მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტები და ნობელის პრემია - კვირის პალიტრა

მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტები და ნობელის პრემია

მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების ტოპათეული: კემბრიჯმა ჰარვარდს გაასწრო

ყოველწლიურად დგება სპეციალური საერთაშორისო საუნივერსიტეტო რეიტინგი -  QS World University Rankings-ი. გამოკვლევებში 15 000 პროფესორი და 5 000 დამსაქმებელი მონაწილეობს. საგულისხმოა, რომ თუ დამსაქმებლები ტრადიციულად ჰარვარდს ანიჭებენ უპირატესობას, აკადემიურ წრეებში კემბრიჯი უფრო ფასობს.

უნივერსიტეტისთვის პოზიციის მისანიჭებლად სარეიტინგო კომისიამ უნდა შეაფასოს სამეცნიერო მუშაობის ხარისხი, კურსდამთავრებულთა დასაქმების ხარისხი და უნივერსიტეტის საგანმანათლებლო სტანდარტები.

ამას გარდა, ითვალისწინებენ სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ სტუდენტთა რაოდენობასაც, ფაკულტეტების დასახელებას და რაოდენობას და სამეცნიერო ნაშრომთა ე.წ.  "ციტირების ინდექსს" - ეს უკანასკნელი, ცხადია, გარკვეულ უპირატესობას ინგლისურენოვან სასწავლებლებს ანიჭებს.

1. კემბრიჯის უნივერსიტეტის ქიშპობა ოქსფორდთან კარგა ხანია ლეგენდადაა ქცეული. ამის მიზეზი წლების განმავლობაში ოქსფორდის უნივერსიტეტის ლიდერობა იყო. "ჯიბრი" იმით დასრულდა, რომ კემბრიჯი ბოლო 7 წლის მანძილზე პირველად მოექცა რეიტინგის პირველ საფეხურზე.

2. ასევე, ბოლო 7 წლის მანძილზე ჰარვარდის უნივერსიტეტმა პირველად დაიხია უკან და მეორე ადგილზე აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ ჰარვარდი დაამთავრა აშშ-ის პრეზიდენტების უმრავლესობამ. მაგალითად, ბარაქ ობამამ, ჯორჯ ბუში-უმცროსმა, რობერტ კენედიმ, ფრანკლინ და თეოდორ რუზველტებმა. აქ სწავლობდნენ ასევე ბენაზირ ბჰუტო,  პან გი მუნი, ბილ გეიტსი.

3. საპატიო სამეულშია აშშ-ის იელის უნივერსიტეტი, რომელიც განსაკუთრებით გამოირჩევა ჰუმანიტარული განათლების დონით. იელის უნივერსიტეტის დევიზი, "სინათლე და ჭეშმარიტება", მის გერბზე ორ ენაზე - ლათინურად და ივრითზეა შესრულებული.

4. ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი სხვათა შორის დიდი ბრიტანეთის პირველი საერო უნივერსიტეტია და მისი 21 კურსდამთავრებული ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა.

5. სახელგანთქმული მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ჰარვარდის ახლოს, ქალაქ ბოსტონში მდებარეობს და სწავლების დონით მთელ მსოფლიოში გამოირჩევა.

6. ევროპის ერთ-ერთი უძველესი - ოქსფორდის უნივერსიტეტი 1117 წელს დაარსდა. ცნობისთვის: ოქსფორდში ქალების მიღება მხოლოდ XX საუკუნეში დაიწყეს. ოქსფორდი იმითაც გამოირჩევა, რომ თითოეულ სტუდენტს პერსონალური დამრიგებელი ჰყავს.

7. ლონდონის საიმპერიო კოლეჯი მეტად უსიამოვნო ამბავში გაეხვია: ბიზნესმენმა ჰარი ტანაკამ მის მშენებლობას 27 მლნ გირვანქა სტერლინგი შესწირა, ამიტომ ბიზნესსკოლას მეცენატის სახელი ეწოდა. მაგრამ არც ისე დიდი ხნის შემდეგ ტანაკა თაღლითობისთვის ციხეში მოხვდა და სასწავლებელსაც სახელი შეუცვალეს.

8. ჩიკაგოს უნივერსიტეტი კერძო დაწესებულებაა, რომელიც 1890 წელს ჯონ როკფელერმა დააარსა. ამ უნივერსიტეტში 79 ნობელის ლაურეატი სწავლობდა.

9. კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტი ცნობილია იმით, რომ სწორედ მისი ლაბორატორია უშვებს ამერიკულ კოსმოსურ აპარატებს. ითვლება, რომ  აქ სწავლა ყველაზე რთულია მსოფლიოში.

10. პრინსტონის უნივერსიტეტი ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ამერიკული სასწავლებელი მას შემდეგ გახდა, რაც მის ხელმძღვანელად პრეზიდენტი ვუდრო ვილსონი დაინიშნა.

საინტერესოა, რომ   QS-რეიტინგში, რომელშიც სულ 500 სასწავლებელია, აღმოსავლეთ ევროპის სასწავლებლებიც მოხვდა. რუსეთიდან - 5, ყაზახეთიდან - 1, ჩეხეთიდან - 2, უნგრეთიდან - 2, პოლონეთიდან - 2 და ასევე 3 - თურქეთიდან.

მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების რეიტინგის შედგენაში, რომელიც აჩვენებს, რომელია ლიდერი  ნობელის პრემიის ლაურეატების რაოდენობით, უშუალოდ მონაწილეობს თავად ნობელის ფონდიც. ეს განპირობებულია იმით, რომ ხშირად ძნელია ერთმნიშვნელოვნად დადგენა, რომელი უნივერსიტეტის წვლილი უფრო მეტია კონკრეტულ ლაურეატთან ან ნაშრომთან დაკავშირებით. ამიტომ ფონდის სიტყვამ გადამწყვეტი მნიშვნელობა შეიძინა.

მსოფლიოს უნივერსიტეტების ტოპათეული ნობელის პრემიის ლაურეატების რაოდენობის მიხედვით

ნობელიანტთა ქვეყნების ტოპათეული

ნობელის პრემიის მინიჭება ინდივიდუალური პროცესია, მაგრამ  ძალიან დიდი ყურადღება ექცევა ლაურეატის მოქალაქეობას, რადგან ის ავტომატურად ერის სიამაყე ხდება. 2011 წლის მონაცემებით, ნობელიანტთა რაოდებობა შეჯამდა 1901 წლიდან, როცა პირველი პრემია გაიცა.

1. აშშ - 270 ლაურეატი. აშშ-ში თავმოყრილია საუკეთესო სასწავლებლების უმრავლესობა, წინა საუკუნის 60-იანი წლების შემდეგ მათ, პრაქტიკულად, კონკურენციას ვერავინ უწევდა, მაგრამ ბოლო ათწლეულებში აშშ პოზიციებს თმობს - ახლა აშშ-ის წილი 50%-ს აღარ აღემატება.

2. დიდი ბრიტანეთი - 117 ლაურეატი. აქაური უნივერსიტეტები მსოფლიოში მოწინავეა. მათ საუკეთესო აპარატურა აქვთ კვლევების ჩასატარებლად. ქვეყანა მეორე ადგილზეა მედიცინის დარგში, ხოლო ლიტერატურის დარგში  - პირველზე.

3. გერმანია - 103 ლაურეატი.  30 ნობელიანტია ქიმიისა და 32 - ფიზიკის დარგში. თუმცა, ბოლო დროს გერმანელი ნობელიანტების წილი მცირდება.

4. საფრანგეთი - 57 ლაურეატი. ძირითადად მედიცინასა და ლიტერატურაში ლიდერობს. ამ ლაურეატებიდან ყველაზე ცნობილია მწერალი ჟან პოლ სარტრი, რომელმაც პრემიაზე უარი განაცხადა და მარია და პიერ კიურები - რომელთაც 1903 წელს მიიღეს პრემია ფიზიკის დარგში, ხოლო პიერის გარდაცვალების შემდეგ მარიამ 1911 წელს კიდევ მიიღო პრემია ქიმიის დარგში.

5. შვედეთი - 28 ლაურეატი. არც ისე ბევრია ქვეყნისთვის, რომელმაც სათავე დაუდო ამ პრესტიჟულ პრემიას. ყველაზე ცნობილმა ლაურეატმა, სვანტე არენიუსმა, პრემია 1903 წელს ქიმიის დარგში მიიღო.

6. შვეიცარია - 25 ლაურეატი. თუ ნობელიანტებს ქვეყნის ერთ სულ მოსახლეზე დავითვლით, შვეიცარია პირველ ადგილზე აღმოჩნდებოდა - აქ მილიონ მცხოვრებზე 3 ნობელის პრემიის მფლობელი მოდის. მათგან კი ყველაზე ცნობილი, ცხადია, 1921 წელს ფიზიკის დარგში გამარჯვებული ალბერტ აინშტაინია.

7. რუსეთი - 23 ლაურეატი. ძირითადად საბჭოთა მემკვიდრეობაა. ცნობილია გორბაჩოვის 1990 წლის პრემია მშვიდობის დარგში. ასევე სოლჟენიცინის 1970 წლის პრემია, რომელიც ქვეყნიდან მისი გასახლების ერთ-ერთი მიზეზი გახდა.

8. ავსტრია - 20 ლაურეატი. ამ ქვეყნის პირველმა ლაურეატმა, ბერტა ფონ ზუტნერმა მშვიდობის დარგში პრემია 1905 წელს მიიღო. ავსტრიელ ნობელიანტებში 7 პრემია მედიცინის დარგშია გაცემული.

9. კანადა - 20 ლაურეატი. 20 ნობელიანტიდან 7 ქიმიკოსია.

10. ჰოლანდია - 19 ლაურეატი. ყველაზე ცნობილმა ლაურეატებმა - ფიზიკოსებმა ჰენრიკ ლორენცმა და პიტერ ზეემანმა პრემია 1902 წელს მიიღეს.