვიდეო, რომელიც შეგძრავთ - რა გვემუქრება, თუ 2012 წელს დედამიწას ასტეროიდი შეეჯახება?