მკითხველის მაჯისცემა - კვირის პალიტრა

მკითხველის მაჯისცემა

წელსაც, ისევე როგორც ყოველი წლის ბოლოს, რეიტინგი საშუალებას გაძლევთ, თვალი გადაავლოთ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტებს; ტრადიციად ვაქციეთ ამ ფაქტებზე საზოგადოების დამოკიდებულების, შეხედულებების, განწყობების ერთ თემად შეკვრა და თქვენთვის წარმოდგენა.

ჩვენ მთელი წლის მანძილზე ყურს ვუგდებდით თქვენს მაჯისცემას. შეძლებისდაგვარად ვცდილობდით, ყურადღების მიღმა არ დაგვეტოვებინა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი არც ერთი თემა და ერთგული მკითხველისთვის საშუალება მიგვეცა, საკუთარი აზრი დაეფიქსირებინა, განწყობა გამოეხატა.

კიდევ ერთმა წელიწადმა გაიარა მოულოდნელი თუ მოსალოდნელი დაძაბულობით, პოლიტიკური დაპირისპირებებით, საარჩევნო ციებ-ცხელებით, დაპირებებით დატვირთულმა.

გასული 2012 წელი შეგვიძლია გავყოთ არჩევნებამდე და არჩევნების შემდგომ პერიოდებად. წლის ბოლო სამი თვეა, რაც საქართველოს ახალი მთავრობა მართავს. ნდობა კი მართლაც დიდი მიიღო ახალმა მთავრობამ - საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ აირჩია იგი და უზომოდ დიდი პასუხისმგებლობაც დააკისრა. წინა 9 თვე კი იყო ამ არჩევნებისთვის მზადება, დაძაბულობა, პოლიტიკური დაპირისპირება, რომელიც, სამწუხაროდ, ზოგჯერ ყველანაირი ეთიკის ფარგლებს სცდებოდა. დაძაბულობისა და დაპირისპირების კულმინაციად კი პატიმრების არაადამიანური მოპყრობისა და წამების კადრები იქცა, რამაც საბოლოოდ საკმაოდ დიდი გავლენა იქონია არჩევნების შედეგებზე.

ჩვენი მკითხველები საკუთარ აზრს აფიქსირებდნენ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ყველა მოვლენაზე...

მკითხველმა სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში ჩადენილ ქმედებებში ყველაზე მეტად დაადანაშაულა მიხეილ სააკაშვილი და ბაჩო ახალაია. უკვე არჩევნების შემდგომ კი ახალ ხელისუფლებას ურჩია - პირველ რიგში ბაჩო ახალაიას, ზურაბ ადეიშვილისა და დათა ახალაიას პასუხისმგებლობის საკითხი დაეყენებინა.

მანამდე კი, თითქმის მთელი წლის განმავლობაში, მკითხველი აქტიურად ეხმიანებოდა სამთავრობო გადაწყვეტილებებსა თუ მნიშვნელოვან ნაბიჯებს: რესპონდენტთა 60.8%-მა პოლიტიკურ პარტიებზე ზეწოლის მცდელობად შეაფასა პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგი. მიკროავტობუსებში რადიოსიგნალის გათიშვა მკითხველთა 65.0%-მა წინასაარჩევნოდ ინფორმაციის შეზღუდვის მცდელობად შეაფასა. მაია მიმინოშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების მთავარ მიზეზად კი 60.1%-მა პოლიტიკური მოტივი დაასახელა.

ყველაზე ხშირად მაშინ პრეზიდენტს, პარლამენტსა და სახელისუფლებო მედიასაშუალებებს აკრიტიკებდნენ; ყველაზე მეტად კი აღიზიანებდათ ხათუნა კალმახელიძე, დიმიტრი შაშკინი, გოგა ხაჩიძე.

მკითხველთა შეფასებით, ყველაზე ემოციური და გაუწონასწორებელი პოლიტიკოსები არიან: მიხეილ სააკაშვილი, აკაკი ბობოხიძე, შალვა ნათელაშვილი; კონსტრუქციულები და გაწონასწორებულები: ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ალასანია, გიორგი თარგამაძე.

ივნისის თვის გამოკითხვაში, მათი აზრით, საქართველოში ყველაზე გავლენიანი ადამიანები არიან:

მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, ბიძინა ივანიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, გიგა ბოკერია. პრეზიდენტ სააკაშვილის ფავორიტ მინისტრებად კი დაასახელეს: ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, ვერა ქობალია.

ივლისში მკითხველთა 71%-მა განაცხადა, რომ საქართველოში ელიტური კორუფცია არსებობს და მათი აზრით, განსაზღვრება - ელიტური კორუფციის წარმომადგენელი - ყველაზე მეტად გიგი უგულავას, ვანო მერაბიშვილსა და მიხეილ სააკაშვილს შეეფერებათ.

არჩევნებამდე მკითხველმა პრეზიდენტ სააკაშვილის პოლიტიკის ყველაზე საიმედო საყრდენად ვანო მერაბიშვილი, ბაჩო ახალაია და ზურაბ ადეიშვილი დაასახელა, ბიძინა ივანიშვილის ყველაზე ერთგულ თანაგუნდელებად კი - კახა კალაძე, ირაკლი ალასანია და მაია ფანჯიკიძე.

მაშინდელ ხელისუფლებას მკითხველმა უპასუხისმგებლო, დაუნდობელი და არაკომპეტენტური უწოდა.

ყველაზე ძალაუფლებისმოყვარე პოლიტიკოსი მიხეილ სააკაშვილია, მიხეილ სააკაშვილი დაასახელეს მკითხველებმა სექტემბრის თვეში ყველაზე მდიდარ ჩინოვნიკადაც.

მდიდარი ჩინოვნიკების პირველ სამეულში შედიოდნენ ასევე გიგი უგულავა და ვანო მერაბიშვილი.

საქართველოს ხელისუფლება ბიზნესის განვითარებაზე არ ზრუნავს - ასე ფიქრობდა წლის დასაწყისში გამოკითხულთა 54%. წლის დასაწყისშივე მკითხველმა საქართველოში ყველაზე აქტუალურ პრობლემებად დაასახელა: 1. უმუშევრობა; 2. დაკარგული ტერიტორიები; 3. მაღალი გადასახადები.

მკითხველთა 47.4%-მა უარყოფითად შეაფასა თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე ქართული ისტორიული ძეგლების აღდგენის სანაცვლოდ საქართველოში არსებული მეჩეთების მოვლა-რეკონსტრუქცია.

მაისის თვეში მკითხველებმა ყველაზე თავისუფალ მედიასაშუალებად ბეჭდვითი მედია დაასახელეს.

მათი აზრით, ჟურნალისტს პირველ რიგში უნდა ახასიათებდეს: პროფესიონალიზმი, ობიექტურობა, სამართლიანობა, ინტელექტი და პრინციპულობა.

შოუბიზნესის წარმომადგენელთაგან მაშინდელი ხელისუფლების ფავორიტები მკითხველთა აზრით, სოფო ნიჟარაძე, ბუბა კიკაბიძე, ლელა წურწუმია, მერაბ სეფაშვილი და დუტა სხირტლაძე არიან; მათივე აზრით, ხელისუფლება ყველაზე მეტად არ სწყალობდა უცნობს, ზურა მანჯავიძეს, ჯემალ სეფიაშვილს, ეკა კვალიაშვილსა და თამრიკო ჭოხონელიძეს.

ყველაზე სკანდალური ადამიანები არიან: ლალი მოროშკინა, ანრი ჯოხაძე, შორენა ბეგაშვილი, ია ფარულავა, გია სურამელაშვილი.

მთელი წლის განმავლობაში მკითხველთა უმრავლესობა NDI-ს კვლევების შედეგებს არ ენდობოდა! სულ ახლახან, დეკემბრის თვეში ჩატარებული NDI-ს კვლევები კი თითქმის ზუსტად გამოხატავს სხვადასხვა გამოკითხვაში დაფიქსირებულ ჩვენი მკითხველის განწყობებს.

აპრილში მკითხველთა უმრავლესობა (44.8%) აცხადებდა, რომ ადამიანთა ცხოვრების დონე საქართველოში უარესდება.

პარტიისთვის/გაერთიანებისთვის ხმის მიცემისას განმსაზღვრელი, მკითხველთა 41.7%-ისთვის, გუნდია, 47.1%-ისთვის - ლიდერი.

მკითხველთა 76.1%-ის აზრით, თანამდებობის პირთა პერსონალური ინფორმაცია ღია უნდა იყოს. საქართველოში პოლიტიკოსისთვის ყველაზე დიდი სიმდიდრე ხალხის ნდობა, სუფთა წარსული და პოპულარობაა.

მაისში მკითხველთა 91.5%-მა განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებდა. მათი აზრით, არჩევნების დემოკრატიულობის გარანტი უნდა იყოს: საარჩევნო კანონი, ამომრჩევლები, ცესკო. ცესკოს კი ნდობას მხოლოდ მკითხველთა 13.5% უცხადებდა, რესპონდენტთა 60.7% აცხადებდა, რომ არ ენდობა ცესკოს.

აგვისტოში მკითხველთა 56.4%-მა განაცხადა, რომ მისი პოლიტიკური სიმპათია "ქართული ოცნებისკენ" იხრება (რაც არჩევნებში დაფიქსირებულ პროცენტთან ძალიან ახლოსაა, "ქართულმა ოცნებამ" არჩევნებში 54.97% მიიღო). "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" კი მხოლოდ მკითხველთა 10.5%-ის სიმპათიას იმსახურებდა. მკითხველთა 70.9%-მა 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები მეტ-ნაკლებად დემოკრატიულად შეაფასა.

ჩვენი მკითხველებისთვის დემოკრატია, პირველ რიგში, კანონის უზენაესობას ნიშნავს, შემდეგ - ადამიანის უფლებების დაცვასა და სამართლიან არჩევნებს.

"ნაციონალური მოძრაობის" წარმატებული ნაბიჯებია: საპატრულო პოლიცია; ინფრასტრუქტურა/გზები; კრიმინალის აღმოფხვრა.

"ნაციონალური" ხელისუფლების ყველაზე დიდ შეცდომად კი ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვა, საზოგადოებრივი აზრის უგულებელყოფა და ელიტური კორუფცია დაასახელეს. მათი აზრით, ეს ის შეცდომებია, რამაც "ნაციონალურ მოძრაობას" საკუთარი ხალხის ნდობა დააკარგვინა.

მათი აზრით, საქართველოს ახალი მთავრობა ქვეყანაში სამართლიანობის დამკვიდრებას შეძლებს. ახალი მინისტრთა კაბინეტის წევრთაგან მკითხველის კეთილგანწყობას ყველაზე მეტად ირაკლი ალასანია და ირაკლი ღარიბაშვილი იმსახურებენ. ხელისუფალ ქალბატონთაგან კი - თეა წულუკიანი, მაია ფანჯიკიძე და მანანა კობახიძე.

წინა მთავრობის მაღალჩინოსანთა დაკავების ფაქტებს მკითხველთა მხოლოდ 2.4% აფასებს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად, 88.0% კი - კანონის შესაბამის მოქმედებად. გახმაურებულ დანაშაულთაგან მკითხველთა უმრავლესობა პირველ რიგში ზურაბ ჟვანიას მკვლელობის, გირგვლიანის საქმისა და გურამ შარაძის მკვლელობის გამოძიებებს ელოდება.

94.6%-ის აზრით, პარლამენტი თბილისში უნდა იყოს.

მიუხედავად იმისა, რომ მკითხველების აზრით, ფართომასშტაბიანი ამნისტიის შემთხვევაში საქართველოში დანაშაულის დონე ნაწილობრივ გაიზრდება (50.7%), მკითხველთა 54.4% ფართომასშტაბიანი ამნისტიის მომხრეა.

შენობა, რომელიც ყველაზე მეტად არ უხდება თბილისს, მკითხველის აზრით, "შანგრილაა"; თბილისს ასევე ამახინჯებს საკონცერტო დარბაზი რიყის პარკში და ბუდა ბარი - რიყეზე. ყველაზე ლამაზი შენობებია: ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის შენობა, თსუ პირველი კორპუსი, რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობა.

საქართველოში ტურისტებისთვის ყველაზე მიმზიდველი მხარე სვანეთია,  შემდეგ - აჭარა და კახეთი. მკითხველი საქართველოს კურორტებზე ყველაზე მეტად ისურვებდა: ფასების შემცირებას, მომსახურებისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას.

შესაძლებლობა რომ ჰქონდეთ, ჩვენი მკითხველები ყველაზე მეტ ფულს უძრავ ქონებაში, განათლებასა და ქველმოქმედებაში დახარჯავდნენ.

როგორც ყოველთვის, წელსაც წლის ბოლოს "კვირის პალიტრამ" წლის ადამიანი დაასახელა. ეს ტიტული ბიძინა ივანიშვილმა დაიმსახურა.

წლის ადამიანებს სხვადასხვა სფეროში ვებგვერდი ამბები.გე-ც ასახელებს. ხმის მიცემა დაწყებულია! 2012 წლის 31 დეკემბერს რადიო "პალიტრის" საახალწლო ეთერში თქვენს რჩეულებს გადაეცემათ "პალიტრა L"-ის სასაჩუქრე გამოცემები.