"პამელა ომში მიდის" - კვირის პალიტრა

"პამელა ომში მიდის"

მრავალი წელია, იაპონია ვეშაპებზე ნადირობის ამკრძალავ მორატორიუმს ჯიუტად არ უერთდება, რაც მთელი მსოფლიოს ეკოლოგთა დიდ რისხვას იწვევს.

5 ნოემბერს წყნარი ოკეანის ჩრდილოეთში დაიწყო  ვეშაპზე მონადირეთა წინააღმდეგ მსოფლიო კამპანია სახელწოდებით "ნულოვანი ტოლერანტობა". აქციის პრეზენტაცია კალიფორნიაში გაიმართა. მასში ეკოლოგთა ოთხი გემი, შვეულმფრენი, სამი უპილოტო თვითმფრინავი და სწრაფი კატარღა მონაწილეობდა. კამპანიისთვის ყურადღების მისაქცევად ორგანიზატორებმა, რასაკვირველია, "მსოფლიოს საუკეთესო მაშველი" პამელა ანდერსონი იხმეს: ვეშაპების "მკერდით დაცვას" ხომ ის ყველაზე კარგად შეძლებს. სხვათა შორის, პამელა მრავალრიცხოვანი შიშველი აქციებით ცნობილი ცხოველთა დაცვის საერთაშორისო მოძრაობა PETA-ს წევრია და არაერთხელ გაშიშვლებულა, თუმცა ამჯერად ჩაცმამ უფრო მოუწია - ის გამოაწყვეს სპეციალურ შავ ჰიდროკოსტიუმში, რომელიც, ამასთანავე, მკაფიოდ აჩენდა "პლეიბოის" - 45 წლის მშვენიერი ვარსკვლავის სექსუალურ ფორმებს. უამრავი მაყურებელი მეტად კმაყოფილი ადევნებდა თვალს "გმირ" პამელას, რომელიც ხან კატარღაზე ამხედრებული აჩვენებდა იაპონელებს, რა სწრაფად "დაიჭერდა" მათ, ხან კი მისივე უზარმაზარი პლაკატით მოხატული ლაინერის გემბანზე პოზირებდა. როგორც ჩანს, ეკოლოგებმა სწორი არჩევანი გააკეთეს...