ნაომის იუბილე ჩაუმწარეს - კვირის პალიტრა

ნაომის იუბილე ჩაუმწარეს

"შავმა ავაზამ" - ნაომი კემპბელმა რუსი მილიარდერი ვლადისლავ დორონინი, როგორც ჩანს, საფუძვლიანად "გამოიჭირა". ერთად ყოფნის 4 წლის მანძილზე მილიარდერმა შეყვარებულს, უამრავი ძვირფასეულობის გარდა,  აჩუქა: ვილა მაიამი-ბიჩში, ძველებური პალაცო ვენეციაში, კუნძული ხმელთაშუა ზღვაში, მოსკოვის ახლოს კი კოსმოსური ხომალდის მსგავსი ვილა აუშენა.

მიჯნურის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებული 4-დღიანი ზეიმი კი ნაომიმ  თავად დაგეგმა. იუბილე ინდოეთში,  ჯოჰფურთან მდებარე მე-15 საუკუნის სასახლეში გაიმართა. სხვადასხვა ქალაქიდან 200-მდე სტუმარი 13 თვითმფრინავით ჩაიყვანეს. წვეულთა შორის იყვნენ ევა ჰერციგოვა, ჯორჯო არმანი, ჯენიფერ ლოპესი, დონატელა ვერსაჩე, დემი მური, სარა ფერგიუსონი და... კეიტ მოსი, რომელიც ერთხელ პაპარაცებმა დორონინთან ჩახუტებული დააფიქსირეს! სტუმრებს 500 000 დოლარად სიმღერით დაიანა როსი ართობდა. წყვილმა და სტუმრებმა ჯოჰფურის მაჰარაჯების მდიდრულ რეზიდენციაში დაიდეს ბინა - უზარმაზარი სასახლე უმაიდ-ბჰავანი სამადაა გაყოფილი - მაჰარაჯების საცხოვრისად, სასტუმროდ და ტურისტებისთვის ღია ზონად.

სტუმრებს უძვირესი ინდური დელიკატესებით უმასპინძლდებოდნენ, მთელი ღამე ცას ანათებდა გრანდიოზული ფეიერვერკები. ზეიმს 50 ადგილობრივი პოლიციელი იცავდა, დორონინი კი მშვიდად უყურებდა შავი ავაზის”გიჟობას. თუმცა ნაომის ჩაფიქრებული ზეიმის დასრულება არ დასცალდა - მეოთხე დღისთვის დაგეგმილი "პოლო სპილოებით" ცხოველთა დაცვის ცნობილმა ორგანიზაცია PETA-მ ჩაუშალა, ხოლო გაწამებულმა ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, რომელთაც საშინელი ხმაურის გამო 3 დღე და ღამე თვალზე რული არ მიჰკარებიათ, პოლიციას მიმართეს. საბოლოოდ, ვარსკვლავებმა პოლიციას ზეიმის ერთ-ერთი ორგანიზატორი პერიკი შეატოვეს ხელში, რომელიც მოგვიანებით გირაოთი "გამოისყიდეს", თავად კი ინდოეთი სასწრაფოდ დატოვეს.