78 წლის სოფი ლორენის დეკოლტე - კვირის პალიტრა

78 წლის სოფი ლორენის დეკოლტე

ძნელი დასაჯერებელია, რომ სოფი ლორენი 78 წლისაა. ლეგენდარულ მსახიობს მიღებული აქვს თითქმის ყველა არსებული კინოჯილდო - არის კანის, ვენეციის, ბერლინის ფესტივალების გამარჯვებული, 5 "ოქროს გლობუსის" მფლობელი, "ოსკარის" პირველი ლაურეატი "უცხოურენოვან ფილმში ქალის საუკეთესო როლის შესრულებისთვის"... ახლახან სოფიმ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ყველა დროის უდიდესი ვარსკვლავია - რიო-დე-ჟანეიროში  ყველა დაჩრდილა:

ბრაზილიაში "პირელის" 2013 წლის კალენდრის პრეზენტაცია შედგა. მიუხედავად იმისა, რომ ახალი კალენდრის გვერდები სოფის არ დაუმშვენებია, ღონისძიების მთავარ ვარსკვლავად სწორედ ის მიიწვიეს - "პირელისთვის" ფოტოები სუპერვარსკვლავმა 2007 წელს, 72 წლის ასაკში გადაიღო! იგი გახდა ყველაზე ხანდაზმული "მოდელი", ვინც ოდესმე "პირელის" კალენდრისთვის პოზირებდა. მას შემდეგ "პირელისთან" ურთიერთობა აღარ შეუწყვეტია, რადგან რეკლამა, სოფი ლორენის მონაწილეობით, ნებისმიერი საქმის წარმატების გარანტიაა. ეს მართლაც გასაოცარი ქალი მხოლოდ თავისი გამოჩენით ახდენს ფურორს! ბევრს კარგად ახსოვს კომიკური სიტუაცია, როცა რამდენიმე წლის წინ, იტალიაში ქალღმერთად მიჩნეულ სოფის ერთ-ერთ მაღაზიაში შესვლისთვის სხვა მაღაზიის გამწარებულმა მეპატრონემ სასამართლოში უჩივლა "სასტიკად დაჩაგვრისთვის!" გენუის არქიეპისკოპოსმა კი ერთხელ იხუმრა, - მართალია, ვატიკანი ადამიანის კლონირების  წინააღმდეგია, მაგრამ მზად არის გამონაკლისი სოფი ლორენისთვის დაუშვასო.