სუნამო მილიონ დოლარად! - კვირის პალიტრა

სუნამო მილიონ დოლარად!

მსოფლიოს საუკეთესო სუნამოები, განსაკუთრებული სურნელისა და ძვირფასი ინგრედიენტების გარდა, ვიზუალურადაც გამოირჩევა: უძვირესი სუნამოების ფლაკონები საიუველირო შედევრიცაა. უფრო საინტერესო კი ე.წ. ყველა დროის სუნამოთა რეიტინგია - ეს ის "უჭკნობი" ტოპათეულია, რომელმაც გაუძლო დროის გამოცდას და ათწლეულების მანძილზე ყველა სეზონის ლიდერებშია.

უძვირესი სუნამოების ტოპათეული (2011 წ)

1. DKNY Golden Delicious — 1 მლნ დოლარი. ამერიკელმა დიზაინერმა დონა კარანიმ ვაშლის ყვავილების არომატზე დაყრდნობით შესანიშნავი სუნამო შექმნა. თეთრი და ყვითელი ოქროსგან დამზადებული ვაშლის ფორმის ფლაკონზე 3 000 ძვირფასი თვლით (ბრილიანტი, საფირონი, თურმალინი) ნიუ-იორკის პეიზაჟია გამოსახული, ბროლის სადგამი კი ოკეანეს განასახიერებს. თითო ასეთი შედევრის შექმნას იუველირების 1 500-საათიანი შრომა სჭირდება.

2. Secret de la Reine Guerlain— 375 ათასი დოლარი. ჟაკ გერლენის მორიგი შედევრი, რომლის ფლაკონიც ასევე ხელოვნების ნიმუშია - 123,73 გ პლატინის, ბრილიანტებისა და შავი ონიქსისგან დამზადებული "ფუტკარი", ამასთანავე კულონიცაა. ხოლო სუნამოს გამოყენებისას ფლაკონი "ფრთებსაც" შლის.

3. Clive Christian’s Imperial Majesty —  350 ათასი დოლარი. ბრიტანელი კლაივ კრისტიანის ეს სუნამო, გინესის წიგნის მიხედვით, წლების მანძილზე ყველაზე ძვირი იყო: მთის ბროლის 5 კგ-იანი ფლაკონი ოქროთი, ბრილიანტებითა და ალმასებითაა მოოჭვილი. 2002 წელს კრისტიანმა ელისაბედ მეორეს, ტახტზე ასვლის 50 წლისთავთან დაკავშირებით, 500 000 დოლარად შეფასებული სუნამო მიართვა.

4. V1  Gianni Vive Sulman - 85 ათასი დოლარი - ინგლისელ პარფიუმერ არტურ ბერნჰემს ამ საოცარი არომატის კომპონენტების შესარჩევად 5 წელი დასჭირდა. მან წლები შეალია ძველეგვიპტური პარფიუმერიის საიდუმლოებების შესწავლას და ვარდისა და სურნელოვანი ფისის უნიკალური შეხამება აღმოაჩინა, რომელსაც V1 უწოდა. სუნამო მხოლოდ შეკვეთით მზადდება. ოქროთი დაფარულ ხელნაკეთ ხის ფლაკონს ბაჯაღლო ოქროს გასაღები აღებს.

5. Paco Rabanne 1 Million 18 Carats LUXE edition —  56 ათასი დოლარი. ყველაზე პრესტიჟული მამაკაცის სუნამო ზოდის ფორმის ოქროს ფლაკონში ასხია.

6. J’Adore L’Or Haute Joaillerie Exception - 50 ათასი დოლარი. დიორის საკოლექციო სუნამო სულ 8 ცალი დამზადდა. ოქროთი შემკული ფლაკონი Bაცცარატ-ის ბროლისგანაა დამზადებული.

7. Guerlain Idylle Tear of Lov - 45 ათასი დოლარი. ათეულში გერლენის მეორე სუნამოცაა. "სიყვარულის ცრემლის" ბროლის ფლაკონი ოქროთია მოვარაყებული.

8. Les Larmes Sacrées de Thebes Baccarat — 6 800 დოლარი. ძვირფასი ფლაკონების მწარმოებელმა კომპანიამ Bაცცარატ-ი, სუნამოს საკუთარი ხაზიც გამოუშვა. მთის ბროლისგან დამზადებული ფლაკონი ძვირფასი თვლებით არის მოოჭვილი.

9.  Bond N9 —   3 500 დოლარი. ბრენდის კრედო ნიუ-იორკია: მათი 32-ვე სუნამო ამა თუ იმ "უბნის ატმოსფეროს" ეძღვნება. 125 მლ ტევადობის ფლაკონი სვაროვსკის 16 500 კრისტალითაა მოოჭვილი, ფლაკონის ავსება მფლობელს 32 სხვადასხვა არომატით შეუძლია.

10.  Caron’s Poivre - 2 ათასი დოლარი. სუნამო "წიწაკა" 1954 წელს გამოჩნდა მოდის სამყაროში და იმ დროიდან ბრენდი მუდმივად იყენებს წიწაკის, ქინძის, კვლიავისა და მიხაკის არომატებს.

"უჭკნობი" სუნამოები

1. Chanel N5, Chanel - ყველაზე ცნობილი სუნამო 90 წლისაა. კოკო შანელის შეკვეთით პარფიუმერმა ბომ მას ასარჩევად 10 ესენცია მიართვა, საიდანაც კოკომ მე-5 ნომერი ამოირჩია...

2.  Shalimar, Guerlain - "შალიმარი" ძველინდურად სიყვარულის ტაძარია. ჟაკ გერლენის 1925 წელს შექმნილ სუნამოს საფუძვლად თაჯ-მაჰალის აგების ამბავი დაედო.

3. L’Air du Temps, Nina Ricci - საკულტო "დროის სული" 1948 წელს ნინა რიჩის ვაჟმა ომის დასრულებას მიუძღვნა - ფლაკონის სახურავზე უცვლელადაა მშვიდობის სიმბოლო - მტრედი.

4. Youth Dew, Estee Lauder - "სიყმაწვილის ცვარი" პირველი ამერიკული სუნამოა, რომელმაც მსოფლიო დაიპყრო. 1950 წელს ესტე ლაუდერმა გადაწყვიტა, არა მხოლოდ საღამოს, არამედ  დღის ნებისმიერ მონაკვეთში გამოსაყენებელი სუნამო შეექმნა, რომელიც მხოლოდ ელიტის ფუფუნების საგანი არ იქნებოდა.

5. Opium, Yves Saint Laurent - ლეგენდარული "ოპიუმი"  ივ სენ ლორანმა 1977 წელს შექმნა და პროვოკაციული სახელწოდებაც თავადვე შეარჩია.

6. Poison, Christian Dior - კრისტიან დიორის საკულტო არომატ "პუაზონის" გამოჩენას 1985 წელს ბუმი მოჰყვა.

7. Obsession, Calvin Klein - კელვინ კლაინის სუნამო "ცდუნებაც" 1985 წელს შეიქმნა.

8. 212, Carolina Herrera -  სახელწოდება, "212", კაროლინა ჰერერას საყვარელი ქალაქის, ნიუ-იორკის სატელეფონო კოდია.

9. For Her, Narciso Rodriguez - ნარცისო როდრიგესის 2003 წელს შექმნილი პირველივე სუნამო ყველაზე ეფექტიანი აღმოჩნდა.

მოამზადა რამაზ გურგენიძემ