საუკეთესო წამალი თავის ტკივილისთვის - კვირის პალიტრა

საუკეთესო წამალი თავის ტკივილისთვის

სიკვდილით დასჯის ფრანგული იარაღის, – გილიოტინის ავტორობა ექიმ ჟოზეფ გიიოტენს (1738-1814) მიეწერება, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. ცნობილი მეცნიერი და მედიკოსი გიიოტენი იმავდროულად დამფუძნებელი კრების დეპუტატი იყო. მისი წინადადებით კრებამ მიიღო სპეციალური დეკრეტი, რომლის მიხედვით სიკვდილით დასჯის შუასაუკუნოვანი ბარბაროსული მეთოდები: ჩამოხრჩობა, კოცონზე დაწვა, თავისა და ხელ-ფეხის მოკვეთა და სხვ., ნაკლებად მტანჯველი პროცედურით, სპეციალური მექანიზმის გამოყენებით შეცვლილიყო. ამასთან, გადაიჭრებოდა ჯალათების დეფიციტის პრობლემაც.

მექანიკური მოწყობილობის იდეა ნამდვილად ახალი არ იყო, ასეთ მეთოდს შუა საუკუნეებში იყენებდნენ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში. გერმანელმა მექანიკოსმა თომას შმიდტმა გილიოტინის იდეა სრულყო და ხორცი შეასხა. ბედის ირონიით, გილიოტინის სრულყოფაში მონაწილეობა მიუღია მის მომავალ მსხვერპლს, მეფე ლუი XVI-ს. თავდაპირველად ნაჯახი ნახევარწრიული ყოფილა, ხოლო მეფის რჩევით, მისი ფორმა ირიბი გამხდარა. გილიოტინის პირველი მსხვერპლი ქურდი ნიკოლა პელეტიე იყო, მას 1792 წლის 25 აპრილს მოჰკვეთეს თავი. მას შემდეგ, თითქმის ორი საუკუნის განმავლობაში, ეს საზარელი მექანიზმი სისხლიან მოსავალს იწევდა და მხოლოდ 1981 წელს, მას შემდეგ, რაც საფრანგეთში სიკვდილით დასჯა გაუქმდა, გილიოტინამ მუზეუმში გადაინაცვლა. უცნაურია, მაგრამ ეს საზარელი მოწყობილობა არაერთი ოხუნჯობის თემაც გამხდარა საფრანგეთში. მათგან ყველაზე გავრცელებულია გამონათქვამი: "გილიოტინა თავის ტკივილის საუკეთესო წამალია".