ბარბადოსის სიამაყე "პროგრამაშია" - კვირის პალიტრა

ბარბადოსის სიამაყე "პროგრამაშია"

"ბარბადოსის სიამაყე" - მომღერალი რიანა, უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ამჟამად ის, როგორც ამბობენ, "პროგრამაშია" - მომღერლობის პარალელურად, ხან მამაკაცების ჟურნალების გარეკანისთვის აშიშვლებენ, ხან კი პოდიუმზე მოდელებისთვის უწევს კონკურენციის გაწევა.

სულ ბოლოს სუპერვარსკვლავმა ნიუ-იორკში ცნობილ ბრენდ "ვიქტორია სეკრეტის" ტრადიციული სამოსის - ქალის საცვლების ყოველწლიურ ჩვენებაში მიწვეული ვარსკვლავის სტატუსით მიიღო მონაწილეობა. მომღერალმა საკუთარი ჰიტიც შეასრულა, მანეკენის როლში გრძელფეხა სუპერმოდელების გვერდით პოდიუმზეც უშიშრად გავიდა და სპეციალისტთა მტკიცებით, ყველა დაჩრდილა  - მთელი საღამოს განმავლობაში ყურადღების ცენტრში იყო. "ავი ენები" ამბობენ, "დაჩაგრული" მანეკენები უკმაყოფილონი დარჩნენო. რიანას "სამოსი" კი მრავალრიცხოვანი მაყურებლის მსჯელობის საგანი გახდა.

ბარბადოსელ ვარსკვლავს  მამაკაცთა ცნობილმა ჟურნალმაც (GQ) დაუთმო დეკემბრის ნომრის გარეკანი. მართალია, ბოლო ხანს რიანას უფრო გახდილს ხედავენ, ვიდრე ჩაცმულს, მაგრამ ჟურნალისთვის გაკეთებულმა ამ უკანასკნელმა ფოტოსესიამ სითამამით ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა - გარეკანზე ტყავის მოკლე ქურთუკით მოსილი დედიშობილა რიანა იწონებს თავს! სამაგიეროდ, მის თაყვანისმცემლებს 24 წლის ვარსკვლავის ცნობილი ტატუების დათვალიერება შეუძლიათ.