ტყუპი ძმა
16-11-2009
რომ მითხრეს, შალიკო და ვალიკო ტყუპი ძმები არიანო, დაჯერება გამიჭირდა. შალიკო დაბალი, შავგვრემანი, სუსტი და უსაშველოდ გამხდარია, ვალიკო კი მსუქანი და იმდენად თეთრი, წარბები და წამწამებიც რომ არ ეტყობა...

- დარწმუნებული არიან, რომ სამშობიაროში არ შეუცვლიათ ერთ-ერთი მათგანი?! - ვკითხე ჩემს მეგობარ ეკას, რომელსაც გასულ ზაფხულს გურიაში ვახლდი ახლობლებთან მთელი კვირით.
ვალიკო და შალიკო ჩვენი მასპინძელი ნინა ბებოს კარის მეზობლები არიან, - მის კალთაში წამოზრდილები. მეზობლის ღრმად მოხუცი კაცის ქელეხში
შალიკომ ითამადა, ნინას ჭირის სუფრას კი, წინასწარაა შეთანხმებული, - ვალიკო უნდა გაუძღვეს:
- ასე რომ არ ვქნათ, დახოცავენ ერთმანეთს და მეც დუუმარხავს დამტიებენ! - იცინის ნინა ბებო, - დაბერდნენ და ერთმანეთის ჯიბრში ატარებენ წუთისოფელს. რა ჯანდაბამ გააჩერათ ცხრა თვე მუცელში, რომ იქიდანაც არ გადმოხტენ დროზე
ადრე ერთმანეთის ჯიბრით?! აკვნიდანვე ეჯიბრებიენ ერთმანეთს. წამეიზარდენ და ყველაფერი ერთნაირი უნდოდათ, ასე სხვადასხვანაირი ტყუპი მეტი არ იქნება თელ დუნიაზე ალბათ, მარა ნამდვილად ძმები არიან: შალიკო დედამისივით შავ-ყვითელია, ვალიკოსავით ჟღალი კი რაჟდენი იყო. ასე დეინაწილეს და დეიმგვანეს შვილები. რაჟდენი ირეოდა: - რაღა ვქნა, ეგენი ცოლადაც ერთ ქალს ინდომებენ ერთმანეთის ჯინაზეო! - და ისე აგიხდათ ყველაფერი! რომ გაამხილა შალიკომ, კალანდაძეების ანიჩკა უარს მეუბნება ცოლობაზე და უნდა მევიტაცოო, წევიდა ვალიკო და იმან მეიყვანა ის ქალი სახლში... ორი წელი არ ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს და მერე - ანიჩკას მსგავსი ქალი რომ გამოჩნდა, და ... არ უთხრა შალიკოს ცოლობაზე უარი, ამან შეარიგათ...
ერთმანეთის ჯინაზე ერთს შვიდი შვილი ჰყავს და მეორეს - რვა. შვიდშვილიანი შალიკოა, მარა მაინც არ თვლის თავს "წაგებულად", რადგან ვალიკოს გოგოები ჰყავს მეტი, თვითონ ბიჭები და, გოგო სათვალავში ჩასაგდები არაა, სხვის გვარს ამრავლებსო! - იმშვიდებს თავს.
მამისეული სახლი რომ დაანგრიეს და ცალ-ცალკე აიშენეს საცხოვრებელი, რაიკომიდან მიუვარდნენ დასაჯარიმებლად, თვარა, ერთმანეთის ჯინაზე ცას მიაწვდენდნენ სახლის სახურავებს, - არა ჩემი უნდა იყოს უფრო მაღალი და არა ჩემიო...
- ასე ეჯავრებათ ერთმანეთი?! - გული დამწყდა მე.
- ეჯავრებათო?! - გაიკვირვა ნინა ბებომ, - ეჯავრებათ კი არა, წუთი ვერ ძლებენ უერთმანეთოდ. - შალიკოს რომ დილით გაუსკდა ბრმა ნაწლავი და გააქანეს საავადმყოფოში, საღამოს ვალიკოს ასტკივდა მუცელი... დილით შალიკო რომ სიზმრის მოყოლას დაიწყებს, ვალიკო ამთავრებს - სიზმრებსაც კი ერთნაირს ნახულობენ...
წავა ბაზარში შალიკო და ზუსტად ორ ერთნაირ ფეხსაცმელს იყიდის, თავისთვის და ძმისთვის. სახლში მოსულს ვალიკო ორ ერთნაირ პერანგს დაახვედრებს. სადილს რომ გაშლის ვალიკოს ცოლი, შალიკო ლუკმას არ გადაყლაპავს, - წადი, ჩემს ძმას ჰკითხე, მშიერი არ იყოსო!
...ღამით ძალიან ცხელოდა და მე და ეკამ ღია აივანზე გადავწყვიტეთ დაძინება. კაცის ხმამ გამაღვიძა:
- შალო, ხო არაფერი გიჭირს, ბიჭო, შენი კვნესა მომესმა! - იკითხა ვიღაცამ.
- შედი და დეიძინე, თელი სოფელი რო გააღვიძე, შე აბდალავ, იქნება სიხარულის კვნესა დამცდა და არ უნდა შემარგო?! - დაუცაცხანა მეორემ.
...დილითაც შალიკოს და ვალიკოს გადაძახილმა გაგვაღვიძა, - ამჯერად ჩხუბობდნენ, ზიარი ტრაქტორი ვერ გაეყოთ. მაინცდამაინც იმ დღეს მოინდომა ორივემ საყანის დახვნა. ვალიკომ დაასწრო საჭესთან, მაგრამ რომ დაინახა, როგორ ეწყინა მის ძმას, შეატრიალა ტრაქტორი და თავისი კი არა, ტყუპისცალის საყანის დახვნა დაიწყო...

nana
27 ნოემბერი 2009 16:09
გამარჯობათ,მე თქვენი გაზეთის ერთგული მკითხველი ვარ,განსაკუთრებით მიყვარს ინგა ჯაყელის სტატიები,დიდი მადლობა რომ არსებობთ.
ნანა თოხაძე.ოზურგეთი

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?