როგორ შევხვდეთ 2013 წელს? - კვირის პალიტრა

როგორ შევხვდეთ 2013 წელს?

2013 წლის ასტროლოგიური პროგნოზი

2013 წლის სტიქია წყალია, ხოლო ფერი - შავი, ამიტომ, იმ ოთახს, სადაც ახალ წელს ხვდებით და საახალწლო სუფრაა გაშლილი, სხვადასხვა ფერადოვანი ქაღალდებით, ნაჭრებით, გირლანდებითა თუ "წვიმებით" ნუ გადატვირთავთ. სასურველია სჭარბობდეს ლურჯი, რადგან ეს ფერი შავთან ერთად 2013 წლის ფერია.

კარგი იქნება, თუ სათამაშო გველიც გექნებათ. შესაძლებელია ეს ფოტოც იყოს.

საახალწლო სუფრაზე აუცილებლად დადგით როგორც მინერალური, ისე სასმელი წყალი. საახალწლო სუფრაზე თამამად შეგიძლიათ მიიტანოთ ხორცეული, კვერცხი, თევზეული, ძეხვი, ბოსტნეული, ტკბილეული, რძის პროდუქტები.

გამოეწყვეთ ლურჯ, შავ, ცისფერ, მწვანე, თეთრ და კრემისფერებში. კარგი იქნება თუ გაიკეთებთ სამკაულს ლურჯი ფერის ქვით - საფირონს, ასევე ფირუზს. ახალი წლის ღამეს ოჯახის წევრებს ოქროსფერი ლითონის ფული აჩუქეთ და მათ სიმდიდრე, ბარაქა, წარმატება და დღეგრძელობა უსურვეთ.

რას უნდა ველოდოთ 2013 (შავი) გველის წელს

გველის წლისთვის დამახასიათებელია სწრაფი და დინამიკური ცვლილებები, მოვლენების მოულოდნელი განვითარება, ამიტომ, საჭიროა გამჭრიახობის, წინდახედულობის, სიფრთხილისა და მაქსიმალური კონტროლის გამოჩენა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაშვებული შეცდომები არასასიამოვნო შედეგებს მოიტანს.

მსგავსად გველისა, რომელიც კანს (პერანგს) იძრობს და ახალი კანით იწყებს ცხოვრებას, ასევე 2013 წელს ბევრი ადამიანი, ორგანიზაცია, პოლიტიკური პარტია თუ ქვეყანა საკუთარ მიდგომებში მნიშვნელოვან ცვლილებებს განახორციელებს.

2013 წელს ღია დაპირისპირებები ნაკლებადაა მოსალოდნელი და ამას უფრო ინტრიგების, ფარული მტრობის ფორმა ექნება.

ის ადამიანები, რომლებიც ლავირებას, დიპლომატიასა და ტაქტის გრძნობას გამოიჩენენ, უფრო მეტს მიაღწევენ, ვიდრე ხისტი და იმპულსური ადამიანები. გამოჩნდებიან ახალი "სახეები". თუმცა ასევე მოსალოდნელია აქამდე აქტიური პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი მოღვაწეები ახალი კუთხით გააქტიურდნენ ან ახალ ამპლუაში ვიხილოთ, რადგან 2013 წელს ადამიანები გველის მსგავსად "ტყავს შეიცვლიან" და ახალი იმიჯით წარუდგებიან საზოგადოებას.

სახელმწიფოებრივ დონეზე გველის წელიწადი აღსავსე იქნება  უსიამოვნო სიურპრიზებით. არ არის გამორიცხული მოხდეს პარადოქსული კანონების მიღება,  ასევე ბუნდოვანი დაპირებების გაცემა და ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომელთა გამო უბრალო ადამიანები დაზარალდებიან.  თუმცა თუ საქართველოს ხელისუფლება შეძლებს საჭირო ცვლილებების სწრაფად და დინამიკურად განხორციელებას, ხალხის გულსაც მოიგებს.

ვერძი

2013 წლის იანვარსა და თებერვალში წინა წელს დაწყებული საქმეების დასრულება  მოგიწევთ. მარტის I დეკადაში თქვენი დახმარება სხვა ადამიანებს დასჭირდებათ. აპრილის III დეკადიდან გაცილებით მიზანსწრაფული გახდებით.  მაისის ბოლოს და ივნისში გაიზრდება როგორც საქმიანი კავშირების დამყარების, ისე სასიყვარულო ურთიერთობების დაწყების ალბათობა. ივლისის II ნახევრიდან გააქტიურდება ოჯახსა და უძრავ ქონებაზე, სამსახურსა და კარიერაზე ზრუნვა. ივლისის ბოლოსა და აგვისტოში   მოიმატებს დაპირისპირებებისა და კონფლიქტების ალბათობა, ამიტომ, ნუ აჰყვებით ჭორებსა და პროვოკაციებს. ოქტომბრის ბოლოსა და ნოემბერში მოერიდეთ რისკზე წასვლას, განსაკუთრებით, ფინანსებსა და ბიზნესში. დეკემბერში წარმატებას პარტნიორებთან ერთად მიაღწევთ, ამიტომ შეეცადეთ, გადაწყვეტილება მნიშვნელოვან საკითხებზე პარტნიორებთან ერთად მიიღოთ.

კურო

იანვარში წარმატების მიღწევის ალბათობა საკმაოდ მაღალია. თებერვალი შედარებით პასიური იქნება. ნუ იქნებით ხისტი, რათა კონფლიქტურ სიტუაციაში არ აღმოჩნდეთ. მარტის ბოლოსა და აპრილის დასაწყისში ყურადღება და თავშეკავება გმართებთ ფინანსური ოპერაციების და კომერციული გარიგებებისას. აპრილის ბოლოს, შესაძლოა გააქტიურდეს წარსულში დაშვებული შეცდომები. ივლისის ბოლოს და აგვისტოში მოსალოდნელია რომანტიკული ურთიერთობების გაბმა. აგვისტოს ბოლოს და სექტემბერში გაგიჩნდებათ ახალი ვალდებულებები, მოგიწევთ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებაც, რაც დაკავშირებული იქნება კვალიფიკაციის ამაღლებასა და ახალ სამსახურთან. ამ პერიოდში მოსალოდნელია გავლენიანი ადამიანებისგან დახმარების მიღება.  ოქტომბერსა და ნოემბრის I დეკადაში მოგიწევთ უსამართლობასთან ბრძოლა, ამიტომ გადახედეთ თქვენს საქმიან თუ პირად ურთიერთობებს. წლის ბოლოს შეეცადეთ, იყოთ კონცენტრირებული, რადგან ეს საქმიანი პერიოდი იქნება და რამდენად ეფექტურადაც გამოიყენებთ მას, იმდენად წარმატებულად დაიწყებთ 2014 წელს.

ტყუპი

დაიწყეთ წელი აქტიურად, თუმცა რეალური შედეგების მიღება უფრო თებერვალშია მოსალოდნელი. მანამდე კი წინა წლიდან "გადმოყოლილი" პრობლემების მოგვარება მოგიხდებათ. აპრილის IIნახევრიდან მოსალოდნელია ახალი კავშირების დამყარება. არ არის გამორიცხული, აპრილში ან მაისში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამაც მოგიწიოთ. ამავე პერიოდში მოიმატებს თქვენი ოცნებებისთვის ხორცის შესხმის ალბათობა. სექტემბრის II ნახევრიდან მოსალოდნელია ახალი საქმიანი ურთიერთობების დაწყება და ახალი კონტრაქტების დამყარება, რაც დადებითად აისახება თქვენს სამსახურებრივ საქმეებსა თუ ფინანსურ მდგომარეობაზე. სექტემბრის ბოლოს და ოქტომბრის დასაწყისში გაგიჩნდებათ ცხოვრებაში ახალი ცვლილებების შეტანის შანსი, ამ პერიოდში განხორციელებული მნიშვნელოვანი ცვლილებები თქვენს ცხოვრებას დიდწილად უკეთესობისკენ შეცვლის. დეკემბერი შედარებით პოზიტიური იქნება, შესაძლოა, საზოგადოებრივი ან პოლიტიკური მოღვაწეობის ამბიციაც კი გაგიჩნდეთ.

კირჩხიბი

ეს წელი თქვენთვის პროფესიული ზრდისა და წინსვლის პერიოდი იქნება. თუ საჭირო დროს გარისკეთ, მოსალოდნელია, I კვარტალშივე სასიკეთო ცვლილებების განხორციელების შანსი მოგეცეთ. იანვარსა და თებერვალში ურთიერთობა მოგიწევთ სხვადასხვა პროფესიის, კულტურისა და მსოფლმხედველობის ადამიანებთან - ეს შეხვედრები, უმეტეს შემთხვევაში, სასარგებლო და სარფიანი აღმოჩნდება. ივნისის II და III დეკადაში მოსალოდნელია პრობლემები, ყოფითი საკითხები, რაც თქვენგან ბევრ დროს, ენერგიას და რესურსებს მოითხოვს. საინტერესო პერიოდია ზაფხულის II ნახევარი, როდესაც არა მხოლოდ ძველი სასიყვარულო ურთიერთობებისა და საქმიანი კონტაქტების აღდგენის საშუალება მოგეცემათ, არამედ შეძლებთ სრულიად ახლებურად გაიაზროთ შექმნილი რეალობა და ახალი კავშირებიც დაამყაროთ. შემოდგომის დასაწყისში შეეცადეთ ჯანსაღად მიუდგეთ ყველა საეჭვო და სარისკო საკითხს.  დეკემბრის I ნახევარი გლობალურ ჭრილში დაგანახებთ, რამდენად სწორად გამოიყენეთ  2013 წელს რესურსები და რამდენად მომგებიან პოზიციაში იმყოფებით.

ლომი

2013 წელს საკუთარ თავს დააკისრეთ პარტნიორული ურთიერთობების აწყობა-განვითარება, თანამოაზრეებისა და თანამოკავშირეების მოძიება და მათთან საქმიანი თუ პირადი სახის ურთიერთობების აწყობა. წლის I კვარტალში მოგიწევთ გვერდზე გადადოთ ის  მეთოდები თუ პრინციპები, რომლებმაც გასულ წელს წარმატება ვერ მოგიტანათ. აპრილის ბოლომდე შეგეძლებათ გადაჭრათ ის პრობლემები, რომელთა მოგვარება  დიდი ხნის ოცნება იყო.  შემოდგომით მოსალოდნელია ბევრი პროექტის წამოწყება,  რაც თქვენს საქმიანობას, ბიზნესს ან ჰობის უკავშირდება.  შეეცადეთ, თამამად აიღოთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, რადგან ამ დროს მოსალოდნელია ახალი და საინტერესო პერსპექტივების გამოჩენა, პარტნიორული საქმიანობის დაწყება.

ქალწული

2013 წლის განმავლობაში მოგიწევთ ბევრი "ღია" საკითხის დახურვა, გადადებული თუ დაუსრულებელი საქმეების დასრულება. თებერვალსა და მარტში თავს საკუთარი წარსული შეგახსენებთ. არ არის გამორიცხული, მოგიწიოთ დაშვებული შეცდომების გამოსწორებამ, ითხოვეთ პატიება და პირველმა გადადგით ნაბიჯი გართულებული ურთიერთობების დარეგულირებისკენ. აპრილში მოგიწევთ სამსახურთან, ფინანსებსა და ბიზნესთან დაკავშირებული საკმაოდ სერიოზული წინაღობების გადალახვა. შეეცადეთ, მთელი შემოდგომა ორგანიზებული და შეუპოვარი იყოთ. შექმნილი წინაღობები და ყოფითი პრობლემები ნუ შეგაშინებთ. წლის ბოლოს მოერიდეთ ცხოვრებაში სერიოზული ცვლილებების განხორციელებას.

სასწორი

2013 წელს გათავისუფლდებით მომაბეზრებელი ვალდებულებებისა თუ არაფრისმომტანი ურთიერთობებისგან. იანვარში მოგიწევთ პირადი თუ საქმიანი ურთიერთობების გარკვევა, რაც თქვენს გეგმებს პოზიტიურად წაადგება.  ზაფხულის I ნახევარი შედარებით პასიური იქნება, II კი უფრო შემოქმედებითი, რაც საშუალებას მოგცემთ ორიგინალური იდეა მოიფიქროთ. შემოდგომის II ნახევარში მოსალოდნელია სამსახურებრივი წინსვლა და ოჯახურ პრობლემების მოგვარება. დეკემბერში მოსალოდნელია ახალი შემოთავაზებები, თუმცა დათანხმების შემთხვევაში მუხლჩაუხრელი შრომა მოგიწევთ.

მორიელი

ნუ დაუხრით ამ წელს თავს. წლის I კვარტალი დაგეხმარებათ "ახალ ლიანდაგზე" გადაეწყოთ, მოქმედების ახალი გეგმები დასახოთ, არ არის გამორიცხული, ახალი მოკავშირეებიც კი შეიძინოთ. სასიკეთო შედეგებს წლის II ნახევარში მოიტანთ, ამიტომ, ნუ იგრძნობთ უკმაყოფილებას, თუ შედეგებს მაშინვე ვერ დაინახავთ. ზაფხულის ბოლოს გააქტიურდება საკმაოდ პერსპექტიული ტენდენციები, სადაც თქვენი პირდაპირი ჩართვა გახდება საჭირო. ამიტომ, შემოდგომიდან უკვე ბევრ საკითხზე პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება  მოგიწევთ. ოქტომბრის ბოლოდან წლის ბოლომდე როგორც საქმიან, ისე პირად ცხოვრებაში მოვლენები საკმაოდ დინამიკურად განვითარდება და წარმატების მიღწევის მაღალი შანსი გექნებათ.

მშვილდოსანი

2013 წელს და განსაკუთრებით მის პირველ ნახევარს  პოზიტიურს ვერ დავარქმევთ, თუმცა თუ წარსულში დაშვებულ შეცდომებს გაითვალისწინებთ და მათი განმეორებისგან თავს დაიზღვევთ, წლის I კვარტალში 2012 წელთან შედარებით თქვენს მდგომარეობას შესამჩნევად გამოასწორებთ.  ივლისში მნიშვნელოვანი გახდება საქმიანი ინფორმაციის მიღება, მისი დამუშავება და გამოყენება.  წლის ბოლოს მოსალოდნელია ბევრი რამისთვის სხვა თვალით შეხედვამ მოგიწიოთ. მიუხედავად თქვენს ცხოვრებაში შექმნილი რეალობისა, მზად უნდა იყოთ მისი მიღებისა და შექმნილ გარემოებებზე პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებისთვის.

თხის რქა

წლის I კვარტალში  უახლოესი ადამიანების რჩევებს და დარიგებებს ყურადღებით მოუსმინეთ.  მაისში საერთო მდგომარეობა მნიშვნელოვნად გამოსწორდება და გაგიჩნდებათ პოზიტიური ცვლილებების შანსი როგორც ფინანსებში, ისე სასიყვარულო ურთიერთობებში. ივნისსა და ივლისის II ნახევარში დაიწევს თქვენი ენერგეტიკა, ამიტომ, ნუ წამოიწყებთ საეჭვო და ავანტიურისტულ მოქმედებას, ნუ მოაწერთ ხელს იმ საბუთებს, რომლებიც ფიზიკურ-მატერიალური თვალსაზრისით არაფერს გაძლევთ.  კომერციული გარიგებების დროს ყველა საკითხი იურისტთან შეათანხმეთ. შედარებით პოზიტიური იქნება დეკემბრის II ნახევარი, ამიტომ,  მნიშვნელოვანი ცვლილებები სწორედ ამ დროს დაგეგმეთ.

მერწყული

თუ იანვრიდანვე მტკიცედ და ორგანიზებულად დაიწყებთ იმ საკითხებსა და ამოცანებზე მუშაობას, რომლის გადაჭრასაც 2013 წელს აპირებთ, უკვე თებერვლის ბოლოს  პირველ შედეგებს დაინახავთ. აპრილის ბოლოსა და მაისის I ნახევარში ყურადღება გაამახვილეთ უახლოესი ადამიანების საქმიან წინადადებებზე. მაისის  III  დეკადაში მომხდარი ცვლილებები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რადგან დიდწილად მათზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება წლის II ნახევარში მოვლენები. სექტემბერში მოგიწევთ საქმიანი ურთიერთობებისა და კავშირების გადასინჯვა. ნოემბერი მიუძღვენით ერთი შეხედვით, უმნიშვნელო პრობლემების გადაჭრას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რათა წლის ბოლოს მოსალოდნელ პოზიტიურ ცვლილებებს ზედმეტი წვრილმანებისგან თავისუფალი შეხვდეთ.

თევზები

წლის I ნახევარი უფრო პოზიტიური იქნება ოჯახური და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებისთვის. წლის II ნახევარი კი უფრო ხელსაყრელი - სამსახურებრივი წინსვლისთვის. აპრილის II ნახევარში მოიმატებს  სასიყვარულო ურთიერთობებისა და ქორწინების ალბათობა. ივნისი და ივლისი საკმაოდ კარგი პერიოდია ახალი საქმეების, მათ შორის, ბიზნესის წამოწყებისთვის, ასევე სამსახურში ცვლილებების განხორციელებისთვის.  სექტემბრის I ნახევარში სასიკეთო მომენტები შესაძლოა, უსიამოვნო მოვლენებმა შეცვალოს. დეკემბრის I ნახევარი ხელსაყრელი იქნება სხვადასხვა ტიპის გადანაცვლებებისთვის თუ სამსახურებრივი ცვლილებისთვის.