სილამაზის შეფასების სტანდარტები ბოლო 60 წლის განმავლობაში - კვირის პალიტრა

სილამაზის შეფასების სტანდარტები ბოლო 60 წლის განმავლობაში

ავთანდილ ცქვიტინიძე, დიზაინერი: "ანჯელინა ჯოლის "დამსახურებაა", რომ  ბევრმა ქალმა ტუჩები დაიბერა, მოდური გახდა კახექსიური ქალები. ბოლო დროს ცდილობენ, სიგამხდრის პროპაგანდა შეწყდეს და მოდელები და მსახიობები აღარ იყვნენ ძალიან გამხდარი, მაგრამ ქალების უმრავლესობა მაინც ჯიუტად მიისწრაფვის სიგამხდრისკენ.

ჩემთვის იდეალური კახექსიური ქალი არ არის, თუმცა ჩვენებებისთვის ძალიან გამხდარ გოგონებს ვარჩევ. ძალიან მომწონს ულამაზესი სოფი ლორენი, მოდელებს შორის ლინდა ევანჯელისტას გამოვარჩევ, იდეალური ქალი კი ჩემთვის ჩემი მეუღლეა.

რაც შეეხება დღეს არსებულ იდეალურ პარამეტრებს, ჩემი პროგნოზის თანახმად, თუ ქალის სიმაღლე 1,73-1,77 სმ-ია, მკერდის გარშემოწერილობა 90-91 სმ უნდა ჰქონდეს, წელი - 58-60 სმ, წონა - 55-57 კგ, ხოლო თეძოს გარშემოწერილობა არ უნდა აღემატებოდეს 90 სმ-ს.

სხვათა შორის, დღეს პოპულარული ქალები დიდ ზეგავლენას ვეღარ ახდენენ საზოგადოებრივ აზრზე და აღარც მიმბაძველობას აქვს მასობრივი ხასიათი. ჩემი დაკვირვებით, ქართველი ქალები ცდილობენ გარეგნობაში ინდივიდუალურობა შეინარჩუნონ, მაშინ როცა ევროპაში თითქმის ყველა ერთნაირად გამოიყურება, რადგან მიაჩნიათ, რომ მოდის ბოლო ტენდენციებით ასეა საჭირო, ქართველი ქალები კი მოდის მონები არ არიან.

- როგორია მოდის ტენდენციები შემოდგომა-ზამთრის სეზონისთვის?

- შემოდგომა-ზამთარი უხვი ფერებით არ გვაჯილდოებს. აქტუალურია ნაცრისფერი და კანისფერი. ერთადერთი, რაც ახალისებს შემოდგომა-ზამთრის ფერთა გამას, მკვეთრი, ელექტრული ლურჯია და სასურველია, ასეთი ფერის სამოსი გარდერობში ყველა ქალს ჰქონდეს. ასევე ძალიან აქტუალურია ლურჯისა და შავის სინთეზი. მოდურია მაღალწელიანი შარვლები, როგორც ვიწრო, ასევე გაშლილი ტოტით, კოჭამდე. ასევე ქაშმირის როლინგები. სხვათა შორის, მამაკაცური პერანგი არასდროს ყოფილა ასე აქტუალური, როგორც ამ სეზონზეა.

შემოდგომა-ზამთრის ძირითადი ტენდენციები უფრო საქმიანი ქალის იმიჯს მოგვაგონებს, ვიდრე ქალურ და ძალიან ნაზ ქალს.