2012 წლის რეკორდები - კვირის პალიტრა

2012 წლის რეკორდები

პლანეტის შეიარაღებული ძალების ისტორიას არ ახსოვს უმაღლესი წოდების ასე მყისიერად მინიჭების ფაქტი... "მოკრძალებული" ჩრდილოკორეელი გენერალი, ქვეყნის ყოფილი მეთაურის კიმ ჩენ ირის ვაჟი ტანკში ჩაძვრა, ცოტა ხანს თვალი ადევნა სახმელეთო ქვეითი ჯარის სწავლებებს და... "დიდ მხედართმთავართა შორის უდიდესი" გახდა. თუმცა უცნობია თუ რამდენი ვარსკვლავით შეფასდა მისი ახალი სამხედრო წოდება.

დედოფალ ელისაბედის 60-წლიანი მმართველობის აღსანიშნავად მდინარე ტემზაზე ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე დიდმა ფლოტილიამ - ათასმა გემმა - გაიარა. მათგან უძველესი XVIII საუკუნის დასაწყისშია აგებული.

ლონდონში რუსი ოლიგარქების - რომან აბრამოვიჩისა და ბორის ბერეზოვსკის სასამართლო პროცესი ამ უკანასკნელის წაგებით დამთავრდა, თუმცა მისმა ადვოკატებმა გვარიანად იხეირეს და სარეკორდო ჰონორარი - 8 მლნ გირვანქა სტერლინგი ჩაიჯიბეს...

2012 წლის მაისის დამლევს ათენის სასამართლომ დაგვიანებული ამნისტია გამოაცხადა - დიდი ბერძენი ფილოსოფოსი სოკრატე, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 399 წელს დასაჯეს, თითქმის 2 500 წლის შემდეგ გაამართლეს...

ასე რომ, გჯეროდეთ! - სამართალი ადრე თუ გვიან აუცილებლად ჭამს პურს!

სეზანის ნახატი, "ბანქოს მოთამაშეები", არაბმა შეიხებმა 250 000 000 დოლარად შეიძინეს. ამერიკელმა ქალბატონმა კი, დაკარგულად მიჩნეული რენუარის ტილო ყველაზე მოკრძალებულ ფასად, 7 დოლარად სადღესასწაულო ბაზრობაზე შეიძინა. საგულისხმოა ისიც, რომ მყიდველს ნახატის ჩარჩომ მოსტაცა თვალი, თავად ტილოს კი გადაგდებას უპირებდა, სანამ დედამ არ ურჩია, ნახატი, ყოველი შემთხვევისათვის, ექსპერტებისთვის ეჩვენებინა...

"ბარსელონას" თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ 1972 წელს გერდ მიულერის მიერ დამყარებული რეკორდი მოხსნა - სეზონში 91 გოლი გაიტანა. ამან ისე გადარია "ბარსას" ხელმძღვანელობა, რომ თავისი ფორვარდი 250 მლნ ევროდ შეაფასეს და ამით "ვაჭრებს" მიანიშნა - ნაკლების შემოთავაზება არავინ გაბედოსო!

მიუხედავად საარაკო ფასისა, მესის "მყიდველი" მაინც გამოუჩნდა. ერ\თ-ერთმა რუსულმა, კლუბმა, როგორც ამბობენ, "ბარსელონას|" მო\თხოვნილი თანხა შესთავაზა, მესის კი - წლიურად 30 მლნ დოლარი, თუმცა ამ წინადადებას არც კლუბი დათანხმდა და არც არგენტინელი გენიოსი.

ლონდონის ოლიმპიადაზე ამერიკელმა მოცურავემ, მაიკლ ფელპსმა ოლიმპიადების მსოფლიო რეკორდი დაამყარა, ოთხ ოლიმპიადაზე 22 ოქროს მედალი მოიპოვა და ამით  თავის სპორტულ კარიერას წერტილიც დაუსვა.

"მსოფლიო მოვიარე, მაგრამ აუზებისა და სასტუმროების გარდა, არაფერი მინახავს. ახლა კი მოგზაურობას ვიწყებ!", - განაცხადა ოლიმპიურმა ჩემპიონმა.