რა სიმძიმეს ატარებს მოზარდი - კვირის პალიტრა

რა სიმძიმეს ატარებს მოზარდი

სამედიცინო კვლევებით დადასტურებულია, რომ მოსწავლეებში გახშირებული სკოლიოზის ძირითადი მიზეზი სახელმძღვანელოებით დატვირთული ჩანთაა. ხერხემალი ადამიანის საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მნიშვნელოვანი და რთული ნაწილია. მისი ფორმირება ორგანიზმის განვითარების პარალელურად, 22 წლის ასაკამდე მიმდინარეობს.

ცოტა ხნის წინ ესპანეთის ორ საუნივერსიტეტო კლინიკაში ექსპერიმენტი ჩაატარეს, სადაც 12-17 წლის ასაკის 1500 მოზარდი მონაწილეობდა. მკვლევრები წონიდნენ ზურგჩანთებსა და მათ მფლობელებს (სკოლის ჩანთის წონა არ უნდა აღემატებოდეს ბავშვის მასის 10%-ს). აღმოჩნდა, რომ ბავშვების 92% ატარებდა ზურგჩანთას, რომელიც 7 კგ-ს იწონიდა. გოგონებისა და ვაჟების 60%-ის ზურგჩანთის წონა მოსწავლის მასის 10%-ს აღემატებოდა. გამოკითხულ მოზარდთა 25% ზურგის ტკივილს უჩიოდა. კვლევაში მონაწილე მოსწავლეების 70%-ს სკოლიოზი, ანუ ხერხემლის გამრუდება დაუდასტურდა.

ჩვენც ჩავატარეთ მცირე ექსპერიმენტი და საქართველოში ორი განსხვავებული ასაკის მოსწავლის სასკოლო ჩანთა ავწონეთ - წიგნების რაოდენობა ერთი დღის გაკვეთილების ცხრილის მოხედვით შევარჩიეთ და საშუალო მაჩვენებელი მივიღეთ. შედეგმა გვიჩვენა, რომ ჩვენს მოსწავლეებსაც საკმაოდ მძიმე ჩანთის ტარება უწევთ. რადგან ბავშვის წონა ინდივიდუალურია, ზემოთ მოცემული ინფოგრაფიკის მიხედვით მშობელს მარტივად შეუძლია გამოიანგარიშოს რამდენად აჭარბებს მისი შვილის ჩანთის წონა, ექიმების მიერ რეკომენდებულ დასაშვებ ზღვარს.