მძინარე მზეთუნახავი მკვდართა მუზეუმიდან - კვირის პალიტრა

მძინარე მზეთუნახავი მკვდართა მუზეუმიდან

კუნძულ სიცილიაზე, ქალაქ პალერმოში, კაპუცინების მონასტრის სარდაფში ათასობით უხრწნელი გვამი ასვენია. ამ ადგილს უამრავი დამთვალიერებელი ჰყავს, მაგრამ მონასტრის შესასვლელთან მისული ბევრი უკან ბრუნდება. ზოგს ეშინია, ნერვებმა არ უმტყუნოს, ზოგიც იმის შიშით არ შედის, რომ ეპიდემიით დახოცილი ადამიანებისგან რამე არ გადაედოს. აქ ფოტო და ვიდეოგადაღება აკრძალულია, მაგრამ "ტურისტად" შენიღბულმა რამდენიმე ფოტორეპორტიორმა ფოტოების გადაღება მაინც მოახერხა.

გარდაცვლილების დაუმარხავად დატოვების ტრადიცია სიცილიაში XVI საუკუნეში იღებს სათავეს. იმ დროს ფიქრობდნენ, რომ გვამების მუმიფიცირებით დიდ პატივს მიაგებდნენ მიცვალებულს და ისინიც მკვდრეთით აღდგებოდნენ.

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ  XVI საუკუნეში მონასტრის ბინადართა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, ამიტომ კაპუცინებმა მონასტრის ქვეშ კატაკომბების გათხრა დაიწყეს და სულიერი ძმების ცხედრებს იქ ასვენებდნენ. მოგვიანებით კატაკომბები მაღალი სასულიერო პირებისთვის პრესტიჟულ სასაფლაოდ იქცა და ამიტომაც სიცოცხლის შემდეგ განსვენების სურვილი მდიდარ და წარჩინებულ პალერმოელებსაც გაუჩნდათ. კაპუცინების კატაკომბებში ცხედრის დასვენების ნებართვას არქიეპისკოპოსები გასცემდნენ. საუკუნეების განმავლობაში ამ უცნაურ სასაფლაოზე დაახლოებით 8 ათასი სასულიერო და საერო პირის ცხედარი მოათავსეს. მათ შორის ისეთებიც იყვნენ, ვისაც სიცოცხლე იმ დროს გავრცელებულმა სასიკვდილო ინფექციამ მოუსწრაფა. ამიტომ მონასტრის სარდაფში ოჯახებსაც ნახავთ.

პალერმოს კატაკომბებში ბოლოს ორი წლის როზალინდა ლომბარდოს ცხედარი დაასვენეს. ოთახი, სადაც პატარა გოგონას ცხედარი ასვენია, მკვდართა მუზეუმში ყველაზე მისტიკურია. მისი ცხედარი იქ 1920 წელს მიუტანიათ და 55 წლის შემდეგ მის გვამს სიცოცხლის სუსტი იმპულსები შენიშნეს. ამ ფაქტის შესწავლა მეცნიერებმა დაიწყეს, დაადასტურეს კიდეც, რომ მათთვის ამოუცნობი რამ ხდებოდა. გოგონას გვამის ნახვის შემდეგ კატაკომბების მეთვალყურე ბერი ჭკუიდან შეიშალა. როგორც ამბობდა, როზალინდამ თვალი გაახილა და დაახლოებით ნახევარი წუთის განმავლობაში თვალგახელილი იყო. რა თქმა უნდა, ბერს ბევრმა არ დაუჯერა, მაგრამ ფაქტია, რომ როზალინდას გარდაცვალების შემდეგ 90 წელზე მეტი გავიდა და ბავშვის ცხედარი დღემდე უხრწნელია. ამ ამბის შემდეგ როზალინდას მძინარე მზეთუნახავი შეარქვეს.

კაპუცინების მონასტრის კატაკომბები დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი უცნაური სასაფლაოა და რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, პალერმოს ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი ადგილია.