მსოფლიო შედევრი, რომელმაც 30 წლის წინ საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია - კვირის პალიტრა

მსოფლიო შედევრი, რომელმაც 30 წლის წინ საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია

რეჟისორმა დათო ჯანელიძემ მიხეილ ჯავახიშვილის "ჯაყოს ხიზნების" მიხედვით ფილმი გადაიღო. 30 წლის წინ ამავე ნაწარმოებზე რეჟისორ თემურ ჩხეიძის მიერ დადგმულმა სატელევიზიო სპექტაკლმა საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.მარგოს როლის შემსრულებელი ნანა ფაჩუაშვილი კი მრავალი წლის განმავლობაში კრიტიკის ობიექტი იყო. ამჯერად მარგოს როლი მსახიობმა ნატო მურვანიძემ განასახიერა, თეიმურაზ ხევისთავი  - მწერალმა ზაზა ბურჭულაძემ, ჯაყო კი - მსახიობმა გიორგი ნაკაშიძემ. გადაღება კახეთში მიმდინარეობდა. ფილმის ქრონომეტრაჟი 1 საათი და 37 წუთია. რა პარალელებს ავლებენ ძველსა და ახალ "ჯაყოს ხიზნებს" შორის რეჟისორი დათო ჯანელიძე და მსახიობი ნატო მურვანიძე და რა რეაქციას ელიან საზოგადოებისგან, ინტერვიუდან შეიტყობთ:

დათო ჯანელიძე: - აჟიოტაჟი, რომელიც თემურ ჩხეიძის სატელევიზიო სპექტაკლმა "ჯაყოს ხიზნებმა" ქართველ საზოგადოებაში გამოიწვია, იმჟამინდელი იდეოლოგიის ბრალი იყო. ვითომ ეროტიზმი გააკრიტიკეს, რეალურად კი იდეოლოგიურ მამებს ჯავახიშვილის ამ ნაწარმოებზე ჰქონდათ პრეტენზია.

- თეიმურაზ ხევისთავი ვიზუალურად მიხეილ ჯავახიშვილს მიამსგავსეთ. ეს რატომ გააკეთეთ?

- უბრალოდ, ზაზა ბურჭულაძესა და მიხეილ ჯავახიშვილს შორის დიდი მსგავსება დავინახე, რაც საინტერესოდ მომეჩვენა.

- საზოგადოებამ უკვე აღნიშნა, რომ თქვენი ფილმისგან მეტს ელოდნენ.

- დრო გვიჩვენებს, როგორია ჩემი "ჯაყოს ხიზნები".

ნატო მურვანიძე: - 30 წლის წინ მარგოს გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი პოლიტიკური მდგომარეობით იყო გამოწვეული.

- რატომღაც ბევრს მარგოს როლში ვერ წარმოუდგენიხართ...

- ჩემთვის რთული ის უფრო იყო, როგორ უნდა მეთამაშა მარგოს როლი ნანა ფაჩუაშვილისა და ნანი ჩიქვინიძის შემდეგ. ეს მეტად საპასუხისმგებლო სამუშაო იყო. ვეცადე მარგოს ჩემეული სახე შემექმნა.

- პიკანტური სცენების თამაშმა თქვენც მოგიწიათ...

- სულაც არ ვთვლი, რომ ეს სცენები პიკანტური იყო. ამ ეპიზოდების გარეშე ფილმის გადაღება შეუძლებელი იქნებოდა, რადგან ამას ნაწარმოები მოითხოვს.

- ნანა ფაჩუაშვილის მსგავსად, თქვენც ელოდებით საზოგადოების კრიტიკას?

- კრიტიკას არ ველი, რადგან ახლა სხვა დროა.

ნინო მაისურაძე