ქვეყნების ეკონომიკური ტოპათეული - კვირის პალიტრა

ქვეყნების ეკონომიკური ტოპათეული

ფორბსის" მიერ მსოფლიოს 10 უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყნის 2012 წლის რეიტინგი, ტრადიციულად, შარშანდელ შედეგებზე დაყრდნობით შედგა. მისი ძირითადი კრიტერიუმი მთლიანი შიდა პროდუქტია (მშPპ). აქვე მითითებულია ეკონომიკის 3 ძირითადი დარგიდან - სოფლის მეურნეობა, მრეწველობა და მომსახურების სფერო - თითოეულის პროცენტული წილი. უდიდესი ეკონომიკა ავტომატურად არ ნიშნავს მაღალი ცხოვრების დონეს - თუ როგორი კორელაციაა ამ ორ მაჩვენებელს შორის, გაეროს შედგენილი ქვეყნების ცხოვრების დონის რეიტინგიდან შეიტყობთ.

1. აშშ - მშპ 15 094 025 მლნ დოლარი

ამერიკა 1920 წლიდან მსოფლიოში ეკონომიკურად უძლიერესი ქვეყნების  ტოპათეულის პირველ საფეხურზეა - საინოვაციო და მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის მსოფლიო ლიდერი. წამყვანი დარგებია: მეტალურგია, საავტომობილო მშენებლობა, აეროკოსმოსური, ტელესაკომუნიკაციო, ქიმიური, ელექტრონული, კვების მრეწველობა, სამომხმარებლო საქონლის წარმოება. მაღალპროდუქტიული სოფლის მეურნეობა. მსოფლიოს უმსხვილესი საბანკო სისტემა და საფონდო ბირჟა, მრავალი ტრანსნაციონალური კორპორაცია.

2. ჩინეთი - 7 298 147

პირველ ადგილზეა წიაღისეულის მოპოვებით, 100-მეტი სახის პროდუქციის მსოფლიო წარმოების ლიდერი. ექსპორტი 50 000-ზე მეტ დასახელებას მოიცავს და ბიუჯეტის 80% აქედან ივსება. მსოფლიო ტოპათეულში შედიან: ნავთობკომპანია Petro China, მსოფლიოს ყველაზე დიდი საკომუნიკაციო კომპანია China Mobile, "ჩინეთის სამშენებლო ბანკი" და მსოფლიოში ყველაზე დიდი "ჩინეთის სავაჭრო-სამრეწველო ბანკი".

3. იაპონია - 5 869 471

ლიდერია რობოტების წარმოებაში. საუკეთეს\ო ავტომობილების, ელექტროაპარატურის, გემების, ჩარხების, ქიმიური პროდუქციის, ფოლადისა და ფერადი ლითონების, ტექსტილის, საკვები პროდუქტების წარმოებაში. მეორე ადგილი მსოფლიოში თევზჭერის მოცულობით. ტოკიოს საფონდო ბირჟა მსოფლიოში მეორეა, იაპონურია მსოფლიოს უდიდესი კომპანიების 16%.

4. გერმანია - 3 577 031

ევროპაში პირველია ეკონომიკის მხრივ, მეორე - მსოფლიოში ექსპორტის მოცულობით: საზღვარგარეთ გადის წარმოებული პროდუქციის მესამედი, პირველია მზის ბატარეებისა და ქარის ელექტროგენერატორების წარმოებაში. უმნიშვნელოვანესი დარგები: საავტომობილო მრეწველობა, გემთმშენებლობა, მანქანათმშენებლობა, მეტალურგია, ქიმიური მრეწველობა. მოწინავე რკინის, ფოლადის, ნახშირის, ცემენტის, ელექტრონიკის, ტექსტილის, რეზინისა და პლასტმასის ნაკეთობების, კომპიუტერული ტექნიკის, საკვები პროდუქციის წარმოებაში.

5. საფრანგეთი - 2 776 324

მსოფლიო ბრენდები: ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, საიუველირო ნაკეთობების, პარფიუმერიისა და კოსმეტიკის, ღვინისა და კონიაკის, ყველის. მაღალგანვითარებული ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანაა, რომლის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წილი ევროკავშირის 25%-ია. წამყვანი დარგები: მანქანათმშენებლობა, გემთმშენებლობა, საავიაციო წარმოება, ნავთობქიმიური მრეწველობა.

6. ბრაზილია - 2 476 908

შერეული ეკონომიკა დიდი ბუნებრივი და შრომითი რესურსებით. ავტომობილების, თვითმფრინავების, კომპიუტერების, ნავთობპროდუქტების, სამომხმარებლო საქონლის წარმოება. სამთო-მომპოვებელი მრეწველობა, სოფლის მეურნეობა. ძირითადი საექსპორტო პროდუქცია: საავიაციო ტექნიკა, სატრანსპორტო საშუალებები, მადანი, ყავა, სოია, ფორთოხლის წვენი, შაქარი.

7. დიდი ბრიტანეთი - 2 417 570

ლონდონი "მსოფლიოს ეკონომიკის მართვის სამი ცენტრიდან" ერთ-ერთია, საფინანსო ცენტრებში ნიუ-იორკის შემდეგ მეორეა და პირველი ქალაქია მსოფლიოში ტურისტების რაოდენობით. ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი ინდუსტრიული ცენტრია. ქვეყანა ლიდერია საავიაციო, საავტომობილო, ფარმაცევტულ მრეწველობაში.

8. იტალია - 2 198 730

ტურიზმის უმსხვილესი ცენტრია. ლიდერი დიზაინის დარგში, მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული ავტომობილების წარმოებაში. ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მოდის კანონმდებელი. წამყვანი დარგებია: ტრაქტორების, მოპედებისა და ველოსიპედების, ფოლადის მილების, საავტომობილო საბურავების, ქიმიური ბოჭკოს, პლასტმასის წარმოება. საყოფაცხოვრებო ტექნიკის მსხვილი მიმწოდებელი და საკვების (ყველი, მაკარონი, ღვინო, ზეითუნის ზეთი) ექსპორტიორი.

9. რუსეთი - 1 850 401

ტოპათეულში პირველად მოხვდა. სამთო-მომპოვებელი დარგის სრული სპექტრი, მანქანათმშენებლობის ყველა დარგი მაღალტექნოლოგიური კოსმოსური აპარატებისა და თვითმფრინავების ჩათვლით, თავდაცვითი წარმოება, გემთმშენებლობა, ელექტროსადგურები, სამომხმარებლო საქონელი და საკვები პროდუქცია. ექსპორტის 70% ნედლეულია, ძირითადია ნავთობი და გაზი.

10. კანადა - 1 736 869

მსოფლიო ლიდერია მეტროს ვაგონების წარმოებაში. ენერგომატარებლებისა და კვების პროდუქტების (მარცვლეული) მსხვილი ექსპორტიორი. მსოფლიოში მეორეა ნავთობმარაგით. მოწინავე დარგები: ავიამშენებლობა, სატრანსპორტო საშუალებები, ქიმიური მრეწველობა, ნედლეულის მოპოვება და გადამუშავება, ხის დამუშავება, ქაღალდის წარმოება, კვების მრეწველობა ზღვის პროდუქტების წარმოება.

1990 წლის შემდეგ გაერო ყოველწლიურად აქვეყნებს დასკვნას წინა წლის მონაცემების მიხედვით, რომელშიც მოყვანილია 100-ზე მეტი ქვეყნის ცხოვრების დონის რეიტინგი.

გაეროს ექსპერტთა მიერ ეს რეიტინგი სხვადასხვა კრიტერიუმის გათვალისწინებით დგება. თუმცა, გამოYყოფენ რამდენიმე ძირითადს. ესენია: ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა, მოქალაქეთა სოციალური დაცულობა, განათლებისა და მედიცინის განვითარების დონე, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, ეკოლოგიური მდგომარეობა, კრიმინალური მდგომარეობა და ადამიანის უფლებების დაცვა.

აღსანიშნავია, რომ 2011 წლის ლიდერმა ნორვეგიამ პირველი ადგილი  შეინარჩუნა.

ქვეყნების ტოპათეული ცხოვრების დონის მიხედვით (2012 წ)

1.  ნორვეგია

2.  დანია

3.  ავსტრალია

4.  ახალი ზელანდია

5.  შვედეთი

6.  კანადა

7.  ფინეთი

8.  შვეიცარია

9.  ჰოლანდია

10. აშშ

ტოპათეულის დანარჩენი ქვეყნების შედეგები კი ასეთია: დიდი ბრიტანეთი - 13, გერმანია - 15, საფრანგეთი - 18, იაპონია -  21, იტალია - 25, ბრაზილია - 42, ჩინეთი - 52, რუსეთი - 59.