წლის ყველაზე ხმაურიანი განქორწინებები - კვირის პალიტრა

წლის ყველაზე ხმაურიანი განქორწინებები

ცნობილია, რომ ვარსკვლავური ქორწინებები ხშირად კრახით მთავრდება. ამის მიზეზი ზოგჯერ ღალატი, ზოგჯერ კი პარტნიორების "ვარსკვლავურ რანგებს" შორის მზარდი განსხვავებაა. გამონაკლისი ამ მხრივ არც 2012 წელი აღმოჩნდა. მეტიც, ქვეყნიერების სავარაუდო აღსასრულის წელს ისეთი ოჯახებიც კი დაინგრა, რომელთა სიმტკიცეშიც მანამდე არავის ეპარებოდა ეჭვი. მაშ ასე, 2012 წლის ყველაზე ხმაურიანი განქორწინებები გახლდათ:

ტომ კრუზისა და კეიტ ჰოლმსის ოჯახი ჰოლივუდში სანიმუშოდ იყო მიჩნეული. ჰოლმსი ქმარზე ყოველთვის აღფრთოვანებული ლაპარაკობდა, კრუზი კი იფიცებოდა, - როგორც იქნა, კეიტთან საკუთარი თავი ვიპოვეო. თუმცა ეს ყველაფერი როგორც ჩანს, საკმარისი არ აღმოჩნდა და ივნისში ჰოლმსმა განქორწინებაზე განაცხადი შეიტანა. მათი განქორწინების სასამართლო პროცესი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი აღმოჩნდა ჰოლივუდის ისტორიაში, თუმცა განქორწინების მიზეზების გახმაურებას ჯერ არ ჩქარობენ.

არანაკლებ მოულოდნელი იყო ჯონი დეპისა და მომღერალ ვანესა პარადის განშორება.

მათი ოჯახი ჰოლივუდში იდეალურად მიაჩნდათ, ჯონისა და ვანესას სასიყვარულო ურთიერთობამ ხომ ჰოლივუდისთვის გასაოცრად დიდხანს, მთელი 14 წელი გასტანა. ისინი ოფიციალურად დაქორწინებულნი არ ყოფილან, მიუხედავად ამისა, მსახიობმა გადაწყვიტა, ყოფილი პარტნიორისთვის 100 მილიონი გირვანქა სტერლინგის ოდენობის კომპენსაცია გადაეხადა.

მთელი მსოფლიო გააოგნა არნოლდ შვარცენეგერისა და მარია შრაივერის განქორწინებამ. თურმე მსახიობობიდან პოლიტიკაში გადაბარგებული კალიფორნიის გუბერნატორი ცოლს წლების მანძილზე მოახლესთან ღალატობდა. შრაივერის მოთმინება კი, როგორც ჩანს, მაშინ ამოიწურა, როდესაც მოახლემ არნის ბავშვიც გაუჩინა.

დღენაკლული აღმოჩნდა სკანდალურობით ცნობილი წყვილის, კომიკოს რასელ ბრენდისა და მომღერალ კეიტ პერის ქორწინება. 14-თვიანი თანაცხოვრების შემდეგ რასელმა დანანებით აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ კეიტი მისი ოცნების ქალია, მათი დაშორება გარდაუვალი იყო. სამაგიეროდ, კეიტმა, როგორც ჩანს, განშორება ადვილად გადაიტანა და განქორწინებიდან ორი თვის შემდეგ MTV-ს სკანდალური ინტერვიუ მისცა, სადაც ყოფილი მეუღლის მამაკაცურ უნარიანობაზეც წაიოხუნჯა.

დეპისა და პარადის განშორებაზე არანაკლები სენსაცია აღმოჩნდა მომღერალი წყვილის, ჯენიფერ ლოპესისა და მარკ ენტონის განქორწინება. ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც წყვილს შორის გაჩენილი ბზარი ყველაზე გამჭრიახმა პაპარაციმაც კი ვერ შენიშნა: სულ რაღაც 2 თვის წინ წყვილი ერთმანეთის მზეს იფიცებდა. მარკი კი აცხადებდა, რომ მეუღლე და ოჯახი მისთვის უმთავრესია. წყვილმა განშორების დეტალები არ გაახმაურა, თუმცა ერთმანეთის მიმართ ჯეი ლომ და მარკ ენტონიმ თბილი სიტყვები არ დაიშურეს.

მეუღლეს გაშორდა "ყველაზე სიმპათიური ექიმი უოტსონიც", ანუ მსახიობი ჯუდ ლოუ. მოდელმა და მომღერალმა სედი ფროსტმა ლოუს 2 შვილი გაუჩინა, თუმცა, როგორც თავად აცხადებს, ”ბოლოს და ბოლოს, ვეღარ აიტანა მეუღლის მხრიდან განუწყვეტელი უყურადღებობა” და სასამართლოს მიმართა. ფროსტმა სასამართლოში საქმე განქორწინების გარდა, მეუღლის მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლის ბრალდებით აღძრა. რაც შეეხება თავად მსახიობს, მისთვის ეს უკვე მეორე განქორწინებაა. 2 წლით ადრე ლოუ თავისივე კოლეგას, მსახიობ სიენა მილერს დაშორდა, რადგანაც, მას თუ დავუჯერებთ, სიენას ცხოველებს ჭკუიდან გადაჰყავდათ.