ყველაზე, ყველაზე: წლის რეიტინგი - კვირის პალიტრა

ყველაზე, ყველაზე: წლის რეიტინგი

ყველაზე პოპულარული ვიდეო

ალბათ, სიურპრიზი არავისთვის იქნება, თუ ვიტყვით, რომ წლის ყველაზე პოპულარულ ვიდეოდ კორეული სენსაცია -  PSY-ს Gangnam Style მიიჩნიეს, რომლის Youtube-ის ვერსია მილიარდზე მეტმა ადამიანმა ნახა და შედეგად კლიპი გინესის რეკორდების წიგნშიც კი შეიტანეს. უფრო სახალისო ჩვენი მკითხველისთვის, ალბათ, იმ ამბის გაგება იქნება, რომ Youtube-ის წლის ვიდეოების ათეულში მოხვდა აზერბაიჯანული მეიჰანაც, ანუ სწორედ ის "ტი კტო ტაკოი, დავაი, დასვიდანია!" რომელმაც ასე გაამხიარულა ქართველი საზოგადოება.

Times-ის გამოკითხვის შედეგად წელს ერთობ მოულოდნელი გამარჯვებული გამოვლინდა. ე.წ. ინტერნეტტროლებისა და პროვოკატორების მასობრივი კამპანიის მეოხებით, მკითხველთა გამოკითხვის გამარჯვებული გახდა ჩრდილო კორეის დიქტატორული რეჟიმის ლიდერი, კიმ ჯონგ უნი (იგივე კიმ ჩენ ირი). პირობითად, შეიძლება საბოტაჟიც კი  ვუწოდოთ იმას, რაც ფორუმ 4chan-ისა და მსგავსი საიტების მომხმარებლებმა გააკეთეს - წამოიწყეს კამპანია, რათა Times-ი (რომელიც მათი რწმენით, სნობური საიტია) და მისი გამოკითხვა გაეშარჟებინათ და მკითხველთა წლის რჩეულად ჩრდილოკორეელთა ოდიოზური ლიდერი გამოეყვანათ. როგორც ჩანს, იდეა ბევრს დაუჯდა ჭკუაში და კიმ ჯონგ უნმაც მნიშვნელოვნად გაუსწრო სიაში თავის უფრო დემოკრატიულ მოწინააღმდეგეებს. მიუხედავად ამისა, თიმეს-ი შედეგების გაპროტესტებას არ აპირებს, რადგან, მისი რედაქციის განცხადებით, ისინი პატივს სცემენ საკუთარი მკითხველის თუნდაც ახირებულ არჩევანს.

ყველაზე მაღალანაზღაურებადი მომღერალი ქალბატონები

მიუხედავად უკანასკნელი ხუთი წლის მანძილზე განუწყვეტელი კრიტიკის ქარცეცხლისა და კარიერული დაღმასვლისა, ბრიტნი სპირსმა მოახერხა და წელს მსოფლიო პოპმუსიკაში დაბრუნდა ალბომით Femme Fatale, რის შემდეგაც გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ფორბსი-ს რეიტინგს - "წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მუსიკოსი ქალები" -”სწორედ ის ლიდერობს. საკონცერტო ტურნეებმა და რამდენიმე მილიონი ტირაჟით გამოშვებული ალბომის ელვის სისწრაფით გაყიდვამ სპირსს წელს 58 მილიონი დოლარის მოგება მოუტანა. მეორე ადგილი ტეილორ სვიფტმა დაიკავა 57 მილიონით. ამასთან, სვიფტის სადებიუტო ალბომი ისეთი წარმატებული აღმოჩნდა, რომ გამოსვლიდან პირველივე კვირას მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა. მესამე ადგილს რიანა იკავებს 53 მილიონით. შავკანიანი ლამაზმანი ამ ხუთეულში ყველაზე სტაბილურია: მას შემდეგ, რაც პოპულარობა მოიპოვა, ყოველ წელს ხვდება "ფორბსის" ყველაზე მაღალანაზღაურებადთა ხუთეულში. რიანას 1 მილიონით”ჩამორჩა ექსცენტრული ლედი გაგა, რომელმაც წელს, ორ ჰიტად ქცეულ სინგლთან ერთად, საკუთარი სუნამოს - "Fame" გამოშვებითაც იხეირა. სიას ქეითი პერი ამთავრებს, რომლის მოკრძალებული  45 მილიონიც, "ფორბსის" ექსპერტების აზრით, იმის წყალობით "შეკოწიწდა", რომ მომღერალს ყველა იცნობს.

წლის პერსონა

Euronews-ის წლის პერსონა მალალა იუსაფზაი გახდა. 15 წლის აქტივისტი გოგონა "თალიბანს" დაუპირისპირდა და კინაღამ სიცოცხლეს გამოესალმა - თავსა და მკერდის არეში დაიჭრა. მალალა სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა, თუმცა ახლაც მკურნალობს. გოგონა პაკისტანში "თალიბანის" მოქმედებების გასაპროტესტებლად აქციებს მართავდა და მშობლიურ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვასა და საგანმანათლებლო რეფორმების გატარებას  მოითხოვდა. "საარაკო გამბედაობის ისტორია" - ასეთია Euronews-ზე გამოქვეყნებული სტატიის სათაური, სადაც მალალა წლის პერსონად არის აღიარებული.

ანალოგიურ გამოკითხვაში,  პრესტიჟულმა ჟურნალმა Times-მა 2012 წლის ადამიანად ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა დაასახელა. ჟურნალის გამომცემლებმა მას "ამერიკის სიმბოლო" და "ქვეყნის ახალი არქიტექტორი" უწოდეს.

თიმე-ის აღიარება ამერიკის პრეზიდენტმა უკვე მეორედ მოიპოვა. პირველად იგი წლის პერსონად 2008 წელს დაასახელეს.

ყველაზე სასურველი ქალი

მამაკაცების ჟურნალის, AskMen-ის გამოკითხვით, წლის ყველაზე სასურველ ქალად ჰოლივუდის ამომავალი ვარსკვლავი, 22 წლის მსახიობი ჯენიფერ ლოურენსი დასახელდა. ლოურენსმა ხმათა მცირე რაოდენობით გაუსწრო ჰოლივუდის მეორე ლამაზმანს, უკრაინელ მილა კუნისს. მესამე ადგილი მოდელმა კეიტ აპტონმა დაიკავა. ხუთეულში მოხვდა მომღერალი რიანაც (მე-4 ადგილი), წინა წლის გამარჯვებული, მსახიობი ბლეიკ ლაივლი კი ამჯერად მე-13 ადგილს დასჯერდა.

ყველაზე მდიდარი

"ფორბსის" რეიტინგის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანი ამჟამად მექსიკელი მულტიმილიარდერი კარლოს სლიმია, რომელმაც საკუთარი ქონება ვერცხლის საბადოებითა და მედიაბიზნესით დააგროვა. მიუხედავად იმისა, რომ სლიმის ქონება გასულ წელს 5 მილიარდით შემცირდა, იგი, უკვე მეორე წელია, ლიდერობს მდიდრების სიას 69 მილიარდი დოლარით. მეორე ადგილზეა ინტერნეტ-გურუ და ფილანთროპი, "მაიკროსოფტის" შემქმნელი ბილ გეითსი 61 მილიარდით. მიუხედავად მასშტაბური საქველმოქმედო შემოწირულობებისა, მისი ქონება ამ წელს კიდევ 5 მილიარდით გაიზარდა და კიდევ უფრო მიუახლოვდა პირველ ადგილს, რომელიც თავადვე ეკავა სულ რაღაც 4 წლის წინ. მესამე ადგილზეა მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ინვესტორი უორენ ბაფეტი 44 მილიარდით. ბაფეტის ქონება, ძირითადად  ევროზონის კრიზისის გამო, წელს 5 მილიარდით შემცირდა.

წლის მუსიკოსი

ამერიკულმა ჟურნალმა Billboard-მა, ტრადიციულად, წლის საუკეთესო მუსიკოსები გამოავლინა.

შარშანდელი ნომინაციის გამარჯვებულმა, ბრიტანელმა მომღერალმა ადელმა პირველობა არც ამჯერად დაანება ვინმეს. მეტიც, გამარჯვება ერგო ადელის ალბომსაც "21", რომელიც წლის საუკეთესო ალბომად დასახელდა.

ხუთეულში მოხვდნენ ლედი გაგა, ლილ ვეინი, ქეითი პერი და რიანა. ნომინაციაში "დებიუტანტი" გამარჯვება მოიპოვა ბრიტანულმა ბოი-ბენდმა One Direction, წლის საუკეთესო მუსიკალურ ჯგუფად კი Maroon 5 დასახელდა.

რაც შეეხება წლის სიმღერას, ეს პატივი Billboard-ის რეიტინგების მიხედვით გოტიეს Somebody I Used to Know-ს ერგო.

ყველაზე გავლენიანი

უკვე მეორე წელია,”მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანების”რეიტინგს ამერიკის პრეზიდენტი ბარაქ ობამა ლიდერობს. მეორე ადგილზეა გერმანიის ბუნდესკანცლერი ანგელა მერკელი, რომელსაც კულუარებში ევროკავშირის ძრავას ეძახიან. ამ ძრავას მამოძრავებელი სითხე, წინა წლის ხუთეულში მოხვედრილი საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი, ამჯერად რეიტინგში საერთოდ ვერ მოხვდა. მესამე ადგილი შეინარჩუნა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, რომელიც წელს მესამედ გახდა რუსეთის პრეზიდენტი და მსოფლიოს თავი საფირმო რიტორიკითაც შეახსენა.

წლის ძარცვა

როტერდამის მუზეუმიდან გენიოსი მხატვრების შედევრები მოიპარეს. მუზეუმში შეპარულ ქურდებს მხოლოდ რამდენიმე წუთი დასჭირდათ გოგენის, მატისის, მეიერ დე ჰანის, პიკასოს, ფროიდისა და მონეს შედევრების გასატაცებლად. ეს ძარცვა საუკუნის თუ არა, უკანასკნელი ათწლეულის ძარცვად შეიძლება ჩაითვალოს. მოპარული სურათების საერთო ღირებულება 300 მილიონ ევროს უდრის. მუზეუმის დაცვა და პოლიცია ადგილზე განგაშის სიგნალის ჩართვიდან 5 წუთში მივიდნენ, თუმცა ეს დრო ქურდებისათვის საკმარისი აღმოჩნდა...

ყველაზე ხმაურიანი განცხადება

ამერიკულმა მედიასაშუალებებმა 2012 წლის ხმაურიანი განცხადებების ხუთეული გამოაქვეყნეს.

პირველობა ერგო 52 წლის მსახიობ შონ პენს, რომელმაც ჟურნალ "ესქუაიერთან" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ არც ერთ ყოფილ საყვარელ ქალს ის არ ჰყვარებია.

რეიტინგში მოხვდა ბრიტანელი მსახიობი ჰიუ გრანტიც. იგი ტოქშოუში "60 წუთი" ატირდა დედის გახსენებაზე, რომელმაც 8 წლის ჰიუ და მისი ოთხი და-ძმა მიატოვა.

ჰიპ-ჰოპის ახალგაზრდა ვარსკვლავს, ფრენკ ოუშენს, მესამე ადგილი არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის საჯარო სკანდალურმა აღიარებამ მოუტანა.

მეოთხე ადგილზე გავიდა "ბინდის საგას" ვარსკვლავის, კრისტენ სტიუარტის სახალხო აღიარება - მან ედვარდის როლის შემსრულებელ რობერტ პატინსონს რეჟისორ რუპერტ სანდერსთან უღალატა. "სექსი რუპერტთან გაუმართლებელი, მაგრამ საინტერესო იყო,"- განაცხადა სტიუარტმა.

მეხუთე ადგილი კი სტივენ სპილბერგს ერგო. ჰოლივუდის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული რეჟისორი თურმე მთელი ცხოვრება დისლექსიით (კითხვის უნარის დაქვეითება) იტანჯება.

წლის სამწუხარო ფაქტი

საერთაშორისო პრესის ინსტიტუტის გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2012 წელს მსოფლიოში მოვალეობის შესრულებისას 119 ჟურნალისტი დაიღუპა. ეს რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია მას შემდეგ, რაც 1997 წელს ინსტიტუტმა ჟურნალისტთა შორის ყოველწლიური მსხვერპლის აღრიცხვა დაიწყო. ”წელს დაღუპულ ჟურნალისტთა უმრავლესობა მიზანმიმართული მკვლელობის მსხვერპლი გახდა. ჟურნალისტებისათვის ყველაზე სახიფათო ქვეყნების სიას სირია ლიდერობს, სადაც მიმდინარე სამოქალაქო ომს 36 ჟურნალისტისა და ათეულობით მედიააქტივისტის სიცოცხლე შეეწირა. 16 ჟურნალისტი დაიღუპა სომალიში. ჟურნალისტებისათვის სახიფათო ქვეყნებად ასევე მიიჩნევა მექსიკა, პაკისტანი და ფილიპინები. რეგიონების სიაში პირველი ადგილი შუა აღმოსავლეთს უჭირავს, სადაც წელს 43 ჟურნალისტი დაიღუპა, მეორე ადგილზე კი აფრიკის კონტინენტია, სადაც მთავრობებისა და მედიის დაპირისპირებებს 27 ჟურნალისტის სიცოცხლე ემსხვერპლა.