"ვისაც აქვს ინფორმაცია, მსოფლიოსაც ის მართავს" - კვირის პალიტრა

"ვისაც აქვს ინფორმაცია, მსოფლიოსაც ის მართავს"

ეს მოსწრებული გამონათქვამი ეკუთვნის ნათან როტშილდს (1777-1836), როტშილდების საფინანსო იმპერიის თვალსაჩინო წარმომადგენელს, მაგრამ მოსწრებული აფორიზმის მოფიქრება ერთია, ხოლო მისი ხორცშესხმა სულ სხვა რამ არის.

როტშილდების ნოუ-ჰაუ სწორედ იმაში მდგომარეობდა, რომ ნებისმიერი ღირებული ინფორმაცია ბიზნესის სამყაროდან პირველად მათთვის გამხდარიყო ცნობილი. ამისათვის როტშილდებს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში საფოსტო ცხენებისა და მტრედების სისტემა ჰქონდათ მოწყობილი. მეტად საგულისხმოა ინფორმაციის გამოყენების ერთი მაგალითი: ნაპოლეონის ომების დროს როტშილდები ბრიტანეთის მთავრობას აფინანსებდნენ, ხოლო ნათან როტშილდი ფელდმარშალ ველინგტონის ფინანსური მრჩეველი იყო. როგორც კი ნათანი დარწმუნდა, გამარჯვება კოალიციის მხარეს გადაიხარაო, სასწრაფოდ გაემგზავრა ცხენით ბრიუსელში, შემდგომ კი ოსტენდეში, იქ ნავი დაიქირავა და ქარიშხლის მიუხედავად, ზღვაში გავიდა.

ინგლისში მან სამთავრობო შიკრიკზე თითქმის ერთი დღით ადრე ჩააღწია, ბირჟას მიაშურა და თავისი ფასიანი ქაღალდების რეალიზაციას შეუდგა. ფასიანი ქაღალდების სხვა მფლობელებმა ჩათვალეს, რახან როტშილდი აქციებს თავიდან იშორებს, ესე იგი ინგლისმა ომი წააგოო და მაშინვე შეუდგნენ თავიანთი აქტივების გაყიდვას, მაშინ როდესაც როტშილდების ბროკერები მათ ჩალის ფასად მალულად იძენდნენ. როდესაც ნაპოლეონის დამარცხების ამბავმა, როგორც იქნა, ლონდონში ჩააღწია, როტშილდის მოგებამ 40 მილიონი გირვანქა სტერლინგი შეადგინა, რაც დღევანდელი შეფასებით 1,4 მილიარდ გირვანქას უდრის. ანალოგიური კომბინაცია ჩაატარა მისმა ძმამ, იაკობმა პარიზის ბირჟაზე.