"პირველმა დაარტყი, ფრედი!" - კვირის პალიტრა

"პირველმა დაარტყი, ფრედი!"

პავიანი "ფრედი" კეიპთაუნის შემოგარენს 3 წელი "ძარცვავდა". თავიდან მისი "ხულიგნობა" ადგილობრივ მცხოვრებლებსაც და ტურისტებსაც ართობდა, მაგრამ დაუსჯელობამ ფრედი ისე გაათამამა, "მაიმუნობა" მალე "ორგანიზებულ დანაშაულად" იქცა: მაიმუნების მკაცრად იერარქიული ბანდა თავს ესხმოდა და ძარცვავდა ადამიანებს, აცარიელებდა ავტომობილებს, ხოლო თუ მსხვერპლი წინააღმდეგობას გაბედავდა, ღონიერი პავიანი მსხვერპლს გვარიანად  მიბეგვავდა, ჰკბენდა, კაწრავდა... გააბრაგებული ფრედი დაიჭირეს და გაასამართლეს. მაიმუნების დაცვის ორგანიზაცია ამაოდ ცდილობდა მის გადარჩენას, მას სასიკვდილო ინიექცია გაუკეთეს. მის დასჯას დიდი ხმაური მოჰყვა - ფრედი ერთ-ერთი ბრიტანული სატელევიზიო პროგრამის გმირი გახდა, ხოლო რეჟისორმა ჯოს ლინმა ფილმი უძღვნა, რომელშიც დოკუმენტური კადრები შევიდა.