ჯინსის თაობები - კვირის პალიტრა

ჯინსის თაობები

მედიასივრცეში ხშირად ტარდება გამოკითხვები მოდის ისტორიაზე, სამოსსა და ნივთებზე, რომლებიც დღესაც მოდურია. ასეთთა შორის არის ბიუსტჰალტერი, მინიკაბა, ბიკინი, ყელიანი წინდები, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, საყოველთაოდ ცნობილი კოკო შანელის პატარა შავი კაბა და, რა თქმა უნდა, ჯინსი. არადა, ჯინსის "მამას", ღარიბ ემიგრანტ ლევი სტრაუსს (ლეიბა შტრაუსს) ფიქრადაც არ მოუვიდოდა, რომ ოქროსმაძიებლებისთვის შექმნილი კომბინეზონი მსოფლიოს დაიპყრობდა. სხვათა შორის, ტერმინი "ჯინსი" შედარებით გვიან, XX საუკუნის 30-იან წლებში დამკვიდრდა. მის სახელს ქალაქ გენუას (Genoa) უკავშირებენ. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ 1847 წელს სტრაუსების ოჯახი ბავარიიდან ნიუ-იორკში გადაბარგდა, სადაც 16 წლის ლევიმ ძმის ქსოვილების მაღაზიაში დაიწყო მუშაობა. 6 წლის შემდეგ, კალიფორნიული ოქროს ციებ-ცხელების დროს, მან სან-ფრანცისკოში გახსნა ქსოვილების მაღაზია, სადაც კარვების, ტენტებისა და აფრების ტილოც იყიდებოდა. ოქროსმაძიებლები ხშირად უჩიოდნენ სამუშაო ტანსაცმლის უხარისხობას და ლევი სტრაუსს ბრწყინვალე იდეა დაებადა - სამუშაო სამოსისთვის გამძლე კანაფის ყავისფერი ტილო გამოეყენებინა. კომბინეზონების პირველივე პარტია სწრაფად გაიყიდა. მაგრამ მალე ლევის ტილოს მარაგი ამოეწურა და მან კომბინეზონების კერვა ლურჯი სარჟით გააგრძელა. ამასობაში ნევადელ მკერავს, ჯეიკობ დეივისს (იაკობ იუფიზს), ემიგრანტს რიგიდან, რომელიც ლევი სტრაუსის მაღაზიის მუდმივი კლიენტი იყო, ერთხელ მყიდველმა შესჩივლა, ჩემი კომბინეზონის ჯიბეები ვერ უძლებს მძიმე ტვირთსო და ჯეიკობს დაებადა იდეა, ჯიბეები გამძლეობისთვის მოქლონებით დაემაგრებინა.

დეივისმა სტრაუსს თავისი იდეა გააცნო და ახალგამომცხვარმა კომპანიონებმა 1873 წელს ამ გამოგონებაზე პატენტი #139,121 (აშშ) მიიღეს. 1885 წელს ლევისმა, რომელსაც უკვე სამი ფაბრიკა ჰქონდა სან-ფრანცისკოში, ახალი ქსოვილის, დენიმის გამოყენება დაიწყო. 1890 წელს ლევისმა დენიმით შეკერილი მოდელი "501" გამოუშვა და დიდი მოგებაც ნახა. წყვილი დოლარი და 25 ცენტი ღირდა. ლევის კონკურენტებიც გამოუჩნდნენ. 1889 წელს ჰენრი ლი ჯინსის წარმოებას შეუდგა და რამდენიმე წლის შემდეგ ჯინსის ბაზარზე მეორე ადგილი დაიკავა. სულ მალე ჯინსის წარმოება ევროპაშიც დაიწყო. პირველი ინგლისური ფირმა Lee Cooper-ი იყო. 1926 წელს ფირმამ ნამდვილი რევოლუცია მოახდინა, როდესაც კომბინეზონებში ელვა გამოიყენა. 1935 წელს პოპულარულმა ჟურნალმა "ვოგმა" ლევისის პირველი ქალის ჯინსის ფოტო გამოაქვეყნა, მაგრამ ამ სიახლემ უხმაუროდ ჩაიარა. 1947 წელს ბაზარზე კომპანია "ბლუ ბელი" გამოჩნდა, რომელიც "ვრანგლერის" მარკის ჯინსს მხოლოდ კოვბოებისთვის უშვებდა.

ჯინსის ნამდვილი ბუმი XX საუკუნის 50-იან წლებში დაიწყო, როდესაც ჯინსი ისეთმა საკულტო ფიგურებმა ჩაიცვეს, როგორიც ჯეიმზ დინი და ელვის პრესლი იყვნენ. ჯინსის პოპულარიზაციაში ჰოლივუდმაც დიდი წვლილი შეიტანა ვესტერნებით. ამას ჰიპების მოძრაობაც დაერთო და ჯინსი ახალგაზრდული ნონკონფორმისტული მოდის სავალდებულო ატრიბუტად იქცა. მალე ჯინსს უკვე მაღალმა მოდამაც მიაქცია ყურადღება. პირველად კელვინ კლაინმა წარმოადგინა ჯინსში გამოწყობილი 15 წლის ბრუკ შილდსი.

ბოლო დროს პირველობის პალმას ჯინსის გამოგონებაში ამერიკელებს იტალიელები ეცილებიან და ამტკიცებენ, რომ ჯერ კიდევ 1860 წელს იტალიის ეროვნულ გმირს ჯუზეპე გარიბალდის ეცვა ცისფერი სალაშქრო შარვალი, რომელიც ქალაქ გენუაში ყოფილა შეკერილი. ასე რომ, ჯინსის ისტორია გრძელდება.