სიყვარულს რას გაუგებ... - კვირის პალიტრა

სიყვარულს რას გაუგებ...

გინესის რეკორდსმენმა - ბრაზილიის ქალაქ სალინოპოლისში მცხოვრებმა მსოფლიოში ყველაზე მაღალმა გოგონამ, 2 მ და 6 სმ სიმაღლის 17 წლის ელისანი-და-კრუს სილვამ გულის სწორი იპოვა!

22 წლის ფრანჩინალდო შეყვარებულზე 50 სმ-ით დაბალია.

მიუხედავად ამ მეტად თვალში საცემი განსხვავებისა, წყვილს ეს სულაც არ ადარდებს. სიამოვნებით დასეირნობენ ხელიხელჩაკიდებულები და ერთმანეთს შეხარიან, თუმცა მიჯნურის საკოცნელად გოგონას დახრა უწევს.

სილვას გიგანტიზმი გამოიწვია ჰიპოფიზის სიმსივნემ, რომელიც ექიმებმა მას 2 წლის წინ ამოჰკვეთეს. ოპერაციის  შემდეგ გოგონამ ზრდა შეწყვიტა, თუმცა მაინც რეკორდის მფლობელად დარჩა.

სილვას მიაჩნია, რომ მისი შეყვარებული ყველაზე გულღია და მხიარული ადამიანია. ფრანჩინალდო კი ამბობს, რომ სატრფო არა მარტო მთელ ქვეყანაზე ყველაზე ლამაზი და გონიერი, არამედ გასაოცარი გოგონაცაა, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ მძიმე ხვედრი ერგო, მაინც კეთილ და საყვარელ გოგონად დარჩა.

სხვათა შორის, სილვა მოდელობაზე ოცნებობს, თუმცა, ბრაზილიის სამოდელო სააგენტოები მის დასაქმებას არ ჩქარობენ...