World Press Photo - 2012 - კვირის პალიტრა

World Press Photo - 2012

ფოტორეპორტიორთა საერთაშორისო კონკურსი "ვორდ პრეს ფოტო" World Press Photo მსოფლიოში უდიდესი და ყველაზე პრესტიჟულია. ის 1955 წელს დაარსდა, როგორც არაკომერციული, დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომლის შტაბბინა ამსტერდამში მდებარეობს. იგი ყოველწლიურად ეწყობა, გამარჯვებულებს კი ამსტერდამის ე.წ. ძველ ეკლესიაში (Oude Kerk) აჯილდოებენ.

ორგანიზაცია უმნიშვნელოვანეს ამოცანად მიიჩნევს ფოტოჟურნალისტიკის მაღალი პროფესიული დონის შენარჩუნებას და ინფორმაციის თავისუფალი და შეუზღუდავი გავრცელების ხელშეწყობას. ამ მიზნით მსოფლიოში სემინარები, პრაქტიკული მეცადინეობები და ყოველწლიური მასტერკლასი ტარდება.

კონკურსის შემდეგ გამარჯვებული ნამუშევრების გამოფენა იმართება, რომელსაც 40-მდე ქვეყანაში მილიონობით დამთვალიერებელი ჰყავს. სხვადასხვა ენაზე გამოიცემა "ყოველწლიური" წიგნი.

2012 წელს კონკურსში მონაწილეობა 124 ქვეყნის 5 247 ფოტოგრაფმა მიიღო. სხვადასხვა კატეგორიის საკონკურსო ნამუშევრების რაოდენობამ 101 254 ფოტოსურათი შეადგინა.

"წლის ფოტოს" (World Press Photo of the Year) გამოვლენის გარდა, კონკურსი ტარდება შემდეგ კატეგორიებში: ცხელი ნიუსები; მოვლენები; ადამიანები ნიუსებში; სპორტი; თანამედროვე პრობლემები; ყოველდღიური ცხოვრება; პორტრეტები; ხელოვნება და გართობა; ბუნება.

ბიფატიმას ჯადოსნობა

ბიფატიმა დაულეთოვა, რომელსაც ყაზახეთში ბევრი სახალხო მკურნალად მიიჩნევს, სუფიელ დერვიშთა უძველესი ტრადიციების გამგრძელებელია. ცხვრის სისხლით განწმენდის რიტუალს, ყაზახეთის სამხრეთში, ტიან-შანის მთების ძირას ატარებს. მას ყველა როგორც შამანსა და ჯადოქარს ისე იცნობს და პატივცემულ ბიფატიმასაც უწოდებს. მასთან სამკურნალოდ კი ადამიანები მთელი ყაზახეთიდან ჩამოდიან.

2011 წლის 18 ოქტომბერი

გაყიდული ბავშვობა

კატეგორიაში "თანამედროვე პრობლემები", იემენში გადაღებული ფოტო მოხვდა. ფოტოზე გამოსახული გოგონა ტიხანი 6 წლისა მიათხოვეს 25 წლით უფროს მამაკაცს. უკან კი დგას გოგონა, რომელიც ასევე გაცილებით უფროსი ასაკის მამაკაცმა ითხოვა, უფრო სწორად კი... "იყიდა"!

2011 წლის 10 ივნისი

"გაფრენილი" პატარძალი

ჩინეთის ძილინის პროვინციის ქალაქ ჩანჩუნში პატარძალმა თავის მოკვლა მეშვიდე სართულიდან გადმოხტომით სცადა. გოგონამ თვითმკვლელობა მას შემდეგ გადაწყვიტა, როდესაც საყვარელმა 4 წლის ურთიერთობის შემდეგ, სწორედ ქორწილის დღეს მიატოვა. როგორ ჩანს, სასიძომ ქალი სასიკვდილოდ მაინც ვერ გაიმეტა და ფანჯარაში გადაკიდებულს სულზე მიუსწრო...

2011 წლის 17 მაისი