ნამდვილი ჯენტლმენი - კვირის პალიტრა

ნამდვილი ჯენტლმენი

"მრავალი წელია, ლომებს ვადევნებ თვალს, მაგრამ მსგავსი არაფერი მინახავს, - ამბობს სამხრეთ აფრიკის ნაკრძალის მცველი ჟან მატეისენი, - მორიგეობისას 7-სულიანი ლომების პრაიდს ჩავუარეთ. უზარმაზარი ხვადი სამ ბოკვერს ეალერსებოდა, მათ შორიახლოს კი მოზარდი ძუ ლომები და ხვადი თამაშობდნენ - მოკლედ, სრული იდილია იყო. მოულოდნელად შამბნარიდან გააფთრებული ძუ ლომი გამოვარდა - მაშინვე მივხვდით, რომ დიდი დავიდარაბის მოწმენი გავხდებოდით.

გამწარებული ძუ ეძგერა მასზე სულ ცოტა, ორჯერ დიდ ხვადს, თავსა და ზურგზე დაახტა და დაუნდობლად დასცხო ტორები ზურგსა და გვერდებში. საკვირველი კი ის იყო, რომ ხვადმა საოცარი თავშეკავება გამოიჩინა - კუნთიც არ შესტოკებია და ნამდვილი რაინდივით დაელოდა, სანამ ძუს ბრაზი არ გაუნელდა", - დასძენს მატეისენი.

სპეციალისტთა განმარტებით, ხვადი ლომები პრაიდში სხვა მამების ბოკვრებს დაბადებისთანავე ხოცავენ. ამიტომ ძუ ლომებს ბოკვრების დაცვა სწორედ ხვადებისგან უწევთ.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ბოკვრები მოჩხუბარი ძუსა და გოლიათი ხვადის საერთო შვილები იყვნენ, დედა ლომმა ინსტინქტურად ვერ აიტანა, რომ მამა ბოკვრებს მის დაუკითხავად და, რაც მთავარია, მის არყოფნაში ეთამაშებოდა.