ბებიამ შვილიშვილები ცეცხლს გამოსტაცა - კვირის პალიტრა

ბებიამ შვილიშვილები ცეცხლს გამოსტაცა

ფოტოებზე გამოსახულია ჰოლმსების ოჯახი - ბებია და 5 შვილიშვილი, რომლებიც ცეცხლში გახვეული სახლიდან გამოცვივდნენ და დაბნეულები ახლომდებარე ხიდზე აღმოჩნდნენ. თუმცა, ბებია მალევე მიხვდა, რომ ცეცხლის ალი არც იქ დაინდობდა და სასოწარკვეთილებს ისღა დარჩენოდათ, წყლისთვის შეეფარებინათ თავი. ბებიამ პატარებს ხელი დასტაცა და მდინარეში ჩაყარა... როგორც იქნა, ბავშვების ყვირილმა მაშველებამდეც მიაღწია...

რამდენიმე კვირაა, რაც ავსტრალიაში გამანადგურებელი ხანძარი მძვინვარებს. ხანძარი ათასობით ჰექტარზეა მოდებული, ცეცხლთან ბრძოლას ჯერ შედეგი არ გამოუღია. ხანძარი საძოვრებზეც გავრცელდა და, ადგილობრივი მედიის ცნობით, ათასობით პირუტყვი შეიწირა. ცეცხლმა შთანთქა საცხოვრებელი სახლებიც. სტიქია ჯერაც არ ცხრება, რის გამოც ხალხი სახლში დაბრუნებას ვერ ახერხებს. გვალვის შედეგად გამოწვეული ხანძარი ავსტრალიაში ახალი არ არის, თუმცა ამჯერად მან არნახულ მასშტაბს მიაღწია. სახანძრო სამსახურები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ. ქვეყნის პრემიერმა ჯულია გილარდმა მოსახლეობას მიმართა. მან დაამშვიდა თანამემამულენი, მადლობა გადაუხადა მეხანძრეებს სიმამაცისა და თავდადებისთვის, ხანძრისგან დაზარალებულებს კი აღუთქვა, რომ სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს მათ დასახმარებლად.