მოხუცი და დუმფარები - კვირის პალიტრა

მოხუცი და დუმფარები

ეს ფერწერული ტილო ყველაზე საოცარი ქმნილებაა იმ 60 ტილოსგან შემდგარ სერიაში, რომლებიც მონემ თავის დუმფარებიან ტბორს მიუძღვნა.

ამ საოცარ ნახატზე ვარდისფერი და ყვითელი დუმფარების გროვები მუქი ლუჯი, მწვანე და იისფერი წყლის ზედაპირზე ტივტივებს. ეს დიდი კვადრატული ტილო (2X2 მ) რევოლუციური მიდგომაა კომპოზიციისადმი - მონე უარყოფს "ჰორიზონტის" დამკვიდრებულ ცნებას და ბუნების აღწერაში თავის ნაბიჯს დგამს აბსტრაქტული ფერწერისკენ. დუმფარებს ნახატის კიდეები მკვეთრად ჭრის, რაც აძლიერებს შთაბეჭდილებას, რომ ნახატი რაღაც დიდის მხოლოდ ნაწილია.

"შთაბეჭდილების მხატვრებს", ანუ იმპრესიონისტებს შორის მონე ერთადერთი გამოდგა, ვინც დიდება სიცოცხლეში მოიპოვა. კლოდ მონე იმპრესიონიზმის პიონერიც იყო და უკანასკნელი მოჰიკანიც: იმპრესიონისტთაგან მან ყველაზე დიდხანს - 86 წელი იცოცხლა. მისი ცხოვრების ბოლო წლებში ფერწერის ახალი მიმართულებებიც გაჩნდა: ფოვიზმი, ფუტურიზმი, ექსპრესიონიზმი... მართალია, ისინი პატივს სცემდნენ მოხუცს, მაგრამ აღარ მისდევდნენ, მისი ნახატები ზედმეტად "მიწიერად" მიაჩნდათ! მისი სურათები, რომელთა დასაკუთრებასაც მონეს სიცოცხლის ბოლო წლებში უკვე მსოფლიოს ნებისმიერი მუზეუმი ნატრობდა, წარსულს უფრო ეკუთვნოდა, მაგრამ იმ "წარსულს", რომელიც ფერწერის ისტორიის უკაშკაშესი მომენტი იყო!

სხვა იმპრესიონისტების მსგავსად, მონეც მარტოობისკენ მიილტვოდა. 1890 წლიდან მეორე ცოლთან - ალისა ოშედესთან, მის 6 და საკუთარ 2 შვილთან ერთად პატარა ქალაქ ჟივერნიში დასახლდა. რაკი მხატვარს სახელთან  ერთად ფულიც  ემატებოდა, მან მამული გააფართოვა და საშუალება მიეცა, დიდი ხნის ოცნებისთვის შეესხა ხორცი - ბაღი გაეშენებინა: ალვები და კვიპაროსები მაღლა გადაჭრა და ზედ ხვიარა მცენარეები მიუშვა, რითაც ყვავილების თალარი შექმნა ჭიშკრიდან სახლამდე. ბაღის მეზობლად დაჭაობებული ნაკვეთი იყიდა და დააშრო, მერე კი პატარა არხიც გამოიყვანა მდინარე ეპტიდან, რითაც ხელოვნურ ტბორს წყლით ასაზრდოებდა. ტბორის თავზე მონემ პატარა იაპონური ხიდი ააგო, საიდანაც გლიცინიების თეთრი და იასამნისფერი გირლანდები იყო გადმოკიდებული... ტბორში ყველა სახეობის დუმფარა დარგო, ნაპირები კი ათასნაირი პატარ-პატარა ყვავილით მორთო. ყვავილების თესლი იაპონიიდან ჩამოჰქონდა საგანგებოდ მისთვის ერთ იაპონელ კოლექციონერს.

სწორედ ამ თემაზე შექმნილი ასობით ეტიუდი და ათობით ტილო წარმოადგენს იმ საგანძურს, რომელიც ყველაზე დიდ აღტაცებას იწვევს გენიოსის შემოქმედებაში.

მონეს გარდაცვალების შემდეგ ბაღი მცირე ხნით გაუდაბურდა, მაგრამ ფრანგი და ამერიკელი მეცენატების დახმარებით კვლავ აღდგა და სახელგანთქმულიც გახდა - მონეს ახლო მეგობარი ჟორჟ კლემანსო წერდა: "კლოდ მონეს ბაღი თავისუფლად შეგვიძლია მის ერთ-ერთ ნაწარმოებად ჩავთვალოთ".

სწორედ კლემანსო იყო ის, ვინც მოხუც გენიოსთან 1918 წლის 18 ნოემბერს ჟივერნიში ჩავიდა, რათა 78 წლის მეგობრისთვის, რომელსაც იმპრესიონიზმის დასაბამიდან, ანუ 60-70-იანი წლებიდან ათწლეულების მანძილზე ლანძღავდნენ, ეხარებინა დიდი ხნის ნანატრი გამარჯვება - სახელმწიფო კომისიამ მიიღო მისი უსაყვარლესი "დუმფარები"...…