ფიქრო... - კვირის პალიტრა

ფიქრო...

პაპა ნიკალას ხილი მიჰქონდა ბაზარში გასაყიდად. ორი უზარმაზარი გოდორი პირთამდე გაავსო და ძლივს გადაჰკიდა იქით-აქეთ თავის სახედარს, რომლისთვისაც ფიქრო დაერქმიათ. ფიქრო შებარბაცდა...

- რაო, ფიქრო, ზედმეტი გამოვიდა, არა? - დაუყვავა ვირს პაპა ნიკალამ და ცოლს გასძახა, - ქალო, ქეთოო, ხურჯინი გამაიტა, ცოტა ხილს გადმოვაწყობ და მე წავიღებ, ცოდოა, ვირია, განა რკინის ტაჭკაი!

- ერთი შენცა ხარ, კიდევ, ვირის შეცოდება ვიღას გაუგია! ვირია და ვირულად ცხოვრობს, აბა, ეგ ლექსს არ დაწერს და პურს არ გამააცხობს... მიდი, გარეკე! - დაეზარა ხურჯინის მოძებნა ქეთო ბებოს.

- მიდი, ქალო! ვერა ხედამ რა საცოდავი, სევდიანი თვალებით იხედება, ე ღმერთგამწყრალი, საცაა ცრემლი წამოუვა! - მიეფერა ფიქროს პაპა ნიკალა.

შემთხვევით შევესწარი ამ სცენას და, - მგონი, საცაა ენას ამოიდგამს თქვენი ფიქრო-მეთქი! - წამომცდა.

- შენა ხარ, ქალაქელო? - შემომხედა ნიკალა პაპამ და ალალად გამიღიმა, - ახლა ტვირთს შევუმსუბუქებ და ცოტას გაიხარებს, მაგრამ მაგისი სიხარული მერე უნდა ნახო, თავის სატრფოს რომ დაინახავს!

- ამათ სიყვარულიც შეუძლიათ?! - გავიკვირვე.

- გავირებულ კაცებს თუ შეუძლიათ, ამას რა, რატომ არაო! - "იწყინა" ნიკალა პაპამ და ცოლს ხურჯინი ჩამოართვა.

ფიქროს ტვირთი შეუმსუბუქდა... ხელში შერჩენილი სახრე მივაწოდე მოხუცს, მან კი ხელი ამიქნია:

- ეგ სახრე თქვენი გაზრდილი ბავშვებისთვის უფრო გამოგადგებათ, სხვაგვარად რომ ვერ აგებინებთ სათქმელს, ჩემი ფიქრო გზას ისედაც გაიგნებს! - და სახედარს გავაზე წამოარტყა ხელი.

შეტრიალდა ფიქრო და დაადგა ბაზრისკენ მიმავალ, ვინ იცის, რამდენჯერ გათელილ გზას. პაპა ნიკალა უკან გაჰყვა...

საღამოს წყაროზე შეკრებილებს თავს დაგვადგა ნიკალა პაპა თავისი ვირით და დაცლილი გოდრებით.

ფიქრო ისევ თავჩაქინდრული იდგა და წყალს ჩაშტერებოდა თავისი ლურჯი, სევდიანი თვალებით. ნიკალა პაპამ გოდრებიც მოხსნა და ლაგამიც. ვირი ადგილიდან მაინც არ დაიძრა, სანამ მოხუცმა ნება არ მისცა:

- წადი, თავისუფალი ხარ, ახლა შენი გულის მურაზიც გაახარეო!..

სახედარიც მაშინვე წაპაკუნდა სოფლის ბოლოში გაშლილი მინდვრისკენ...

- ა, ტა-ტა-ტა! - დაადევნა ნიკალა პაპამ, - შალიკოს ტატიანასა ჰყვარობს, განა! - მოგვხედა გაოცებულებს.

ტატიანაც ვირს რქმევია, - შალიკოს სიდედრი ჰყოლია, ტატიანა, რომელიც სიცოცხლეს უმწარებდა თურმე. ჯავრი იმით იყარა, რომ ვირს მისი სახელი დაარქვა...

- თქვენ რატომღა დაარქვით ფიქრო? - ვეკითხები ნიკალა პაპას.

- იმ საოცარი თვალებითვინა, დგას და გეგონება სუ წუთისოფლის ამაოებაზე ფიქრობს, დარდსა და სევდას ეჭმევინება. ზოგჯერ მავიწყდება კიდევაც, რომ ვირია, კაცივით ველაპარაკები და ესმის, ყველაფერი ესმის, მა-აშ!..

- მაგისი კაცობისა რა ვთქვა, აი, შენ კი ვირივით ჯიუტი ხარ და ამიტომაც გესმის მისი, ჩემი კი არა გეყურება! - ქმარს ცარიელი გოდრები ჩამოართვა ქეთო ბაბომ...

- ფიქროუ-უ, შინ დროზე მოდი, ბიჭოო! - გასძახა ვირს ნიკალა პაპამ და გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, მანაც ყროყინით უპასუხა შორიდან.