რა ღირს დაკარგული ნიჭიერება - კვირის პალიტრა

რა ღირს დაკარგული ნიჭიერება

სოთბის აუქციონზე "ორთაჭალის მეოცნებენი" 200.000 გირვანქა სტერლინგად გაიტანეს

რა ღირს ქართული ნიჭიერება? ჩვენთვის, ქართველებისთვის მგონი, - დიდი არაფერი, - რახან განგებამ, სხვა წყალობასთან ერთად, ესეც გამოიმეტა, გვგონია, ასეც უნდა იყოს. მაგრამ ჩვენ ნიჭის მოფრთხილება არ ვიცით და ისეთ რამეებს მივაგდებთ ხოლმე (ნახეთ, რა დღეში არიან ჩვენი ხელოვანები!), რასაც ხვალ ის ფასი დაედება, შეიძლება ნახევარი საქართველო "გამოგვასყიდვინოს".

რამდენიმე ხნის წინ სოთბის აუქციონმა 200.000 გირვანქა სტერლინგად ქართული ნიჭის სწორედ ასეთი ნაყოფი გაიტანა გასაყიდად! ეს გახლავთ ლადო გუდიაშვილის ფერწერული ტილო "ორთაჭალის მეოცნებენი". ტილოს მფლობელი ეროვნებით რუსია. მის ხელში ნახატი როგორ მოხვდა, ახლა ვინღა გაიგებს (მხატვრის შვილიშვილმა, ქალბატონმა ანანომ - პაპას ბევრი ნახატი მის ახალგაზრდობაში კერძო კოლექციებში მოხვდაო). ისე, შესაძლოა, ნამუშევარი ახლანდელი მესაკუთრის წინაპარმა სულაც პარიზში იყიდა ჩალის ფასად ხელმოკლე ყმაწვილისგან. ეს ყმაწვილი, მერე დიდი მხატვარი, პარიზში 1919-26 წლებში სწავლობდა და დაუსრულებლად ხატავდა. ხატავდა მას, რაც  აფორიაქებული სამშობლოსკენ ექაჩებოდა - ქართული მზით ავსებულ ქართულ ნუშისთვალება ქალებს, ვაზის მტევანზე - ოქროსფრად გადმოკიდებულ მზეს, თოვაში კლდეზე მომლოდინე სალოცავებს, ქეიფს ორთაჭალის ბაღში...  ეს ყველაფერი ისე შეზრდოდა მის ცნობიერებას, როგორც მეტეხს მიწოლილი მტკვარი... პარიზში თვალის დახუჭვაც კი საკმარისი იყო, რომ ყველაფერი მშობლიური ტილოზე ამოზრდილიყო.

"ორთაჭალის მეოცნებენიც" ასე დახატა.

- ორთაჭალის ბაღში გაშლილ მერდინთან წამოწოლილი კინტოები, რომლებსაც, კაცმა რომ თქვას, ქეიფისა და ოცნების გარდა, ბევრი არაფერი ადარდებდათ... ბაღს იქით კი, ჰორიზონტზე - ჩამავალი მზის სევდიანი, ყვითელი შუქი.

ინტერნეტით მიღებული შთაბეჭდილება, რაღა თქმა უნდა, ბევრად უმნიშვნელო იქნება, ვიდრე ორიგინალიდან. ამიტომ, როცა ქართული ხელოვნების ექსპერტს, პროფესორ მაია ციციშვილს სოთბის კომისიამ სთხოვა - იმის დადგენაში დაგვეხმარეთ, ნამდვილად ლადო გუდიაშვილის არის თუ არაო, უპასუხა, - ფოტოდან ამის დადგენა ძნელიაო. მაგრამ ფიქრობს, რომ ნახატი დიდ მხატვარს ეკუთვნის.

გუდიაშვილის თითქმის იდენტური ნახატი თბილისშიც არის, ოღონდ, ცოტა უფრო მუქი ფერებით და  მასზე ორი წამოწოლილი კინტოს უკან, კიდევ მესამე კინტო (რომელსაც ოცნებისთვის თავი დაუნებებია და ჩასძინებია) კი არა, ცხენი დგას.

სოთბის აუქციონზე ქართული შედევრის გამოჩენამ უცხოეთში მყოფი ქართველებიც გაახარა ( ამაზე წერდა ამერიკაში გამომავალი ქართული გაზეთი "ერთობა"). თუ სასწაული მოხდა და აუქციონზე ტილო რომელიმე მუზეუმმა შეიძინა, - მით უკეთესი ჩვენთვის - ეს სიმდიდრე ჩვენი მაინც აღარ არის და მსოფლიომ მაინც იცოდეს, ქართულ გენს რა შეუძლია. ისე კი,  ლადო გუდიაშვილის ნახატებზე სოთბის აუქციონზე ბოლო დროს დიდი მოთხოვნაა, - ევროპას მოსწონს ამ ნახატებში შერწყმული აღმოსავლეთ-დასავლეთი.

გუდიაშვილმა სამშობლოში დიდი სიმდიდრე დატოვა. ყველაზე დიდი ფასი მის რევოლუციამდელ ტილოებს აქვს. "ორთაჭალის მეოცნებენი", სწორედ ამ წლებში უნდა იყოს დახატული - ქართული მზითა და ორთაჭალის ბაღის ხასხასა-მოსევდიანო ფერებით.

ქართველებიც ხომ ასეთები ვართ, - ლაღები და ცოტა მოსევდიანოები.