პირველი მობილური - კვირის პალიტრა

პირველი მობილური

კავშირგაბმულობის დარგის ბევრი სპეციალისტიც ვერ გასცემს ზუსტ პასუხს კითხვაზე, ვინ და როდის გამოიგონა ფიჭური ტელეფონი? გამოგონების პრიორიტეტის დადგენაში მეტად მნიშვნელოვანია, ვის ეკუთვნის მისი იდეა.

ფიჭური კავშირის საკითხი გარკვეულია – იდეა დაიბადა კომპანია AT&T (Telephone and Telegraph)-ის კვლევით ცენტრში Bell Laboratories, რომელიც 1925-95 წლებში AT&T-ის შემადგენლობაში იყო. იდეას ხორცი შეესხა და 60-იან წლებში კომპანია უშვებდა მობილური ტელეფონების საცდელ პარტიებს, მაგრამ ეს ტელეფონი თითქმის 15 კილოგრამს იწონიდა, ამასთან მას მხოლოდ ავტომანქანის აკუმულატორით შეეძლო მუშაობა. ამავე წლებში კომპანია "მოტოროლა" ინტენსიურად მუშაობდა მცირე ზომის მოდელებზე. ამ საქმეს ინჟინერი მარტინ კუპერი ხელმძღვანელობდა.

1973 წელს ნიუ-იორკში დამონტაჟდა მცირე ტევადობის (30-ნომრიანი) საბაზო სადგური და 3 აპრილს "მოტოროლას" მცირეგაბარიტიანი Dyna-Tac-ის მარკის საცდელი მოდელით მარტინ კუპერმა პირველად ისაუბრა. ბედის ირონიით მისი აბონენტი Bell Laboratories-ის წამყვანი მუშაკი იყო. ექსპერიმენტმა წარმატებით ჩაიარა, ფედერალურმა უწყებებმა ნებართვა გასცეს და "მოტოროლა" კომერციული მობილური ტელეფონის მოდელის შექმნას შეუდგა.

1983 წელს გამოვიდა პირველი მოდელი Dyna-Tac 8000X, რომელიც დაახლოებით 800 გრამს იწონიდა, ხოლო აკუმულატორის ტევადობა 8-საათიან მომლოდინე რეჟიმს უზრუნველყოფდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს მოდელი თითქმის 4.000 დოლარი ღირდა, მსურველთა რიცხვმა მოლოდინს გადააჭარბა. ასე დაიწყო ფიჭური ტელეფონების ბუმი, რომელიც ამჟამადაც გრძელდება, ხოლო თანამედროვე ტელეფონების ტექნიკური პარამეტრებისა და ფუნქციების შედარებას პირველი მოდელის შესაძლებლობებთან აზრი არა აქვს.